ფონდი „სოხუმი“ ხელს უწყობს კონფლიქტების პრევენციის და ნაადრევი გაფრთხილების მგრძნობიარე მიდგომების დანერგვას. ორგანიზაცია სისტემატიურად სწავლობს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებებს და მათი ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს, შეიმუშავებს არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირების სტრატეგიებს და აქტიურად მონაწილეობს პრობლემების გადაჭრის პროცესში, როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ორგანიზაცია სხვადასხვა დროს მონაწილეობს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და სხვა რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში. ჩართული იყო და ხელს უწყობდა რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესს, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მონაწილეობის გაზრდას, დიალოგის და თანამშრომლობის გაძლიერებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან.