ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე: „სამედიცინო პერსონალის როლი ოჯახში ძალადობაგამოვლილ ქალებთან ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციისა და მხარდაჭერის პროცესში“.

ტრენინგში მონაწილეობდა 20 სამედიცინო პერსონალი - ექიმები და მედდები ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ხონიდან, სენაკიდან და ზუგდიდიდან.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლება ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების, სენსიტიური კომუნიკაციისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. მონაწილეებმა იმსჯელეს სტერეოტიპული მიდგომების გავლენაზე, ტრავმის შემდეგ ქალის ემოციურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს სამედიცინო პერსონალთან პირველი კონტაქტი ქალისთვის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების განცდის დასაწყისი.

ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეფერირების მექანიზმს. ემა კამკიას ბლოკის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტების როლი, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობები, დოკუმენტირების საკითხები, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და რისკების შეფასების მექანიზმები.

ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციის ბლოკს ფასილიტაციას უწევდა ხათუნა გოგუა. მონაწილეებმა იმუშავეს იმაზე, როგორ უნდა წარიმართოს კომუნიკაცია ძალადობაგამოვლილ ქალთან ისე, რომ არ გაღრმავდეს მისი შიში, სირცხვილი ან დაუცველობის განცდა.

დისკუსიისას მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეფერირების დოკუმენტაცია უნდა იყოს უფრო კომპაქტური და პრაქტიკული, რათა მისი გამოყენება რეალურ სამუშაო გარემოში უფრო ეფექტურად იყოს შესაძლებელი და დამატებითი დისკომფორტი არ შეუქმნას არც მსხვერპლს და არც სამედიცინო პერსონალს.

„ჩვენ, ექიმები, არასოდეს ვყოფილვართ მსგავსი თემატიკის ტრენინგებზე. მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ აუცილებელია ჩვენს საქმიანობაში“, — აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

„მივდივართ ემოციურად და ინფორმაციულად სავსეები. დავფიქრდით საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ჩვენს პრაქტიკაში ხშირად გვაქვს შეხება ძალადობაგამოვლილ ქალებთან და მათთან კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, — თქვა ტრენინგის მონაწილემ.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობას. ტრენინგმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობის პროცესში სამედიცინო პერსონალის როლი მხოლოდ დიაგნოზითა და მკურნალობით არ შემოიფარგლება — ის უკავშირდება ქალის უსაფრთხოებას, ნდობას და მხარდაჭერას.

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდისოხუმისთბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა და ძალადობის დინამიკის გააზრება ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობაში“.

ტრენინგში მონაწილეობდნენ პარასპეციალისტები და სათემო ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობენ. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეების გაძლიერება ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომის გამოყენებაში და ძალადობის დინამიკის უფრო სიღრმისეული გააზრება.

ტრენინგის განმავლობაში განხილული იყო ძალადობის სოციალური საფუძვლები, გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გავლენა, ძალადობა როგორც კონტროლის სისტემა, ძალადობის ციკლი და სპირალი, ასევე ტრავმის გავლენა ქალის ქცევასა და გადაწყვეტილებებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ ქეისებს, ჯგუფურ მუშაობას და ტრავმაზე ინფორმირებული კომუნიკაციის პრინციპებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიძლება ქალის რეაქციებისა და ქცევის სწორად დანახვა ტრავმის კონტექსტში და როგორ უნდა შეიქმნას უსაფრთხო, არამსჯელობითი სივრცე მხარდაჭერის პროცესში.

შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობა იწყება გაგებით, სენსიტიური კომუნიკაციითა და იმ გამოცდილების დანახვით, რომელიც ქალის გადაწყვეტილებებსა და ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრების ნაწილი ონლაინ გაიმართა. წალენჯიხის ჯგუფმა ონლაინ ისაუბრა მუშაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა მხარდაჭერა, რომელსაც ფონდი „სოხუმი“ იჩენს ქალების მიმართ. შეხვედრის ერთი ნაწილი სწავლებას მიეძღვნა - ტრენერმა ქრისტინე ქუთათელაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ხელოვნური ინტელექტის თემაზე და უპასუხა შეკითხვებს.

სენაკში ყურადღება გამახვილდა ქალთა სოლიდარობის თემაზე, ძალადობის პრობლემაზე და განსაკუთრებით - ციფრულ ძალადობაზე. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდა ჩვენი გამოცემა „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა – ამოიცანი და დაიცავი თავი“.

ქობულეთის და დანარჩენი ჯგუფების მორიგი შეხვედრაც საინტერესოდ წარიმართა. ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, ცვლილებებსა და სიახლეებზე. მუშაობაში ჩაერთო  ფსიქოლოგი, რომელმაც ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები ჩაატარა.

მოსწონთ ქალებს შეხვედრები, სადაც მსჯელობენ პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე. ჯგუფის მუშაობამ ახალი ცოდნა და გამოცდილება შესძინა თითოეულ მათგანს. იმედი აქვთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მეტის გაკეთება შეუძლიათ.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

რითრიტი ბორჯომში

რიტრითი გასვლითი სამუშაო შეხვედრაა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რესტარტი, გადატვირთვა, რომელიც სასიამოვნოდ დაამახსოვრდება ყველას.

ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა ოჯახის წევრებთან ერთად სამი დღე გაატარეს სასტუმრო  „ბორჯომი პალასში“. (ძირითადად - შვილები იყვნენ - კარგები, ლამაზები, ნიჭიერები)...

იყო ექსკურსიები რაბათის ციხეში, სერაფიმ საროველის ტაძარში, სადგერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სეირნობა ბორჯომის პარკში, ქუჩებში...

ფსიქოლოგ ინა აირაპეტიანთან ერთად მუშაობის დროს მონაწილეები ეძებდნენ პასუხებს კითხვებზე: რა მდგომარეობაში ვართ? რა ფაქტორები მოქმედებს ჩვენზე ნეგატიურად? რაზე შეგვიძლია გავლენა? რის შეცვლას შევძლებთ? სად ვიპოვოთ ახალი ძალები და რესურსები?

რა თქმა უნდა, უამრავი შინაგანი რესურსი „აღმოვაჩინეთ“, ჩვენი საშინაო და საგარეო „ნიღბები“ შევქმენით და გავშიფრეთ, „თავდაცვის“ ახალი ტექნიკები ვისწავლეთ, ერთმანეთი უკეთ დავინახეთ, ჩავფიქრდით, ვიტირეთ, ვიცინეთ...

ბოლოს ბავშვებმა სიურპრიზი მოგვიწყვეს: ფორუმ-თეატრის სცენა წარმოადგინეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს...

მივხვდით: რესურსები ჩვენშია, ჩვენი ოჯახებია და კიდევ: ბენეფიციარები, ვისთვისაც მუშაობს ეს ორგანიზაცია, ვის მხარდაჭერასაც ცდილობს, თითქმის 30 წელია...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შემაჯამებელი კონფერენცია

სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია თემაზე „ქალთა გაძლიერება და მდგრადი მხარდაჭერის მექანიზმები თემებში: გამოცდილება, შედეგები და ზეგავლენა“

შეხვედრამ გააერთიანა 50 მონაწილე ქალი სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან: ურთიერთდახმარების ჯგუფების ლიდერები და წევრები, პარასპეციალისტები, სამოქალაქო ინიციატივების მონაწილეები და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები. 

ქალებმა საკუთარი გამოცდილება, მიღწეული ცვლილებები და გამოწვევები გააზიარეს  ოთხ თემატურ პანელზე:

- ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები, როგორც უსაფრთხო სივრცე ქალთა სოციალური გაძლიერებისა და ციფრული უნარების განვითარებისათვის.

- ქალთა მიერ განხორციელებული სამოქალაქო ინიციატივები, რომლებიც რეალურ ცვლილებად იქცა მუნიციპალიტეტებში.

- პარასპეციალისტების მხარდაჭერა და შედეგები ქალთა ცხოვრებაში

- ძალადობაგამოვლილ ქალთა მხარდაჭერის სერვისებზე ინფორმაციის ციფრული პლატფორმები და სოციალური მედია ქალთა ინფორმირებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში.

პროექტის შეფასებამ აჩვენა, რომ თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის მოდელები აძლიერებს სოციალურ და ეკონომიკურ ჩართულობას, იზრდება ციფრული უსაფრთხოების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა, ყალიბდება ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის ქსელები თემებში.

ღონისძიების დასასრულს პროექტში აქტიურად ჩართული ქალები დაჯილდოვდნენ.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

მაგალითები, შეკითხვები, რჩევები

მიგრაცია სერიოზული და საკმაოდ აქტუალური თემაა. განსაკუთრებით ემოციურია საზღვარგარეთ წასული მშობლების და შინ დარჩენილი შვილების ურთიერთობა.

ეს საკითხები არავის ტოვებს გულგრილს: უამრავი მაგალითია, საკუთარი ოჯახის თუ ახლობელ-მეზობლების.

ასე იყო კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში ქალებთან და გოგონებთან ჩატარებულ შეხვედრაზეც. მით უმეტეს, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგი. იყო ბევრი შეკითხვა, სხვადასხვა ისტორიის გახსენება, ფსიქოლოგის რჩევები...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზუმის პლატფორმაზე შეიკრიბნენ ქალები 10 მუნიციპალიტეტიდან. მათთვის მოეწყო შეხვედრააქტუალურ თემებზე.

პირველ ნაწილში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელმა ნათია ახალაიამ ისაუბრა ლეგალურ და არალეგალურ   მიგრაციაზე, სტატისტიკაზე, საქართველოში დაბრუნებისას ინდივიდუალურ მომსახურებაზე, დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერაზე, საგრანტო პროექტებზე... 

მეორე ნაწილში პრეზენტაციით წარსდგა ლინდა ჩიხლაძე - ტრენერი ციფრული უსაფრთხოების საკითხებში. მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ციფრული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ასპექტები, გავრცელებული საფრთხეები, საუკეთესო პრაქტიკები და დაცვის ინსტრუმენტები.

შეკრებილებს ორივე თემასთან დაკავშირებით ჰქონდათ შეკითხვები და მიიღეს კომპეტენტური პასუხები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალი შემართებით დაიწყეს ახალი წელი ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებმა ათივე მუნიციპალიტეტში. წლის პირველ შეხვედრებზე, ძირითადად, მუნიციპალურ სერვისებზე, ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრეს.  

ჯგუფის წევრები ყურადღებით უსმენენ ფსიქოლოგს, რომლის რჩევები და ინდივიდუალური კონსულტაციები განსაკუთრებით სასარგებლოა.

მათთვის მნიშვნელოვანია ციფრული წიგნიერების ნაწილი - სოციალურ ქსელთან მუშაობა, ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდის https://sosfsokhumi.ge/ გაცნობა და საჭირო ინფორმაციის მოძიების სწავლება.

ხობში ახალგაზრდებზე გაკეთდა აქცენტი, წყალტუბოში - ციფრული განათლების მნიშვნელობაზე. სენაკში ახალ წევრებს ერთად მიღწეული შედეგები გააცნეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა ჩოხატაურში - ჯგუფში არიან გოგოლესუბნის ფოლკლორული ანსამბლ „თაობის“ წევრები და მათ ცეკვა-სიმღერით გაალამაზეს ერთადყოფნის დრო. 

ჯგუფების უმეტესობაში მატებაა - ეს ეფექტიანი მუშაობის და წარმატებების მაჩვენებელია. 

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

შეხვედრები მიგრაციის თემაზე

სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში ზუგდიდის, წყალტუბოს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მიგრაციის თემაზე.

მონაწილეებს - ქალებს და ახალგაზრდებს - მიეწოდათ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის კვლევის შესახებ და დაურიგდათ გზამკვლევი: იცოდე და დაიცავი შენი თავი!

გზამკვლევის მიზანია ქალებს, თემის ლიდერებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გააცნოს, რა სახის სერვისებია ხელმისაწვდომი და სად შეუძლიათ დახმარების მიღება. მათ ასევე მიიღეს ბროშურა, როგორ დავეხმაროთ სამშობლოში დარჩენილ ბავშვებ, როდესაც მშობელი საზღვარგარეთ მიდის, 

შეხვედრებზე გაიმართა დისკუსიები მიგრაციის და ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები