სენაკი: უწყებათაშორისი თანამშრომლობის კარგი მაგალითი

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქსივრცე 16 დღის განმავლობაში ლამის „აფეთქდა“ ნიუსებით, ფოტოებით, ვიდეორგოლებით...

ყველაფერი ერთ შეხვედრაზე დაიწყო...

სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დროს 16-დღიან კამპანიაზე საუბრისას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ სურვილი გამოთქვა, მასწავლებლები მოგვემზადებინა ტრენერებად და მერე მათ სკოლებში ჩაეტარებინათ აქტივობები.

ინიციატივა იყოს და...  ქალთა ფონდი „სოხუმი“ ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის.

18 ნოემბერს რესურსცენტრში გაიმართა ტრენინგი თემაზე „შეხვედრების ჩატარება ძალადობის საკითხებზე“. ესწრებოდა ქალაქის და მუნიციპალიტეტის სოფლების 26  მასწავლებელი - მენჯის, ეკის, თეკლათის, გეჯეთის, ახალსოფლის, ძველი სენაკის და სხვა სოფლების სკოლების ქართულის, უცხო ენების, მათემატიკის, ფიზკულტურის, მუსიკის, სამოქალაქო განათლების და სხვა საგნების მასწავლებლები.

ტრენერ ლალი შენგელიასთან ერთად მონაწილეებმა უამრავი საკითხი განიხილეს: ფემიციდი, ძალადობა ქალთა მიმართ, რეფერალური მექანიზმები, კერძოდ, საჭირო ტელეფონის ნომრები, თავშესაფრები, მუნიციპალური და ფონდი „სოხუმის“ სერვისები. გაეცნენ ჩვენს ვებგვერდს „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“   http://sosfsokhumi.ge/

ერთ-ერთი საკითხად გამოიყო საერთაშორისო საინფორმაციო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. მონაწილეებმა ნახეს ელექტრონული პრეზენტაცია „კამპანიის გაკვეთილები“, სადაც წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის“ აქტივობები კამპანიის ფარგლებში. და ტრენინგის ფინალურ ნაწილში, რა თქმა უნდა, შეხვედრების და სხვადასხვა აქტივობის ჩატარების ტექნიკასაც გაეცნენ.

მერე კი, 25 ნოემბერს დაიწყო კამპანია. 16 დღის მანძილზე სენაკში ჩატარდა აქციები, კინოჩვენებები, დისკუსიები, გამოფენები, საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები, პერფორმანსები...

მასწავლებლების საქმიანობა გასცდა სკოლის ფარგლებს, მოიცვა ვირტუალური სივრცე, საზოგადოების წევრები. მოსწავლეები გადიოდნენ ქუჩაში, მართავდნენ აქციებს, ატარებდნენ გამოკითხვებს.

კამპანიის შესახებ ინფორმაცია მივიდა 6000-მდე მოქალაქესთან.

„16 დღის განმავლობაში 26 სკოლა, ფონდ „სოხუმთან“ ერთად, მჭიდროდ თანამშრომლობდა სენაკის ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიასთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებასთან. სენაკის უწყებათაშორისი კომისიის მიერ ჩატარებული კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კარგი მაგალითია. ვისურვებდი, ეს მუხტი გადაედოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც და აქტიურად დაინერგოს უწყებათაშორისი თანამშრომლობის პრაქტიკა“, – აღნიშნავს თეა გოლეთიანი (ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატორების ჯგუფის წევრი, სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის წევრი).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები