ამიდა მასწავლებელი და მისი ექვსი მოსწავლე

საერთოდ არ იცოდნენ კერვა სოფიო გვილავამ და სოფიო გვასალიამ. ელემენტარულს აკეთებდნენ დარიკო ჯინჯოლავა, გურანდა ძაძუა და ჟანა არქანია. მაკა სარიას დედა კერავდა და ისიც ინდომებდა. სწავლის სურვილი ყველას ჰქონდა, მაგრამ სურვილად რჩებოდა... ეს ახალგაზრდა ქალები წყოუშში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემი) ცხოვრობენ, არცერთი არ მუშაობს, ოჯახს, შვილებს უვლიან.

ექვსივე ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტი იყო. ესწრებოდნენ საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებს. ფახულანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქ, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან,  წლების განმავლობაში იყო. მობილიზატორმა მარიკა მეგრელიძემ ბევრი ქალი შემოიკრიბა და არაერთი პრობლემის მოგვარება შეძლო. როცა ფონდმა „სოხუმმა“ მუნიციპალიტეტში საჭიროებების კვლევა ჩაატარა, გაირკვა, რომ აქ არ იყო სამკერვალო.

სანამ სხვა გზა გამოჩნდება, ფონდმა წყოუშში დღის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა. ცენტრს შენობის ნაწილი დაუთმო მაღაზიის მეპატრონემ. ქუთაისიდან ჩაიტანეს საკერავი მანქანები, ნაჭრები, ძაფები.

მასწავლებელი ადგილზე იყო - ამიდა ახალაია. ამ ახალგაზრდა ქალზე ბევრის თქმა შეიძლება: პირველი იყო, ვინც სრული დაფინანსება მიიღო, როგორც კონფლიქტისპირა სოფელში მცხოვრებმა კურსდამთავრებულმა. სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა დღემდე სწავლობს. პროფესიონალია ჭრა-კერვის სპეციალობაში. ისწავლა პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, ხეზე კვეთა. ახლა წალენჯიხის პროფესიულ კოლეჯ „ლაკადაში“ კედლის მხატვრული დამუშავების კურსს გადის... ორი შვილი ჰყავს. თვითონ დედისერთაა. მშობლები აფხაზეთში, საბერიოში ცხოვრობენ. ეს სოფელი ესაზღვრება წყოუშს და ამიდა ხშირად გადადის იმ „საზღვარს“, ომმა რომ გაავლო საქართველოს ორ სოფელს შორის.

ფახულანელთა რძალი მთელი გულით შეუდგა მასწავლებლობას. კვირაში სამჯერ ტარდებოდა გაკვეთილები. ქალებისთვის ახალი საქმის დაწყება საინტერესო და სახალისო იყო. ისწავლეს ზომების აღება, აჭრა, კერვა, მანქანაზე მუშაობა. ჩაუტარდათ ფსიქოლოგის და იურისტის საკონსულტაციო საუბრები, ტრენინგი მარკეტინგის თემაზე. ამიდას აქვს თავისი გვერდი https://www.facebook.com/amiakhalaia და ინეტერნეტით ყიდის ხელნაკეთებს. რა თქმა უნდა, მოსწავლეებს გაყიდვის ამ  ფორმაზეც ესაუბრა, რაც კოვიდპანდემიის პირობებში საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ჭრა-კერვის კურსების სამთვიანი სწავლება იანვრის ბოლოს დასრულდა. შემაჯამებელ დღეს გამოიფინა მინიატურული ნამუშევრები: კაბები, შარვლები, კოფთები, ქვედა ბოლოები, თეთრეული. კიდევ: ლამაზი საყელოები, ნაჭრის ჩანთები, თმის სამაგრები...

იყვნენ სტუმრები - ადგილობრივი ხელისუფლებიდან, სკოლიდან, ამბულატორიიდან და, რა თქმა უნდა, ქალთა ფონდი „სოხუმიდან“.

- ეს კურსები კარგი მოტივაციაა ჩვენი ქალებისთვის, - აღნიშნა სოფლის ექიმმა ნესტან გოგოხიამ. ის 22 წელია, ფახულანში მუშაობს. იყო საკრებულოს დეპუტატი, კარგად იცის სოფლის საჭიროებები და უხარია, რომ სოფელში არიან ახალგაზრდა ქალები, რომლებიც არა მარტო ოჯახისთვის საჭირო რამეს შეკერავენ, არამედ შემოსავალზეც ფიქრობენ.

ექვსივე კურსდამთავრებულს სერთიფიკატი გადაეცა. ყველას თავისი გეგმა აქვს, როგორ გამოიყენოს ეს საქმე შემოსავლის მისაღებად. გურანდა ფარდების შეკერვას აპირებს, დარიკო და ჟანა თეთრეულებზე იმუშავებენ, ორივე სოფიოს კი ე.წ. „აბადოკების“ (თმის სამაგრები) კეთება მოსწონთ.

და კიდევ:

ფახულანში, დღის სარეაბილიტაციო ცენტრში მალე ქალების ახალი ჯგუფი დაიწყებს ჭრა-კერვის შესწავლას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები