ვანის მერიის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებისთვის ჩატარდა ვორკშოპი.

მონაწილეებმა იმსჯელეს თითოული წევრის ვალდებულებებზე, რაც აუცილებელია კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის. განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული ქეისების  მართვაში.

აღინიშნა, რომ გადასახედია შემადგენლობა და მეტი აქტიურობისთვის დასამატებელია წევრები. ასევე დაფიქსირდა, რომ კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ძალადობის ფაქტების პრევენციას და დაზარალებულების დროულ დახმარებას.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია რაოდენობრივი კვლევის "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" დაწყების შესახებ. ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა მოვალეობები, რის შემდეგაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს ონლაინ კითხვები გადაეგზავნათ.

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი  სამშვიდობო სტრატეგიის მიხედვით განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს.შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნეს ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესში და ახალი ღონისძიებები დაგეგმეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დაკვეთით ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ქალთა გენდერული საჭიროებების კვლევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და გამოსცა კვლევის ანგარიში. კვლევა მიზნად ისახავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის შეგროვებას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებზე. მოპოვებული ინფორმაცია საფუძვლად დაედება მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის უფრო ეფექტიანი განხორციელების ღონისძიებებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პირდაპირი სამიზნე ჯგუფების საჭიროებები, ხედვები და პერსპექტივები. კვლევის დასკვნებზე დაყრდნობით გაკეთდა რეკომენდაციები.

 

2023 წლის საანგარიშო შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ დამფუძნებელმა ალლა გამახარიამ იმ წლების და წარსულის გახსენებით დაიწყო, რომელმაც  26 წლის მანძილზე, ჩვენი მოღვაწეობის წარმატება განაპირობა

დღეს ქალთა ფონდი ,,სოხუმი" ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციაა არასამთავრობო სექტორში. ის მუშაობს 10 მუნიციპალიტეტში და აქვს წარმომადგენლობა თბილისში.

შემაჯამებელ შეხვედრაზე წლის მანძილზე სხვადასხვა მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს: ეკატერინე გამახარიამ, ლელა ჯალაღონიამ, ნინო ჭაბუკიანმა, ხათუნა გოგუამ, თეა თორინავამ, ემა კამკიამ, თეა გოლეთიანმა, მერი გელაშვილმა, გურანდა გვანცელაძემ, ლალი გახარიამ და თამარ კუხალაშვილმა.

ამ გამოსვლებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორი ნაყოფიერი და შედეგიანია ჩვენი აქტიური მუშაობა ქალებთან, ახალგაზრდებთან, სხვადასხვა უწყებასთან...

სასწავლო პროექტები ქალთა ფონდი „სოხუმის“ განსაკუთრებული ხელწერაა. ქუთაისის ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილი ქალები ახალ უნარებს დაეუფლნენ.

მათ მიიღეს კომპიუტერული უნარების (Windows, Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet Explorer, Skype, E-mail) საბაზისო ცოდნა და კურსის ბოლოს სერთიფიკატები გადაეცათ. კომპიუტერული კურსი ხელს შეუწყობს ბენეფიციარებს კომუნიკაციაში, დასაქმებასა და თვითრეალიზებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიშს: „ქალთა მიმართ ძალადობის რისკების კვლევა“, რომლის მიზანია ორგანიზაციის 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკების განსაზღვრა და შეფასება, შემთხვევებზე დროული რეაგირებისა და რელევანტური ადვოკატირებისთვის.

კვლევის მონაცემებით ნათლად გამოიკვეთა ქალების ცხოვრებაში  პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც მეტწილად განპირობებულია  უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონით, ოჯახში ძალადობის ფაქტებით. სამწუხაროდ, კვლავ არასახარბიელოა ქალთა ინფორმირება და ხელმისაწვდომობა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებებზე. კვლევის თანახმად, ქალებმა საკუთარი უსაფრთხოების განცდა საშუალოდ შეაფასეს და ხაზი გაუსვეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის საფრთხის შემქმნელ ქმედებებს მათ ცხოვრებაში.  

კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები მოიცავს: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, მუნიციპალიტეტების როლის გაზრდას, რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას, განხორციელებული ღონისძიებების  მონიტორინგისა და შეფასების ქმედითი სისტემის დანერგვას, რელევანტური სპეციალისტების უწყვეტ გადამზადებას. 

დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ქუთაისის ჯგუფისთვის ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი ბიზნესის და მეწარმეობის, ბიზნეს იდეის და ბიზნესის დაგეგმვის შესახებ. მონაწილეებმა მოისმინეს კვალიფიციური რჩევები პროდუქციის/სერვისის მახასიათებლებსა და ფასწარმოებაზე, რაც აუცილებელი ინფორმაციაა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის.

საინტერესოა ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირი:

„მივიღე ცოდნა ბიზნეს გეგმის შედგენაში, რომ მერე დამოუკიდებლად შევძლო წინსვლა.“

„შემაქეს და განცდა მაქვს, რომ ჩემი იდეა გაიმარჯვებს, რადგან ახალია საზოგადოებისთვის.“

„ვისწავლე, როგორ განვსაზღვრო სწორად ბიუჯეტი. როგორი რეკლამა გავაკეთო გაყიდვებში წარმატების მისაღწევად.“

ტრენინგი არის კარგი მხარდაჭერა საკუთარი ბიზნესის დაწყებაში და დაეხმარება მონაწილეებს, უკეთ მოემზადონ ქალთა ფონდი „სოხუმის“ საგრანტო კონკურსისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის სათემო განათლების ცენტრში ტრენინგს თემაზე „ლიდერობა, პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლები“ ესწრებოდნენ დევნილთა დასახლების ამხანაგობების წარმომადგენელი ლიდერი ქალები.

ტრენინგზე ერთმანეთს ცვლიდა პრაქტიკული სავარჯიშო და თემატური ვიდეორგოლი, დისკუსია და ინდივიდუალური მუშაობა... ასე სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით მიიღეს მონაწილეებმა სასარგებლო ინფორმაცია ლიდერის მნიშვნელოვან უნარებზე, სწორ პრეზენტაციასა და საჯარო გამოსვლაზე.

ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი თემის პრობლემების მოგვარების პროცესში.

მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.

სატრენინგო კურსი აქტიურად გრძელდება ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ახალგაზრდები ინტერესით ეცნობიან ახალ თემებს, ეჩვევიან ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ მუშაობას, სწავლობენ დისკუსიების კულტურას.

დეკემბრის ტრენინგები დაემთხვა საინფორმაციო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ამიტომ გადაწყდა, რომ ათივე ცენტრი (სამტრედია, თერჯოლა, ვანი, ბაღდათი, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური) ჩართულიყო კამპანიაში.

ახალგაზრდებმა ნოემბრიდან დაიწყეს მზადება და ყველა დაგეგმილი ინიცირებული აქტივობა დროულად ჩაატარეს: კრეატიული ღონისძიებები, ინტერვიუები, გამოფენები, აქციები... ყველაფრის ავტორები და შემსრულებლები თვითონ იყვნენ. ორგანიზებაში მაქსიმალურად ჩაერთნენ პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების ახალგაზრდებმა დიდი გამოცდილება მიიღეს წლევანდელ კამპანიაში აქტიური ჩართულობით. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები