ჩვენი ორგანიზაცია საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ მისიას ატარებს და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახის მხარდაჭერას და დახმარებას უწევს ქალებს. ერთ-ერთია მობილური ტელეფონების გადაცემა ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებისთვის. სმარტფონი დღეს აუცილებელია ყველასთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალება და ინფორმაციის მიღების წყარო.
ამიტომ ოქტომბერში ქალებს, რომელთაც უჭირდათ ამ მიზნით თავიანთი ტელეფონების გამოყენება, ორგანიზაციამ ახალი სმარტფონები გადასცა - სენაკში, ქუთაისსა და თერჯოლაში. ეს ნიშნავს, რომ გაუმჯობესდება მათი კომუნიკაციის და ინფორმირებულობის ხარისხი.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ოქტომბერში სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ ქალები სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან.
მათთან კომპლექსურად იმუშავეს ფსიქოლოგმა, იურისტმა და სოციალურმა მუშაკმა. ყველაზე მეტ დროს ფსიქოლოგი ატარებდა. ამიტომაც მას სათქმელიც მეტი აქვს:
„ყოველდღიური ურთიერთობით თანდათან გაიხსნა მათი შინაგანი სამყარო. ამბობდნენ, რომ ხმამაღლა არასდროს უსაუბრიათ იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც წლების მანძილზე ტვირთად ატარებენ. ერთ მათგანს ბავშვობიდან ჩაუნერგეს მორჩილებაში ცხოვრება და, უკვე ასაკში მყოფი, კარგად ხვდება, რა ზიანი მოუტანა უსიტყვო მორჩილებამ, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია... მისთვის შვება იყო, როცა ვუსმენდი მის ისტორიას. არ უნდოდა საუბრის დასრულება, იმიტომ რომ უსმენდნენ“.
ქალებმა ჩანაწერები დატოვეს. ფრაგმენტები მათი წერილებიდან:
„ადგილი, სადაც ვისვენებ, არის სულიერი სამოთხე“...
„ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა ცხოვრება, ცოტა სხვანაირად რომ მეცხოვრა“...
„ეს არის ადგილი, სადაც შევძელი მეფიქრა ბედნიერ მომავალზე და, ვფიქრობ, აუცილებლად დავაღწევ თავს წარსულის მოგონებებს. მიყვარხართ“...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დიდი ინტერესით შეუდგნენ „მოსწავლეები“ სწავლას.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტების თხოვნით, დღის ცენტრი ახლა სენაკში გაიხსნა - არიან მსურველები და ქალები ჭრა-კერვას შეისწავლიან.
სწავლება ტარდება სენაკის სათემო განათლების ცენტრში (განთავსებულია დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში - სენაკის ყოფილ სამხედრო ქალაქში).
საბაზისო კურსი ორი თვე გაგრძელდება და შემდეგ ქალებს დასაქმების ახალი პერსპექტივები გაუჩნდებათ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალები ნათელ, მზიან ოთახში მეცადინეობენ და ზოგჯერ „სასწაულებსაც“ ახდენენ...
მასწავლებელი მაკა ჯიშკარიანი უშურველად უზიარებს მათ თავის ცოდნას, გამოცდილებას, უამრავ საიდუმლოებას...
ქუთაისის დღის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ახალი კურსი დაიწყო.
პირველივე გაკვეთილებიდან იგრძნობა ინტერესი, მონდომება. სიხალისე... ორი თვის შემდეგ, შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეები თავიანთი ნამუშევრების გამოფენას მოაწყობენ და იტყვინ, რომ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებში დაიწყო ინიციატივების განხორციელების პროცესი. ჯგუფებმა 18 ინიციატივა წარმოადგინეს და მათგან 8 დააფინანსა ჩვენმა ორგანიზაციამ.
ოქტომბრის დასაწყისში ინიციატივების ავტორებს გადაეცათ მასალები, ხელსაწყოები და ისინი შეუდგებიან თავიანთ საქმეებს.
პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი აღნიშნავს: - ინიციატივების განხორციელება დიდი მხარდაჭერაა მოწყვლადი ჯგუფების ადამიანებისთვის. ეს ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, სერიოზული სტიმულია მათთვის და მათი ოჯახებისთვის. ამიტომ ყველა, ვინც დაფინანსება მიიღო, მადლობას უხდის ჩვენს ორგანიზაციას. ჯგუფები კიდევ უფრო გაზრდილი მოტივაციით ჩაერთნენ მუშაობაში. ისინი, ვისაც ახლა არ მიუღია დაფინანსება, მოემზადებიან მეორე ეტაპისთვის.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრებზე ექვსი ახალი ქეისის იდენტიფიცირება მოახდინეს.
ყველა შემთხვევაში რისკის და ძალადობის განვითარების ალბათობა მაღალია. პროცესში ჩაერთნენ მობილიზატორები, აქტიურად გამოიყენება პრევენციული ქმედებები.
ფსიქოლოგთან საუბარი პოზიტიურად მოქმედებს ქალებზე. ქალები პრობლემიდან თავის დაღწევის გზებს ეძებენ. მობილიზატორები სამუშაოს მოძიებაში დაეხმარნენ რამდენიმე ბენეფიციარს და ამ ოჯახებში სოციალური ფონით გამოწვეული კონფლიქტების განვითარების რისკებიც შერბილდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- როგორ მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის პრობლემის იდენტიფიცირება, ქალთა საჭიროებების გამოკვეთა და მათი ადვოკატირება, ქეისების იდენტიფიცირება და მართვა - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა ონლაინ გამართულ შეხვედრაზე.
მონაწილეებმა გამოწვევებსა და პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი მოსაზრებით, იდენტიფიცირების პროცესი უფრო გართულებულია, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა იკვეთება. ამიტომ პრევენციული ღონისძიებები, ქალთა ინფორმირება და მიზნობრივი გადამისამართება აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა ტექნიკურ საკითხებზეც ისაუბრეს: როგორ აისახოს ანგარიშში თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები და გამოწვევები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინტერესო ფორმატით წარიმართა დიალოგი სამოქალაქო განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებთან. ონლაინ შეხვედრის თემა - „მიგრაციის ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სტრუქტურული ასპექტები და მისი პრევენციის ღონისძიებები“.
მონაწილებს გავაცანით ფონდი „სოხუმის“ კვლევის მიგნებები, ციფრული რესურსი www.sosfsokhumi.ge, ვისაუბრეთ ქალთა მიგრაციის ძირითად ფაქტორებზე, უკონტროლო მიგრაციის ფსიქოსოციალურ შედეგებსა და შემცირების მნიშვნელობაზე.
გაიმართა საინტერესო დიალოგი მიგრაციის პრევენციის მექანიზმებზე, მიგრაციული ტენდენციის ჯგუფებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გაგვიზიარეს საკუთარი დაკვირვება, რომ თუ წინა წლებში მიგრაცია უფრო ქალაქის მოსახლეობას შეეხებოდა, უკვე სოფლებიც იცლება, რადგან სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულად შემოდის ინოვაციები, ნიადაგი გამოიფიტა, შემოსავალმა მნიშვნელოვნად იკლო. ნაკლებად ხდება წარმატებული ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია.
ითქვა, რომ უკონტროლო მიგრაციის შემცირება რთულია შესაბამისი პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გარეშე, მაგრამ ამის პარალელურად, აუცილებელია, საზოგადოებამ გაიაზროს, რა ნეგატიური ფსიქოემოციური შედეგები მოსდევს მიგრაციას ოჯახებისთვის: გაუცხოება, მშობლების სითბოს მოკლებული ბავშვები, ზედმეტად მძიმე ზრუნვის ტვირთი ხანდაზმულებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ „ტვინების გადინებაზე“, დემოგრაფიული სურათის შეცვლაზე. ამიტომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საზოგადოებრივი დიალოგი მიგრაციის საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გეგმის მიხედვით წარიმართა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში. ხუთი შეხვედრა ასისტენტმა ნინო ჭაბუკიანმა ჩაატარა თერჯოლაში, ვანში, ქუთაისში, წყალტუბოსა და ქობულეთში, დანარჩენი ხუთი შეხვედრის ორგანიზება და ჩატარება კი ლიდერების საქმეა და კარგადაც გაართვეს თავი.
ზუგდიდში, ჩოხატაურში, სენაკში, წალენჯიხასა და ხობში გამართულ შეხვედრებზე ჯგუფების წევრებმა განიხილეს სამოქალაქო ინიციატივების კონკურსთან დაკავშირებული საკითხები. აქცენტი გაკეთდა შენიშვნებზე, რომ შემდეგ ეტაპს უფრო მომზადებულები შეხვდნენ.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
