


აგვისტოში აქტიურად იმუშავა ფონდი „სოხუმის“ კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ჯგუფმა - ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფმა.
გაიმართა ჩაღრმავებული ინტერვიუები წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოების გენდერულ მრჩევლებთან. ასევე ფოკუს-ჯგუფები ამავე მუნიციპალიტეტებში შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან.
შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მონაწილეობის აუცილებლობა ძალადობის პრევენციის საკითხში. ამას კი ფონდ „სოხუმთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ასახელებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ივნისის სამობილიზაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, აგრეთვე სოფლებში; თერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ხორში (სენაკის მუნიციპალიტეტი), ხურჩა და კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

სამობილიზაციო შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ქალაქებსა და სოფლებში.
33 სამობილიზაციო შეხვედრის თემატიკა მიეძღვნა ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე, მათ მოვალეობებზე, პრობლემებზე. ყურადღება გამახვილდა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე. აღინიშნა, რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი კომუნიკაცია ბავშვებთან.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 36 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ხურჩასა და კოკში.

ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აგრძელებენ საინფორმაციო-სამობილიზაციო მუშაობას ბენეფიციარებთან.
ივლისის თვეში სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო - დამცავი და შემაკავებელი ორდერები, როგორც მსხვერპლის დაცვის მექანიზმი.
შეხვედრები, ძირითადად, ჩატარდა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, სოფლებში და ადგილობრივ მოსახლეობასთან. იყო დისკუსიებიც, შეკითხვებიც, რომლებზეც მობილიზატორებმა პასუხები გასცეს.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები ყოველთვიურად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, რათა მეტად ფლობდნენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ინიცირებული პროგრამების შესახებ. ამის თაობაზე შემდგომ ცნობას აწვდიან ქალებს სამობილიზაციო შეხვედრების თუ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული ღონისძიებების დროს.
აპრილში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ადგილობრივ თვითმმართველობაში, დაესწრნენ საკრებულოს სხდომებს.



