დასავლეთ საქართველოს 5 მუნიციპალტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი) ორგანიზებულმა ქალთა ქსელებმა შეარჩიეს აქტუალური პრობლემები, რომელთა ადვოკატირების პროცესი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ დაიწყეს.
ამაზე თავად პროექტში ჩართული ქალები და შეხვედრაში ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, პრობლემების გადაჭრისათვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატი.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ერთი ქალი სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას დადებითი ემოციებით აივსო, გააცნობიერა თავისი ადგილი ცხოვრებაში, იგრძნო სიმშვიდე და თავისუფლება. ახლა ის მზად არის, იბრძოლოს უკეთესი ცხოვრებისთვის. მეორე ამბობს, რომ მიიღო საჭირო ცოდნა. მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ადეკვატური თვითშეფასება და, რაც მთავარია, იცის, რომ უნდა ისწავლოს, რათა თავისი ქალიშვილისთვის ღირსეული დედა იყოს...
ეს ყველაფერი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მათი ყოფნის დამსახურებაა. ოქტომბერში ცენტრში იმყოფებოდა სამი ქალი პატარა ბავშვებთან ერთად - ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომელთაც განიცადეს სტრესი და ტრავმა.
მათ ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდათ - პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.
მუშაობის შედეგები მათ კომენტარებში ჩანს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
როგორი იყო ოქტომბერი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობენ?
ვთხოვეთ მათ, მოკლედ ესაუბრათ თავიანთ მუშაობაზე.
მარინა სტეპანენკო: „ოქტომბერში გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფსიქოლოგიურ დახმარებას მიმართა. ძირითადად, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ოჯახიდან განშორების სტრესი, მარტოობა, დაბნეულობა, დაუცველობის განცდა. ასეთ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია მხარდაჭერის პოვნა და მიღება. ასევე, გაუგო საკუთარ თავს და დაეხმარო“.
მანანა გოცირიძე: „ოქტომბერში შედგა პირველადი შეხვედრები ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებთან. ყველამ აღნიშნა, რომ ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მათი ტკივილი და ტრაგედია, იცის თანაგრძნობა და მადლიერები არიან უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარებისთვის“.
ანა შალიმოვა: „ყოველთვიურად ვეცნობი უკრაინიდან ჩამოსულ ახალ ოჯახებს. ბევრი ჩამოდის ჩემი მშობლიური ხერსონიდან. ხშირად, სამსახურისკენ რომ მივდივარ, ვხვდები უკრაინულ ოჯახებს, რომელთ შვილები სკოლაში მიჰყავთ. ვესალმებით და ვუღიმით ერთმანეთს. უკვე 30-ზე მეტი უკრაინულ ოჯახს ვიცნობ ჩვენი ულამაზესი უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან. ასევე ვაგრძელებ საკონსულტაციო მუშაობას და ჩემს მომსახურებას ვთავაზობ ბავშვებს და მოზარდებს. მე ვეხმარები შფოთვის შემცირების კუთხით, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, ფობიებისა და პანიკისგან თავის დაღწევში. ჩემი მუშაობა გულისხმობს ჩემი ცოდნისა და უნარების მუდმივ გაუმჯობესებას და ამიტომ ვცდილობ, ყურადღება მივაქციო ჩემს განათლებას და სწავლებას“.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ფორმირების ეტაპზეა. ამიტომ სამტრედიაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სენაკის, ლანჩხუთის, ხონის, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ბავშვთა განყოფილებების წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ ზაქრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია პაპავა, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები.
შეხვედრაზე საუკეთესო გარემო შეიქმნა იმისთვის, რომ სტუმრებს თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ კონკრეტული ქეისების განხილვის საფუძველზე. მათ განყოფილების აქტიური მუშაობისათვის მნიშვნელოვან სპეციფიკურ საკითხებზე ისაუბრეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სამტრედიის, ქობულეთის, წალენჯიხისა და ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (აქ - ონლაინ) გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრები, მათში მონაწილეობა მიიღო 35 ბენეფიციარმა.
ერთი თვის განმავლობაში ფსიქოლოგი ქუთაისის ოფისში ატარებდა ფსიქოთერაპიულ სამუშაოს და ონლაინ ინდივიდუალურ კონსულტაციებს რეგიონებში.
პარასკევობით ფსიქოლოგი ატარებდა ჯგუფურ შეხვედრებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრის ბენეფიციარებთან - ქალებთან, რომლებიც გადიან პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსს. მათთან ტარდებოდა სესიები შიშების, სტრესის, ტრავმების დაძლევისა და თვითშეფასების ამაღლებისთვის.
დღის ცენტრის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა თქვა: „ჩემთვის განსაკუთრებულია ყველაფერი, რაც მოხდა ამ თვეში - სავსე ვარ საკუთარი თავის და სხვების სიყვარულით, ამიტომაც ვახერხებ ლამაზი ნაკეთობების შექმნას“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურისტმა ოქტომბერში 5 შეხვედრა ჩაატარა: ქობულეთში ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა, ტყიბულში მცხოვრებ ბენეფიციარებთან - ონლაინ შეხვედრა, ხოლო ბაღდათში, ფახულანსა (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) და სამტრედიაში - ჯგუფური შეხვედრები ახალფაზრდულ ცენტრში, საბავშვო ბაღში და ამბულატორიაში.
ჯგუფურ შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლების თანამშრომლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, უფროსკლასელები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ პრეზენტაცია, ძალადობის მსხვერპლ ქალს კი YOU აპლიკაციით და SOS ღილაკით აღჭურვილი მობილური ტელეფონი გადაეცა.
გარკვეული მუშაობა ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან ერთად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა ოქტომბერში გეგმით გათვალისწინებული ორი შეხვედრა ჩაატარა მაყურებელთან - ბავშვთა სოფელში და ქუთაისის პარკში. ბავშვთა სოფელში საინტერესო წარმოდგენებს აქტიური დისკუსია მოჰყვა და, რაც მთავარია, მოზარდების ჩართულობა.
პარკში გამართულმა წარმოდგენამ კი გააკვირვა გამვლელები. მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მათხოვრის სცენა.
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომ ყველას ერთად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ძალადობის პრევენციაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მას უძღვებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობას ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობაც იღებდა სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა. კომისიის სხდომის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა აღნიშნული სამთავრობო სამოქმედო გეგმების აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მორიგ შეხვედრაზე დევნილთა დასახლებებში ჩატარებული კვლევის შედგებზე იმსჯელა.
გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია დევნილებისთვის და რომელთა მოგვარება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე შეირჩა ქალთა ჯგუფი, რომელიც იდენტიფიცირებული პრობლემის ადვოკატირებას შეუდგება. პროცესში აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივ თვითმმართველობა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა კვლევის შედეგები მოისმინეს. კვლევამ დევნილთა დასახლებების სოციალური პროფილი გამოკვეთა და ის აქტუალური საკითხები წარმოაჩინა, რომლებიც მოსახლეობას განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის.
დასახელებული პრობლემებიდან მონაწილეებმა ყველაზე აქტუალური პრობლემა შეარჩიეს, რომლის ადვოკატირებასაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეეცდებიან. უკვე შეირჩა ქალთა ჯგუფი, რომელიც იდენტიფიცირებულ პრობლემას ქალაქის პირველ პირებთან განიხილავს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით