ორი შეხვედრა გაიმართა მაისში საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. 18 მაისს ქალთა ჯგუფი შეიკრიბა, 21 მაისს კი - ახალგაზრდები. მოხდა ახალგაზრდული ჯგუფის ხელახალი ფორმირება და გაიმართა პროექტის პრეზენტაცია.

ქალთა საინიციატივო ჯგუფში ისაუბრეს ქალთა საჭიროებების კვლევაზე, რომელშიც ჯგუფის წევრები იყვნენ ჩართულები. აღნიშნეს, რომ გაეცნენ ქალაქში მცხოვრებ ქალთა პრობლემებს და დაინახეს, თუ რამდენ ოჯახს და ბავშვს სჭირდება რეალურად დახმარება. კვლევის დროს გამოყენებული იყო ფოკუს-ჯგუფის, ჩაღრმავებული ინტერვიუს და ანკეტირების ფორმატი.

ქალთა საჭიროებების კვლევის ტექნიკური მხარე შეაფასეს ზუგდიდში, ქალთა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ დაგეგმეს კვლევის ჩატარების პროცესი, რა გამოუვიდათ,  რა პრობლემებს წააწყდნენ მუშაობის პროცესში, რა ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი ფაქტორები დაინახეს მუშაობისას.

თითოეული გამომსვლელი საუბრობდა კონკრეტული მაგალითებით: ჯგუფებთან მუშაობის სირთულეებზე, ინტერვიუს ჩაწერაზე, რესპონდენტთან პირისპირ საუბარზე. ჯგუფის წევრებმა მიიღეს რჩევები ფასილიტაციის ძირითად პრინციპებზე და განიხილეს სამომავლო გეგმები. 

გაზეთ „ხონელში“ სტატია დაიბეჭდა პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში წარმართულ აქტიურ მუშაობაზე ხონის მუნიციპალიტეტში.

ხონში სამი საინიციატივო ჯგუფია - ორში ქალები არიან გაერთიანებულნი, ერთი კი ახალგაზრდულია. სტატიის ავტორია ქალთა ერთ-ერთი ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი გურანდა ცაგურია, რომელიც აქტიურადაა ჩართული სამუშაო პროცესში.

ჯგუფები მარტში ჩამოყალიბდნენ და მას მერე მთელი ძალისხმევით მუშაობენ. ასე იყო მაისშიც: ახალგაზრდებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე. ქალებთან კი საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეკრებილებმა ისაუბრეს საჭიროებების კვლევაზე - როგორ დაგეგმეს საქმიანობა, რა გამოუვიდათ, მუშაობისას რა აღმოჩნდა რთული და ა.შ. ეს ქალთა ჯგუფების მიერ ჩატარებული პირველი კვლევა იყო, მათ კარგი გამოცდილება მიიღეს და, რაც მთავარია, მომზადდება დოკუმენტი, შეფასდება ქალთა საჭიროებები, შემუშავდება რეკომენდაციები და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია  მონაწილეობდა ეუთოს კონფლიქტის ციკლის უმაღლესი დონის სემინარის (კონფერენციის) გახსნაში - ჰელგა შმიდთან (შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), ენ ლინდესთან (ეუთოს გენერალური მდივანი), მარჩინ პრჟიდაცთან (სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე ამერიკის, აზიისა და აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხებში) და მიროსლავ ჯენთასთან (გენერალური მდივნის თანაშემწე ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკაში) ერთად სიტყვით გამოვიდა თემაზე: „ინკლუზიური პროცესების ძირითადი გამოწვევები, შესაძლებლობები და მასში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“.

ეკატერინე გამახარიამ მოკლედ ისაუბრა მშვიდობის მშენებლობის განხორციელების პროცესში ქალთა ორგანიზაციების როლსა და წვლილზე, ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს. ამასთან, მან აქცენტი გააკეთა არსებულ გამოწვევებსა და ბარიერებზე, რომლებიც სათანადო ყურადღებას და რეაგირებას საჭიროებს.

„ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წინაისტორია, შემდგომი განვითარება და შედეგები“- ამ თემაზე გაიმართა ონლაინ ტრენინგები სენაკის, წყალტუბოს, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან.

მონაწილეებმა მოისმინეს, რა უძღოდა კონფლიქტის დაწყებას  და როგორ განვითარდა მოვლენები. ქრონოლოგიის განხილვის პროცესში ისინი სვამდნენ შეკითხვებს: რატომ ვერ მოხერხდა სიტუაციის მართვა, ვინ იყო დამნაშავე, რატომ მივედით ამ შედეგამდე.

ტრენერმა ქეთი ვასაძემ მონაწილეებს განუმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშვიდობო საქმიანობაში ნდობის აღდგენა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.

დასასრულს მონაწილეებმა საკუთარი განწყობა უკუკავშირით გამოხატეს:

„საინტერესო იყო ჩემთვის კონფლიქტის ეტაპების განხილვა. მშვიდობის მშენებლობას ყოველთვის აქვს აზრი, ახალგაზრდების როლი დავინახე, შეგვიძლია ნდობის აღდგენის კუთხით უფრო მეტად ვიყოთ ჩართულები“.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩართულნი იყვნენ გამოკითხვის პროცესში, რომელიც სხვადასხვა ფორმატით ჩატარდა. ჯგუფის შეხვედრის დროს მონაწილეებმა შესრულებული საქმიანობა შეაფასეს. მათი აზრით, ყველამ შეძლო გამოკითხვის ჩატარება რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდებით.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაციები, ტექნიკურად როგორ უნდა დაიგეგმოს, მომზადდეს და ჩატარდეს ფოკუს-ჯგუფები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შიდა დისკუსიისას არ დაიკარგოს მთავარი ფოკუსი. ინტერაქტიულად, კონკრეტული მაგალითებით განხილულ იქნა აქტიურ და პასიურ მონაწილეთა ტიპები, ფასილიტაციის ძირითადი პრინციპები.

ტოლერანტობა და კონფლიქტი იყო განხილვის თემა ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან საინფორმაციო შეხვედრაზე. მონაწილეებმა თვითპრეზენტაციით უპასუხეს კითხვებს:  რამდენად ტოლერანტული ვარ და როგორია ჩემი ტოლერანტობის ხარისხი.

რა სირთულეები ახლდა გამოკითხვის პროცესს, რა გამოცდილება მიიღეს და რამდენად კმაყოფილი არიან მიღებული შედეგებით - სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ამ უკუკავშირით მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გაუზიარეს:

- არ მქონდა არანაირი გამოცდილება, პირველად ჩავერთე გამოკითხვის პროცესში და მივიღე საოცარი პრაქტიკა, სხვანაირად შევხედე იმ პრობლემებს, რომლებიც ქალებს აწუხებთ.

- სირთულეები ახლავს ფოკუს-ჯგუფის ჩატარებას. ჯგუფის მართვა, ფასილიტაცია არ ყოფილა ადვილი, თუმცა მოვახერხე, რომ ყველა მონაწილე აქტიურად ყოფილიყო ჩართული პროცესში.

აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ მონაწილეებმა შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს, რაც მათ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„სწორი ინფორმაცია მივიღე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ“.

„ვარ დევნილი აფხაზეთიდან, მაგრამ თითქმის არაფერი ვიცოდი კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე, მიმდინარეობაზე და ამ ტრენინგზე ბევრი რამ გავიგე“.

„მე მხოლოდ კონფლიქტის შედეგებზე გამეგონა. ყოველთვის მინდოდა, მცოდნოდა მეტი კონფლიქტის ისტორიაზე... მადლობა თქვენ ამ ტრენინგისთვის და იმისთვის, რომ ჩემს კითხვებს პასუხი გაეცით“.

ეს ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდების ერთი ნაწილის ფიდბეკია. ტრენინგი ჩაატარა კონფლიქტოლოგმა ქეთი ვასაძემ.

„ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წინაისტორია, შემდგომი განვითარება და შედეგები“ - ამ თემაზე ჩატარებული ონლაინ ტრენინგის მონაწილეები იყვნენ ხონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები.

დასრულდა ქალთა და გოგონათა საჭიროებების კვლევა დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი და წალენჯიხა.

ანკეტირების გზით გამოიკითხა 1000  რესპონდენტი, თვისებრივი კვლევისთვის  ჩატარდა 24 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 24 ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა.

მაისში მოხდება კვლევის შედეგების სისტემატიზაცია, რაც  საფუძვლად დაედება ანალიზს.  პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი სამიზნე ჯგუფების  საჭიროებათა ადვოკატირების გეგმების შედგენა და შემდგომი მუშაობა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები