

ფონდი „სოხუმის“ იურისტი 7 მაისს სენაკში შეხვდა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და სენაკის გენდერული საბჭოს მუშაობის შესახებ. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალურად დაცვის მინისტრის ბრძანება #141/ნ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესსა და პროცედურებზე.


ფონდი „სოხუმის“ იურისტმა გამართა შეხვედრა ქუთაისის მუსიკალური სკოლის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილ ქალებთან. მათ ბინები კერძო საკუთრებაში დაუკანონდათ, მაგრამ აქვთ წყალგაყვანილობის, ავტოფარეხის და სხვა პრობლემები.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაცია, შექმნან ამხანაგობა, კოლექტიური განცხადებით მიმართონ ქუთაისის მერიას და მოითხოვონ დახმარება პრობლემების გადაჭრაში. საკითხზე მონიტორინგი გაგრძელდება მომავალში.
შეხვედრაზე ასევე გაიცა ერთი ინდივიდუალური კონსულტაცია.
ქუთაისში ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, ქუთაისის თავშესაფრის იურისტთან ერთად ფონდი „სოხუმის“ იურისტს დახმარებისთვის მიმართა, რათა მიეღო მსხვერპლის სტატუსი, რაც მას თავშესაფარში დარჩენის და სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. მომზადდა ყველა საჭირო დოკუმენტი და გადაეგზავნა მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელ კომისიას თბილისში. 17 თებერვალს ჩატარდა სხდომა, ქალბატონს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, მას უკვე შეუძლია თავშესაფარში იცხოვროს და გააგრძელოს ფსიქორეაბილიტაცია.
ეს ერთ-ერთი ქეისია ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის იურისტის ანგარიშიდან.
ამას გარდა მან თებერვალში ჩაატარა 12 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.



ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურისტებმა სხვადასხვა თემაზე ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. ქუთაისში მთავარი თემა იყო საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის შესახებ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული შშმ პირთა პროგრამები და პრიორიტეტები.



