სამი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა მოეწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ქალთა ერთი ჯგუფი ჩამოყალიბდა ზუგდიდში, მეორეში კი გაერთიანდნენ ორ სოფელში - კოკსა და ხურჩაში მცხოვრები ქალები.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე სისტემის არსი, მისი კომპონენტები და განხორციელების ეტაპები. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კვლევების ჩატარების შესახებ. კვლევის მიზანია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ქალთა ინტერესების შესწავლა.

მესამე ჯგუფში ახალგაზრდები არიან და ის კოკის საჯარო სკოლაში შეიქმნა. მოსწავლეთა აქტიურობა განსაკუთრებულია. ამ ჯგუფის წევრებმა, რომელთაც გაიარეს  ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი, თანატოლებს გაუზიარეს მიღებული ცოდნა კონფლიქტების პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის შესახებ.

- რას ნიშნავს კონფლიქტების ადრეული პრევენცია, როგორ უნდა მოხდეს რეაგირება ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით, რა სახის საფრთხეებს გრძნობენ  ახალგაზრდები - ამ და სხვა საკითხებზე თემატური სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართა დისკუსია სენაკის ახალგაზრდულ ჯგუფთან.

გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები საფრთხედ მიიჩნევენ განათლების დაბალ ხარისხს, დასაქმების პრობლემას, ქალთა მიგრაციას, სოციალურ ფონს. მათი მოსაზრებით, ნებისმიერი ადამიანი საფრთხეს განსახვავებულად აღიქვამს და შესაბამისი უნდა იყოს რეაგირების მექანიზმიც. 

ამ თემას მიეძღვნა მეორე შეხვედრაც - ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან: რას მოიაზრებს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება გენდერულ პრიზმაში. ჯგუფის წევრები კვლევაში მიიღებენ მონაწილეობას - გაეცნენ ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების ტექნიკას და უნარ-ჩვევებს.

თემაზე „კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე სისტემა“ ქუთაისში ჩატარდა ქალთა და ახალგაზრდათა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები. თავიდან შეხვედრებზე საინიციატივო ჯგუფების საერთო ტრენინგის მონაწილეებმა ისაუბრეს ამ სისტემაზე, როგორც კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაზე (ასეთი ჯგუფები ასევე შექმნილია ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში. ტრენინგზე კი ყოველი ჯგუფის 2-3 წევრი იღებდა მონაწილეობას).

პრეზენტაციის მეშვეობით შეხვედრების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ კონფლიქტების ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემის განხორციელების ძირითად ეტაპებს, ადამიანური უსაფრთხოების არსს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ბოლოს აღინიშნა, რომ სხვა მუნიციპალიტეტების საინიციატივო ჯგუფებთან ერთად  ქუთაისის საინიციატივო ჯგუფიც ჩაატარებს მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროების შეფასების კვლევას.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როლური თამაშებისა და თემატური სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: კონფლიქტების ადრეული მართვა, ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტები გენდერულ ჭრილში. თემისადმი ინტერესი როლური თამაშების ანალიზის პროცესში გამოხატეს.

მეორე შეხვედრა ჩატარდა ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მათ მოისმინეს ინფორმაცია კვლევის ჩატარების ტექნიკასა და უნარ-ჩვევებზე და ჩაერთვებიან კვლევაში, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებს  ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით.

6 აპრილს ქალთა ერთ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა ხონის საკრებულოში შედგა, ხოლო მეორე ჯგუფის წევრები კულტურის სახლში შეიკრინენ.

დასაწყისში სიტყვა მიეცა ტრენინგის მონაწილეებს (საირმეში გამართულ ტრენინგზე ამ ჯგუფებიდან 6 ქალი მონაწილეობდა) და მათ თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ჯგუფის წევრებს.

შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „გენდერულად მგრძნობიარე კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების სისტემა“. ორივე შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ამ სისტემის და ადამიანური უსაფრთხოების არსს. ბოლოს კი მიიღეს ინფორმაცია „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების“ კვლევების ჩატარების შესახებ და შეირჩნენ კიდეც მონაწილეები, რომლებიც ამ მუშაობას ჩაატარებენ.

7 აპრილს, შეხვედრა გაიმართა ხონის №3 საჯარო სკოლის ახალგაზრდულ ჯგუფთან. აქაც პირველად ტრენინგის ორი მონაწილე გამოვიდა. მათ აღნიშნეს, რომ პირველად ესწრებოდნენ ასეთ ტრენინგს და თანატოლებს გადასცეს ის განწყობა. ახალგაზრდებმაც მოისმინეს პრეზენტაცია, გაიგეს, რას ნიშნავს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემა, ადამიანური უსაფრთხოება და საფრთხეები...

პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ პირველი საერთო ღონისძიება საირმეში ჩატარდა 27-28 მარტს.

ეს იყო ორი ჯგუფისთვის ჩატარებული ორი ტრენინგი ერთ მნიშვნელოვან თემაზე „კონფლიქტების ნაადრევი პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემა (GREWS)“. ტრენინგებში მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში შექმნილი ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.

ორი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გამოყენებით საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან კვლევებში, რომლებიც სამიზნე მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი.

 

ახალი პროექტის „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება ნდობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებების კვლევა დაიწყო. საველე სამუშაოების შემსრულებლებთან შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა სამომავლო საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებზე.

კვლევის გეოგრაფია მოიცავს კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე 6 სოფელს და ქალაქ ზუგდიდს. კვლევის დროს შეგროვდება რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაცია.

 

2021 წლის 25 მარტს ფონდი „სოხუმის“ თბილის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ, მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 65-ე სესიის (CSW65) ფარგლებში გამართულ ონლაინ დისკუსიაში.

ეკატერინმემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებული სწრაფი მოკვლევის შედეგად დაფიქსირებულ პანდემიის დამანგრეველ გავლენაზე დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მან ხაზი გაუსვა, ქალთა მონაწილეობას პოლიტიკის შემუშავებაში, რასაც კრიზისის დასაძლევად კრიტიკული როლი აქვს.

„მსურს, საკუთარი წვლილი შევიტანო მშვიდობიანი, სამართლიანი და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში, სადაც ქალებსა და კაცებს, თავიანთი აქტივიზმით, ერთად შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა.  მტკიცედ მჯერა, რომ მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში ქალების თანაბარი და აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.“

25 მარტს ZOOM პლათფორმის საშუალებით „ქალები ძალადობის წინააღმდეგ ევროპული ქსელის (WAVE )“ მიერ გამართულ ონლაინ ვებინარზე მიიღო მონაწილეობა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ლინდა ჩიხლაძემ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო WAVE-ის კვლევა - „ოჯახურ ძალადობაზე რეაგირება კოვიდ 19-ის კონტექსტში“.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილე ქვეყნების წამომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი, ეროვნული გამოცდილება გაუზიარეს და იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს, რაც თან ახლავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე რეაგირების პროცესს პანდემიის პირობებში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები