ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების და რეაგირების სისტემის ინსტრუმენტები, განხორციელების ძირითადი ეტაპები და ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქალთა საჭიროებების შესწავლაზე და შეირჩა მონაწილეები, რომლებიც ამ კუთხით ჩაატარებენ კვლევას (ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები დ ანკეტირება).

იმავე დღეს ჩატარდა მსგავსი შეხვედრა ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) #1 სათემო სკოლაში. ბავშვებმა დაწერეს ესეები აფხაზეთის თემაზე და გზავნილები აფხაზ თანატოლებთან. ამ ჯგუფის სამმა წევრმა კი საინიციატივო ჯგუფების საერთო ტრენინგზე შეძენილი ცოდნა გაუზიარა მეგობრებს.

სამი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა მოეწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ქალთა ერთი ჯგუფი ჩამოყალიბდა ზუგდიდში, მეორეში კი გაერთიანდნენ ორ სოფელში - კოკსა და ხურჩაში მცხოვრები ქალები.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე სისტემის არსი, მისი კომპონენტები და განხორციელების ეტაპები. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კვლევების ჩატარების შესახებ. კვლევის მიზანია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ქალთა ინტერესების შესწავლა.

მესამე ჯგუფში ახალგაზრდები არიან და ის კოკის საჯარო სკოლაში შეიქმნა. მოსწავლეთა აქტიურობა განსაკუთრებულია. ამ ჯგუფის წევრებმა, რომელთაც გაიარეს  ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი, თანატოლებს გაუზიარეს მიღებული ცოდნა კონფლიქტების პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის შესახებ.

- რას ნიშნავს კონფლიქტების ადრეული პრევენცია, როგორ უნდა მოხდეს რეაგირება ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით, რა სახის საფრთხეებს გრძნობენ  ახალგაზრდები - ამ და სხვა საკითხებზე თემატური სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართა დისკუსია სენაკის ახალგაზრდულ ჯგუფთან.

გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები საფრთხედ მიიჩნევენ განათლების დაბალ ხარისხს, დასაქმების პრობლემას, ქალთა მიგრაციას, სოციალურ ფონს. მათი მოსაზრებით, ნებისმიერი ადამიანი საფრთხეს განსახვავებულად აღიქვამს და შესაბამისი უნდა იყოს რეაგირების მექანიზმიც. 

ამ თემას მიეძღვნა მეორე შეხვედრაც - ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან: რას მოიაზრებს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება გენდერულ პრიზმაში. ჯგუფის წევრები კვლევაში მიიღებენ მონაწილეობას - გაეცნენ ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების ტექნიკას და უნარ-ჩვევებს.

თემაზე „კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე სისტემა“ ქუთაისში ჩატარდა ქალთა და ახალგაზრდათა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები. თავიდან შეხვედრებზე საინიციატივო ჯგუფების საერთო ტრენინგის მონაწილეებმა ისაუბრეს ამ სისტემაზე, როგორც კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაზე (ასეთი ჯგუფები ასევე შექმნილია ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში. ტრენინგზე კი ყოველი ჯგუფის 2-3 წევრი იღებდა მონაწილეობას).

პრეზენტაციის მეშვეობით შეხვედრების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ კონფლიქტების ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემის განხორციელების ძირითად ეტაპებს, ადამიანური უსაფრთხოების არსს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ბოლოს აღინიშნა, რომ სხვა მუნიციპალიტეტების საინიციატივო ჯგუფებთან ერთად  ქუთაისის საინიციატივო ჯგუფიც ჩაატარებს მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროების შეფასების კვლევას.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როლური თამაშებისა და თემატური სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: კონფლიქტების ადრეული მართვა, ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტები გენდერულ ჭრილში. თემისადმი ინტერესი როლური თამაშების ანალიზის პროცესში გამოხატეს.

მეორე შეხვედრა ჩატარდა ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მათ მოისმინეს ინფორმაცია კვლევის ჩატარების ტექნიკასა და უნარ-ჩვევებზე და ჩაერთვებიან კვლევაში, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებს  ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით.

6 აპრილს ქალთა ერთ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა ხონის საკრებულოში შედგა, ხოლო მეორე ჯგუფის წევრები კულტურის სახლში შეიკრინენ.

დასაწყისში სიტყვა მიეცა ტრენინგის მონაწილეებს (საირმეში გამართულ ტრენინგზე ამ ჯგუფებიდან 6 ქალი მონაწილეობდა) და მათ თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ჯგუფის წევრებს.

შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „გენდერულად მგრძნობიარე კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების სისტემა“. ორივე შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ამ სისტემის და ადამიანური უსაფრთხოების არსს. ბოლოს კი მიიღეს ინფორმაცია „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების“ კვლევების ჩატარების შესახებ და შეირჩნენ კიდეც მონაწილეები, რომლებიც ამ მუშაობას ჩაატარებენ.

7 აპრილს, შეხვედრა გაიმართა ხონის №3 საჯარო სკოლის ახალგაზრდულ ჯგუფთან. აქაც პირველად ტრენინგის ორი მონაწილე გამოვიდა. მათ აღნიშნეს, რომ პირველად ესწრებოდნენ ასეთ ტრენინგს და თანატოლებს გადასცეს ის განწყობა. ახალგაზრდებმაც მოისმინეს პრეზენტაცია, გაიგეს, რას ნიშნავს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემა, ადამიანური უსაფრთხოება და საფრთხეები...

პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ პირველი საერთო ღონისძიება საირმეში ჩატარდა 27-28 მარტს.

ეს იყო ორი ჯგუფისთვის ჩატარებული ორი ტრენინგი ერთ მნიშვნელოვან თემაზე „კონფლიქტების ნაადრევი პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემა (GREWS)“. ტრენინგებში მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში შექმნილი ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.

ორი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გამოყენებით საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან კვლევებში, რომლებიც სამიზნე მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი.

ფონდმა „სოხუმმა“ მუშაობა დაიწყო პროექტზე „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“. პროექტიდან გამომდინარე, ქალთა და  ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. თითოეულ ჯგუფში 20-დან 25-მდე წევრია.

ქალების და ახალგაზრდების ჯგუფები პარალელურად იმუშავებენ და ჩაერთვებიან პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში, რაც გულისხმობს  ადგილობრივ დონეზე საჭიროებების შესწავლას და პრობლემების ადვოკატირებას. ჯგუფის წევრები  გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს, საგანმანათლებლო სემინარებს, რომელიც მათი კომპეტენციის ამაღლებას, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას ემსახურება. საინიციატივო ჯგუფების მუშაობა მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტში, რომელიც შექმნის შესაძლებლობას ახალი ინიციატივების რეალიზებისთვის და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ტოლერანტობის ხარისხის გაუმჯობესებას. 

ფონდი „სოხუმი“ ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან“ პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“. 

პროექტი აქტიურად დაიწყო თებერვლიდან და მოიცავს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ეკონომიკის მიმართულებებს.

დაგეგმილია უამრავი აქტივობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში განხორციელდება კონფლიქტის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. 11 მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალგაზრდული კლუბები და საბჭოები, ჩატარდება ტრენინგები და შეხვედრები, მოეწყობა გაცვლითი პროგრამები, მოხდება მცირე გრანტების დაფინანსება და ა.შ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები