ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფს წყალტუბოში რამდენიმე ახალი წევრი შეემატა. ახალი წევრები ჰყავს თერჯოლის ჯგუფსაც. სენაკში განიხილეს ახალი მძიმე ქეისები. ახლა ანკეტების დამუშავება მიმდინარეობს.
ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტშიც აქტიურად ჩატარდა მარტის შეხვედრები. ჯგუფის მორიგ შეხვედრებზე მონაწილეები დაინტერესდნენ სახელმწიფო სერვისებით. მათ უკვე აქვთ ინფორმაცია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის პროგრამების და მომსახურების შესახებ. ქალებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკური გაძლიერება. ინფორმირებულობით და ურთიერთდახმარებით ცდილობენ ისინი პრობლემების მოგვარებას. ჯგუფის შეხვედრები იმედის მომცემია თითოეული მონაწილისთვის, რადგან ისინი აქტიურდებიან, ძლიერდებიან და უკეთ უმკლავდებიან გამოწვევებს.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ოჯახში ძალადობის პრევენცია, მოქალაქეთა ინფორმირება მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება - ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება სოციალური მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
თვის განმავლობაში ათი რისკის ჯგუფის ოჯახის იდენტიფიცირება და მათი გადამისამართება მოხდა. რეფერირების პროცესში აქტიურად იყო გამოყენებული ფსიქოლოგის და იურისტის საკონსულტაციო მომსახურება, სარეაბილიტაციო ცენტრი. სერვისების გამოყენება ბენეფიციართა ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების საფუძველი ხდება.
საინფორმაციო შეხვედრებზე იკვეთება, რომ ინფორმირების საკითხი და ქალთა მხარდაჭერის აუცილებლობა კვლავ პრიორიტეტულია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შეხვედრებზე გამოიკვეთა მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პრობლემები. მშობლები საუბრობენ შვილების ქცევის პრობლემებზე, შვილებს კი არ მოსწონთ ოჯახებში არსებული მდგომარეობა.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ოჯახის სტაბილურობას განაპირობებს ოჯახის წევრების მიერ კონფლიქტების კონსტრუქციულად მოგვარების უნარი. ოჯახში, სადაც სუფევს მუქარის, სიმკაცრის და კონფლიქტის ატმოსფერო, ხშირია პიროვნების დამახინჯება. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო მრავლადაა დისფუნქციური ოჯახები, რომლებსაც არ შესწევთ ძალა, დააკმაყოფილონ ოჯახის წევრების პიროვნული და სულიერი ზრდის მოთხოვნილებები.
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა შეხვედრები გამართა თერჯოლის, სამტრედიის, ვანის, წალენჯიხის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მისი რჩევები სასარგებლო აღმოჩნდა ქალებისთვის, ამიტომაც ისინი ყოველთვის ინტერესით ელოდებიან შეხვედრებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ძალადობა ჩვენს გვერდით. ჩვენი რეაქციები მოძალადის და მსხვერპლის მიმართ. დაცვის მექანიზმები. ძალადობის პრევენცია - ამ და სხვა საკითხებზე საუბრობენ მაყურებლებთან ერთად ფორუმ-თეატრის წარმოდგენის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობები და რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე.
დისკუსია წარმოაჩენს საზოგადოების დამოკიდებულებას. და განსაკუთრებით იმას, ჯერ კიდევ რამდენი რამეა გასაკეთებელი ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
ფორუმ-თეატრმა ქუთაისში ჩაატარა წარმოდგენები და აქტუალურ პრობლემებზე დააფიქრა მაყურებელი.
იმისთვის, რომ ფორუმ-თეატრის დადგმული სცენები უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, მათი ფილმად გადაღება გადაწყდა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ფილმზე მუშაობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა 77.6%-ის გამოცდილებით, ონლაინ ძალადობა შფოთვასა და დეპრესიას იწვევს, 42.2% შიშის გამო თავს არიდებს სოციალურ ქსელებში აქტიურობას, ხოლო 30.2% -ს არასდროს მიუმართავს დახმარებისთვის.
ონლაინ ძალადობის გავლენა შეუმჩნეველი, მაგრამ რეალურია. მოზარდებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ როგორც რეალურ, ისე ციფრულ სივრცეში.
სოციალური მედია თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა, უსაფრთხოა კი ის ახალგაზრდებისთვის? კვლევები გვიჩვენებს, რომ ონლაინ სივრცე სავსეა საფრთხეებით, რომლებიც განსაკუთრებით მოზარდებს აზარალებს.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის მიხედვით, ყოველი მეოთხე მოსწავლე პირადად გამხდარა კიბერბულინგისა და ონლაინ ძალადობის მსხვერპლი. TikTok-სა და Facebook-ზე გოგონები განსაკუთრებით ხშირად აწყდებიან შევიწროებასა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს, რაც მათ ემოციურ კეთილდღეობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, ბიჭები ხშირად ხვდებიან ჰაკერული თავდასხმებისა და ფინანსური ზეწოლის მსხვერპლად.
ონლაინ უსაფრთხოება მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ არის – ეს მთელი საზოგადოების ამოცანაა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ციფრული სივრცე ახალგაზრდებისთვის უფრო უსაფრთხო და მეგობრული გახდეს.
ყოველთვის საინტერესოა მუშაობა ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა და ემპათია არსებულ სიტუაციაში. სწორედ ასეთი ადამიანები ჩამოდიან ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში. მარტში აქ იმყოფებოდნენ ქალები და არასწრულწლოვნები. იყვნენ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან დედის გარეშე. მათ სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა. ცენტრის თანამშრომლები სისტემატურად მუშაობდნენ ბენეფიციარებთან.
ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე აღნიშნავს: „ოჯახსუდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის აგრესიულობის ჩამოყალიბებაში. აგრესიული რეაქციების დამახასიათებელ სტილს ადამიანი ინარჩუნებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამგვარ პრობლემებს წავაწყდით მუშაობის პროცესში, მაგრამ ჩვენმა მონდომებამ სასიკეთოდ იმოქმედა ბავშვებზე. ეს მათ ნახატებშიც ჩანს“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობისას იყენებს ტრავმა-ინფორმირებულ მიდგომას, რომელიც მათ რეაბილიტაციასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაში ეხმარება.
ეს მეთოდი ემყარება ემპათიას, უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას. სპეციალისტები ქალებს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, არამედ მათ გაძლიერებაზე, შესაძლებლობების განვითარებასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნებაზე მუშაობენ.
ტრავმა-ინფორმირებული მიდგომა საშუალებას აძლევს ძალადობის მსხვერპლებს, გააანალიზონ საკუთარი გამოცდილება, მიიღონ საჭირო დახმარება და საკუთარი ძალების რწმენა დაიბრუნონ. ეს პროცესი მნიშვნელოვანია მათთვის, რომ გაძლიერდნენ და შეძლონ ახალი ცხოვრების დაწყება.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს მუშაობას, რათა უფრო მეტმა ქალმა მიიღოს საჭირო მხარდაჭერა და შექმნას ღირსეული და დამოუკიდებელი მომავალი.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ძალადობაგამოვლილ ქალებს ეხმარება ძალების აღდგენასა და ცხოვრების თავიდან დაწყებაში. სოციალური მუშაკებისა და სპეციალურად გადამზადებული პარასპეციალისტების მხარდაჭერით, ქალები იღებენ საჭირო რჩევებს, რესურსებს და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს. ეს პროცესი არა მხოლოდ ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციას, არამედ აძლიერებს მათ, რათა შექმნან საკუთარი უსაფრთხო და ღირსეული მომავალი. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც თითოეულ ქალს აქვს საჭირო მხარდაჭერა, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ძალადობისგან თავისუფალი სამყაროსკენ.