ამ გვერდის ამობედვა

მთავარი - საპროექტო მუშაობაში

შეჩერე ოჯახური ძალადობა! - წერია ერთგან.

ძალადობა არ არის გამოსავალი! - ამბობს მეორე.

ეს ბავშვების გაკეთებული პოსტერებია.

მესამეგან - კვლევის ერთ-ერთი დიაგრამაა.

კითხვაზე: ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ოჯახში? პასუხები ასე განაწილდა: ქალი -  12%, კაცი - 32%, ორივე - 56%. 

ყველაფერი იმ მოზარდების ნახელავია, რომლებიც ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გადიან ექვსთვიან სატრენინგო კურსს.

ცენტრები 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს - სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი.

კონფლიქტის მოგვარების გზები, ძალადობის პრევენცია, ნაადრევი ქორწინება - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ტრენინგებზე. მერე კი მოზარდები ერთგვარ საშინაო დავალებას იღებენ: ვინ გაავრცობს თემას? ვინ მოიფიქრებს სათქმელის ორიგინალურ ფორმას? როგორ შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია პრობლემაზე?

ტრენინგიდან ტრენინგამდე და მერეც, როცა სატრენინგო ექვსი თვე სრულდება, მოსწავლეები უამრავ საინტერესო ღონისძიებას, ეგრეთ წოდებულ ინიცირებულ ღონისძიებას ატარებენ.

ტრენინგებზე განხილული თემების მიხედვით ახალგაზრდები ცდილობენ, თავიანთი ხედვა გაუზიარონ სხვებს ესეებისა და ვიდეორგოლების სახით. ისინი ატარებენ  საინფორმაციო შეხვედრებს - ცოცხლადაც და ონლაინ. იგონებენ კრეატიულ ფორმებს, რომ თანატოლებთან უფრო სახალისო აქტივობები გამართონ და გააგებინონ, რა ნეგატიური შედეგები მოაქვს ძალადობას, რომ შესაძლებელია ცხოვრება კონფლიქტების გარეშე და ა.შ.

სწორედ ეს არის მთავარი საპროექტო მუშაობაში, ეს არის წარმატების ისტორიის ნიმუში, რომ ახალგაზრდები გააქტიურდნენ,  ინიციატივები გამოავლინონ და თავიანთი ცოდნა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიარონ.

  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

Related items

Image Gallery