ძალადობის ამოცნობა, ცოდნა და მხარდაჭერა — შეხვედრა ხონში
ხონში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მონაწილეთა მხარდაჭერას ემსახურებოდა. შეხვედრის მთავარი მიზანი უსაფრთხო სივრცის შექმნა იყო, სადაც ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სანდო ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ, ესწავლათ ძალადობის ამოცნობა და ეგრძნოთ, რომ ამ გამოცდილებაში მარტო არ არიან.
ფსიქოლოგის განმარტებით, შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძალადობის ფორმებს, მის გავლენას ადამიანის ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე და იმ გზებს, რომლებიც დახმარების მიღებას შესაძლებელს ხდის:
„ხშირად ადამიანები ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ ისე, რომ ეს მათთვის ნორმად იქცევა. ასეთ შეხვედრებზე ისინი პირველად აცნობიერებენ, რა არის ძალადობა და რატომ არ უნდა მოითმინონ ის,“ — აღნიშნავს ფსიქოლოგი.
ხონში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთმა მონაწილემ პირველად გააცნობიერა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალადობის ფორმაა. მიღებული ინფორმაციისა და მხარდაჭერის შემდეგ, მან ისარგებლა გადამისამართებით და მიიღო იურიდიული კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეებს ასევე სთავაზობენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის სერვისებს.
შეხვედრების მნიშვნელობაზე თავად მონაწილეებიც საუბრობენ:
„აქ მივხვდი, რომ ჩემი ტკივილი ნორმა არ იყო და დახმარების მიღება შემიძლია,“ — ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი.
სხვა მონაწილე კი ხაზს უსვამს ცოდნის გაძლიერების როლს:
„ცოდნამ მომცა ძალა და ამის შემდეგ ჩემს მეუღლეს ვეტყვი, რომ საკმარისია.“
ფსიქოლოგის თქმით, მსგავსი შეხვედრები ხშირად ხდება პირველი ნაბიჯი ცვლილებებისკენ, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას, იღებს მხარდაჭერას და იწყებს უსაფრთხო გზების ძიებას:
„აი, ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრებს, ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ და ამას ნორმად აღიქვამენ, აცნობიერებენ რეალობას და ხვდებიან, რომ ძალადობა არ უნდა მოითმინონ და დახმარება ხელმისაწვდომია.“
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
