ქალთა ფონდი „სოხუმის“ კოორდინაციით ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ გაიმართა ქალთა სოლიდარობის აქცია და ორგანიზაცია ასე შეუერთდა ქალთა მოძრაობის მარშს საქართველოში „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!“.

აქციის მონაწილეები იყვნენ ორგანიზაციის აქტივისტი ქალები, ბენეფიციარები დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონიდან, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და თავისუფალი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებმა თვალსაჩინო გახადეს საერთო პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, რაც გაცხადებულია საქართველოს კონსტიტუციაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მიმართვა უკრაინელ ქალებს

ძვირფასო უკრაინელო ქალებო!

ერთი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. ქალთა ფონდი „სოხუმი“ ისევ უდიდეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ქალებს და მათ ოჯახებს!

ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ, რითაც შეგვეძლო ვეხმარებოდით და კვლავაც ვეხმარებით უკრაინას და ამ ქვეყნიდან ლტოლვილებს:

პირველ დღეებში ჩვენ შევაგროვეთ 10 000 ლარი და ამანათები გავაგზავნეთ.

8 მარტს ჩავატარეთ სოლიდარობის აქციები ქუთაისში და სხვა მუნიციპალიტეტებში.

გადავიღეთ ვიდეორგოლები.

დავეხმარეთ ოკუპირებული მელიტოპოლის ქალებს - გავუგზავნეთ მათ 55 800 გრივნა და მოხალისე ქალებმა თანაქალაქელებისთვის შეიძინეს საკვები და წამლები.

აპრილში, როცა უკრაინიდან პირველი ლტოლვილები გამოჩნდნენ საქართველოში, შევქმენით მხარდაჭერის ჯგუფი და დავიწყეთ მათი დახმარება.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მონაწილეობა მიიღო უკრაინის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ 2023 წლის ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 67-ე სესიის მოსამზადებელ კონსულტაციაში თემაზე: „ინოვაცია, ტექნოლოგიური ცვლილებები და განათლება ციფრულ ეპოქაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ქალებისა და გოგოების გასაძლიერებლად“.

კონსულტაციებში მონაწილეობდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ომის გენდერულ შედეგებს ქალებსა და გოგონებზე, როგორც უკრაინის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე მათ წამყვან როლს ცვლილებების განხორციელების პროცესში.

პანელური დისკუსიების დროს განხილულ იქნა, თუ რა როლს ასრულებენ ტექნოლოგიები და ციფრული გადაწყვეტილებები ომით დაზარალებული ქალების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაში მთელს რეგიონში და რამდენად შეუძლია ტექნოლოგიებს და ციფრულ ეკონომიკას გენდერულად ორიენტირებული აღდგენის და განვითარების ხელშეწყობა და არსებული გენდერული ციფრული ხარვეზების შემცირება.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია.  ღონისძიებაზე  განხილულ იქნა GREVIO-ის (დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) იმპლემენტაციას) და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციები.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად და GREVIO-ის წევრი და მეორე ვიცე პრეზიდენტის, მარია-ანდრიანი კოსტოპულოს მონაწილეობით, განიხილეს მხარეთა კომიტეტის მიერ 2022 წლის ბოლოს დამტკიცებული 16 რეკომენდაციის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები. რეკომენდაციები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ეს მითითებულია 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ საქართველოს შესახებ GREVIO-ის საბაზისო ანგარიშში. 

თანამშრომლობის კარგი მაგალითი

ეს არის ჩვენი ორგანიზაციის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპი ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი:

გაერთიანების მე-17 ფილიალში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების უფლებამოსილება და ვალდებულებები. ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და მართვა, ძალადობის პრევენცია“.

მონაწილეთა შეფასებით, ეს იყო ძალიან საინტერესო, ინტერაქტიული, მნიშვნელოვანი ინფორმაციებით დატვირთული სამუშაო პროცესი.

სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან მომდევნო ტრენინგი უახლოეს მომავალში იგეგმება. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წწ.) პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №143 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების, ასევე, საერთაშორისო/დონორი ორგანაზაციებისა და 80-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლობაც ესწრებოდა.

შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას და სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაზე მათი უკუკავშირისათვის კონკრეტულ ვადებზე ისაუბრეს. თუმცა დისკუსიისას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის იმ მთავარ გამოწვევაზე გაამახვილეს, რაც უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოებების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების სახელმწიფო პოლიტიკაში გაუთვალისწინებლობას გულისხმობს. ეს კი, ცხადია თანმშრომლობის მოტივაციას უკარგავს თითოეულ ჩვენგანს.

ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე მონაწილეობდა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს საინფორმაციო შეხვედრაში.

შეხვედრაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობის მექანიზმებთან დაკავშირებით. მათ შორის - მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს საქმიანობის და სტრუქტურის, მასში შემავალი ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფის და მათში ჩართვის შესაძლებლობების და მნიშვნელობის შესახებ.  ლინდა ჩიხლაძემ შეხვედრის მონაწილეებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობის საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა.

ტყიბულის და სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებს ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

საუბრის თემა იყო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აღმოფხვრაში. ამ პროცესში გარკვეული როლი ენიჭება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/. აქ ადამიანი იპოვის ბევრ ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება ძალადობის პრევენციასა თუ რეაგირების მექანიზმების განსაზღვრაში. მონაწილეებმა აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებისთვის საზოგადოების თითოეული წევრის აქტიურობა.

პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები