26 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე: „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“.
შეხვედრის პირველ ნაწილში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - თეა ახვლედიანმა, რომელმაც ისაუბრა სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის გააქტიურების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ლაშა დარსალიამ დეტალურად განიხილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესში არსებული დინამიკა და გამოწვევები და ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიერ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა გამოწვევების გადაჭრის მიზანმიმართულ დაბრკოლებაზე. საქართველოში გაეროს რეზიდენტმა კოორდინატორმა - საბინე მახლმა ისაუბრა სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის საქმეში გაეროს როლზე და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის კუთხით გაეროს სააგენტოებისა და პროგრამების საქმიანობაზე.
გაზაფხულდა და ფორუმ-თეატრის განახლებულ გუნდს საინტერესო აპრილი აქვს - ღია ცის ქვეშ ხვდება მაყურებელს.
წარმოდგენების ჩვენება გაიმართა ქუთაისის ცენტრალურ ბაღებში და თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ამფითეატრის სცენაზე.
სულ მალე ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს შეემატება კიდევ ერთი ახალი ფორმატი - თოჯინების თეატრი.
თოჯინების თეატრის პირველ წარმოდგენას საფუძვლად დაედო ქართული ხალხური ზღაპარი „გვრიტი“. შეიქმნა თოჯინების ესკიზები, ახალგაზრდა მსახიობები სიამოვნებით სწავლობენ თოჯინების „მართვას“ და მთელი მონდომებით არიან ჩართულები სარეპეტიციო პროცესში.
21 აპრილს თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო სახალხო დამცველის - ნინო ლომჯარიას სპეციალური ანგარიშის წარდგენაზე - „2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი და სხვადასხვა ბარიერის დაწესება, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, უკანონო დაკავებები, გადაადგილებისათვის აუცილებელ დე ფაქტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა, ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს უქმნის მათ საარსებო წყაროებზე წვდომაზე.
ეკატერინე გამახარიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობაზე, რაც ამჯერად გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტის (ბინადრობის მოწმობის) მიღების პრობლემას. ეს კვლავ ქმნის რისკს, დოკუმენტის გარეშე დარჩენილმა, ათასობით ადამიანმა ისევ მიმართოს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სარისკო გზას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის.
ტყიბულში პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ამ კუთხით აქტიურ მუშაობას ფონდი „სოხუმი“ ტყიბულის მუნიციპალიტეტში პირველად იწყებს. პრეზენტაციას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, პედაგოგები, მშობლები. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება და გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი.
დასრულდა ჩვენი პროექტით გათვალისწინებული მესამე მონიტორინგი, რომელიც ასახავს საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტებში. ლანჩხუთში მონიტორინგი ჩაატარეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა - „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ და „საქართველოს სასოფლო დარბაზი“. სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მონიტორინგის შედეგები. მათ ასევე ისაუბრეს უკვე განხორციელებული მცირე პროექტის შედეგებზე და ახალდაფინასებული მცირე პროექტების მიზნებსა და ამოცანებზე.
მუშაობა მიმდინარეობს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.
ონლაინ ვორკშოპი გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტში ელექტრონული პეტიციის დანერგვის თემაზე. ვორკშოპს ესწრებოდნენ ვებგვერდის ადმინისტრატორი, აიტი სპეციალისტი, ფასილიტატორები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტის თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებაში.
ვორკშოპის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ელექტრონული პეტიციის სისტემის შესახებ: პეტიციის ელექტრონულად დარეგისტრირება, ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურები და ა.შ. ვორკშოპის მეორე ნაწილი დაეთმო სისტემის შიდა ადმინისტრირების საკითხებს.
ლანჩხუთში ორი პარტნიორი ორგანიზაცია მუშაობს ჩვენთან ერთად პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
„საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ - სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში. მარტის ბოლოს სწორედ მათ მიიღეს პირველი გრანტები მუნიციპალიტეტში მცირე პროექტების განხორციელებისთვის.
20 აპრილს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს ამ ორგანიზაციების წევრებთან. განხილულ იქნა ახალდაფინანსებული პროექტების შესრულების ეტაპები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ფონდმა „სოხუმმა“ პირველად დაიწყო ინტენსიური მუშაობა. პირველ შეხვედრას - პროექტის პრეზენტაციას - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. საუბარი გაიმართა იმ საკითხებზე, რომლებზე მუშაობაც პროექტითაა გათვალისწინებული: ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახების გაძლიერება, ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა მხარდაჭერა, გენდერულ პრობლემებზე რეაგირება.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამწლიანი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გაძლიერებას და პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს.
ქობულეთში ერთი წელია, აქტიურად მუშაობს ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცენტრი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ახალ პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. ქობულეთში 19 აპრილს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემების იდენტიფიცირებას და პრევენციას, ოჯახების გაძლიერებას, საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრები, სოციალური სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე.
