პანელური დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის გზები, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის გააქტიურებისა და სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერების კონტექსტში. სამშვიდობო მოლაპარაებებში რუსეთის დისტრაქციული როლის გათვალისწინებით და დეოკუპაციის ირგვლივ მხარეთა პოზიციების შეურიგებლობის და თანამშრომლობისკენ მიმავალი ყველა ინიციატივის ბლოკირების ფონზე, ეკატერინე გამახარიამ, თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა, სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი, პარალელური პროცესის დაწყების აუცილებლობაზე, რომელშიც ჰუმანტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე არაპოლიტიზირებულ დიალოგში ჩაერთვებიან უშუალოდ საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინდივიდუალური სტატუსით. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების, და განსაკუთრებით ქალთა ორგანიზაციებთან ინსტიტუციონალიზებული მუდმივმოქმედი თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნის და ქმედითი და ჯეროვანი ჩართულობის და კონსულტაციების გამართვის საჭიროება, სადაც წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ, მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ, უნდა მოხდეს სხვადასხვა სფეროს ირგვლივ, სპეციფიკური და პრიორიტეტული საკითხების სიღრმისეული განხილვა და მასზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგიების ერთობლივად შემუშავება. გარდა ამისა, ხაზი გაესვა აღნიშნულ შეხვედრებზე განხილულ საკითხებზე ხელისუფლების მხრიდან ჯეროვანი უკუკავშირის და ანგარიშვალდებულების გაძლიერების აუცილებლობასა და სხვა მნიშნელოვან საკითხებს.