შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - თეა ახვლედიანმა, უწყების ინიციატივით დაარსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია.

საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა გააზიარეს მოსაზრებები იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ, რაც სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანობის გაძლიერებას მოემსახურება. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პლატფორმის ფარგლებში თემატური შეხვედრების გამართვის და მათი რაოდენობის გაზრდის აუცილებლობას, რაც საკითხებზე თვისებრივი და დროული განხილვის შესაძლებლობას მისცემდა მონაწილეებს. ასევე, აღნიშნა თემატურ შეხვედრებში სხვადასხვა დარგობრივი უწყების ჩართვის შესახებ, რაც სამოქალაქო სექტორის მიერ სამშვიდობო ინიციატივების ირგვლივ წამოჭრილ საკითხებზე და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებზე სათანადო და დროული რეაგირების ხარისხს გაზრდიდა.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაიმართა გაეროს ღია კარის დღე, რომელიც გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის წარმართვასა და ადგილებზე არსებული საჭიროებების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ემსახურება.

შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოდგენილი იყო დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ლიდერ ქალებთან, რომლებთან ერთად, ქალების გაძლიერებასა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში მათ აქტიურ ჩართვაზე წლებია, მუშაობს.

საქველმოქმედო-პუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით ქალთა ფონდი „სოხუმი“ ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დევნილთა თემებში ლიდერი აქტიური ქალების გამოკვეთას და მათ მომზადებას სათანადო უნარებით.

პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკსა და ზუგდიდში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩა 15-15 ლიდერი ქალი, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგები ქალთა ლიდერობის და ადვოკატირების საკითხებზე.

ონლაინ რეჟიმში ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი ეძღვნებოდა თემას: გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში. ტრენინგს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია უძღვებოდა.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ომისა და კონფლიქტების დროს გენდერული ძალადობის ტიპიურ ფორმებს და იმსჯელეს ქალებსა და გოგონებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, შეიარაღებული/ძალადობრივი კონფლიქტების პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენაზე.

ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ფსიქოთერაპიული სესიები - ერთ-ერთი ნაწილია იმ დახმარების, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია უწევს უკრაინიდან ლტოლვილებს.

ამ ადამიანებთან ნოემბერში აქტიურად მუშაობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე. დევნილთა ფსიქორეაბილიტაციის მრავალწლიანი გამოცდილება ეხმარება მას, კარგად შეიგრძნოს უკრაინელთა განცდები. ისიც, ვისთან რა მეთოდით უმჯობესია მუშაობა. ამიტომაც გამოხატავენ ბენეფიციარები კმაყოფილებას მასთან ურთიერთობით.

6 ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ ფსიქოლოგთან თვის განმავლობაში, 18-მა ადამიანმა მიიღო კონსულტაცია. სამი კი ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ სესიებს ესწრება.

როგორც თავად ამბობენ, ქუთაისში მცხოვრები უკრაინელებისთვის ეს დიდი მხარდაჭერაა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბევრი პრობლემა აქვთ ჩვენთან ჩამოსულ უკრაინელებს. ვაუჩერებით დახმარება, რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს, კარგი დახმარებაა მათთვის. მაგრამ სხვა კუთხითაც ხდება მხარდაჭერა: 2 ოჯახს კომუნალური გადასახადები დაუფარეს, 7 ოჯახს ბინის ქირის გადახდაში დაეხმარნენ, ერთს კი ტელეფონის საფასური  დაურიცხეს.

ერთ-ერთ ონკოპაციენტს 400 ლარის მედიკამენტი შეუძინეს. მეორეს ექიმთან კონსულტაციის თანხა გადაუხადეს.

ტყიბულში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ლტოლვილმა გასათბობი მოწყობილობის შეძენაში ითხოვა დახმარება და ეს საკითხიც მალე მოგვარდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბოლო თვეებში უკრაინელები ვაუჩერებს იღებენ ქალთა ფონდ „სოხუმში“. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით გაიცემა ერთი, ორი ან სამი ასლარიანი ვაუჩერი. ვაუჩერით მათ ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ საჭირო პროდუქტების შეძენა. როგორც უკრაინელები აღნიშნავენ, ეს სისტემა მოსახერხებელი და პრაქტიკულია.

ნოემბერში 32 ოჯახს გაეწია ვაუჩერებით დახმარება. ახლა ჩვენს მონაცემთა ბაზაში 370 ადამიანია - ვინც ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობს. ამ თვეში 13 ახალი ადამიანი დაემატა.

მართალია, ჩვენი ორგანიზაცია უკრაინელ ლტოლვილთა ბევრ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს თანადგომას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ალკოჰოლის და ნარტკოტიკის მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოზარდებში--ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი  ადვოკატირების პროცესის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე მუშაობს.

როგორ მივაწოდოთ სწორად ინფორმაცია ახალგაზრდებს - ამ საკითხზე ფსიქოთერაპევტმა, ნარკოლოგმა ვახტანგ სიხარულიძემ ისაუბრა.

მონაწილეების თქმით, აუცილებელია მსგავსი შეხვედრები სკოლებშიც ტარდებოდეს.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის შეხევდრაზე კი  წევრებმა ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ მიიღეს.  მონაწილეებმა დასახეს სხვადასხვა აქტივობები, რომლებსაც კლუბი კამპანიის ფარგლებში განახორციელებს.

კიშინიოვში (მოლდოვა) ეკატერინე გამახარია, ქალთა ფონდის „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მოლდოვის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან შექმნილ ქალთა მრჩეველთა საბჭოს (WAB) წარმომადგენლებთან არაფორმალურ სადისკუსიო სესიას გაუძღვა. სესია გაიმართა Folke Bernadotte Academy (FBA) და UN Women-ის მხარდაჭერით, როგორც ვორკშოპის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოს წევრთა ადვოკატირების და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

არაფორმალური სადისკუსიო სესიის დროს, ეკატერინემ ქალთა საბჭოს წევრებს საქართველოს სამშვიდობო პროცესებში ადგილობრივი ქალი-აქტივისტების ჩართულობის გამოცდილება გაუზიარა და დეტალურად მიმოიხილა სამშვიდობო მოლაპარაკებების დელეგატებსა და ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დინამიკა, არსებული მიღწევები და გამოწვევები. სესია საკმაოდ ინტერაქტიულ და ღია რეჟიმში მიმდინარეობდა.

„მჯერა, გამოცდილების გაზიარების და ცოდნის გაცვლის სარგებლიანობის. შეხვედრამ დამარწმუნა, რომ მოლდოველ და ქართველ სამშვიდობო აქტივისტ ქალებს შეუძლიათ ისწავლონ ერთმანეთისგან, გააძლიერონ ერთმანეთი და გააერთიანონ ძალისხმევა ინკლუზიური მშვიდობის შენების გზაზე“, - აღნიშნა ეკატერინემ თავისი ვიზიტის შესახებ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები