შეხვედრები (650)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

თებერვალში სამობილიზაციო შეხვედრებზე იმსჯელეს დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ მოსამზადებელ დოკუმენტზე, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
დევნილთა აზრით, აუცილებელია რეფორმის სახეების განხილვა და კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა. აქტუალურ თემაზე საუბრისას გამოიკვეთა დევნილთა საჭიროებები და წინადადებები, რომელთა შესახებ ფონდმა „სოხუმმა“ ინფორმაცია მიაწოდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს სხვადასხვა შეხვედრაზე ქუთაისსა და თბილისში.
დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში. ამ საკითხს მიეძღვნა საინფორმაციო შეხვედრა ხონის დევნილთა დასახლებაში. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დევნილთა რეფორმასა და ცვლილებებზე. მათ შეიმუშავეს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც განხილვისათვის მიეწოდება დევნილთა და განსახლების სამინისტროს.
(PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას პრობლემათა ადვოკატირების მიმართულებით. 9 თებერვალს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა შეადგინეს ადვოკატირების გეგმა. გაიწერა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ წევრს საკუთარი უფლებამოსილება განესაზღვრა. ადვოკატირების გეგმაში დაფიქსირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ვიზიტები, რადგან პრობლემების მოგვარება მათი ჩართულობით, მათთან აქტიური თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

ხონის მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-8 სხდომაზე საბჭოს წევრებმა შეაჯამეს განხორციელებული აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ ახალი სერვისების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ინკლუზიას.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაყოფნა, განაგრძონ თანამშრომლობა ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და, ამავდროულად, ხელი შეუწყონ სერვისების სიცოცხლისუნარიანობას. ამისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება გარკვეული თანხები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადვოკატირების თემას. განხილული იყო დევნილთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს იდეას, რომ რეფორმამდე საჭიროა კონსულტაციები უშუალოდ ბენეფიციარებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა რეფორმა მაქსიმალურად იყოს მიმართული დევნილთა ცხოვრების გაუმჯობესებისკენ.

6 თებერვალს წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრები გაეცნენ მთელი წლის სამუშაო გრაფიკს, ისაუბრეს წყალტუბოში არსებულ პრობლემებზე. ჩამონათვალში მოხვდა სოციალური პრობლემები, რომელთა მოგვარება შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აღინიშნა, რომ ადამიანური უსაფრთხოების საკითხები საკმაოდ პრობლემატურია და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება იმ პროგრამებზე, რომელთაც ადგილობრივი ბიუჯეტი ითვალისწინებს. სამუშაო გრაფიკში ამ კუთხით მუშაობაც ჩაინიშნა. საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივი თემის ინფორმირების პარალელურად, ყოველთვიურად იმუშავებს პრობლემების ადვოკატირებაზე.

2 თებერვალს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრები გაეცნენ ერთწლიან სამუშაო გრაფიკს. გრაფიკი ითვალისწინებს იმ პრობლემებზე მუშაობას და ადვოკატირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქალებს. განისაზღვრა ჯგუფის წევრების კომუნიკაცია ადგილობრივ თემთან და მისი ინფორმირება. ასევე - ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა.
საინიციატივო ჯგუფმა პრობლემების იდენტიფიკაციაზეც იმუშავა. ჩამონათვალში მოხვდა სოციალური პრობლემები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული მუშაობის გრაფიკი, ქალთა უსაფრთხოების საკითხები.
მონაწილეებმა ადვოკატირების გეგმა შეიმუშავეს. პროცესში ჯგუფის წევრები აქტიურად იქნებიან ჩართულნი და პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით შეეცდებიან.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

31 იანვარს სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორი პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ და „ახალი ცნობიერებით - არაძალადობრივი საზოგადოების შენებისაკენ“. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე, გამგეობის წარმომადგენლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, საბავშვო ბაღების პედაგოგები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
საკრებულოს ხელმძღვანელობამ პოზიტიურად შეაფასა პროექტები. ისინი იმედოვნებენ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების თანახმად შეიქმნება საკრებულოში, იმავე მიმართულებით განაგრძობს მუშაობას და გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე არანაკლებ აქტიური იქნება.
ამ ეტაპზე საბჭო თანამშრომლობს სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბთან, რომელიც აქტიურად მუშაობს სენაკში გენდერული კუთხით.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ფოთი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი). განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრები სოფლებში, სადაც იგრძნობა ინფორმაციის დეფიციტი.
შეხვედრების თემა დაკავშირებული იყო ქალთა მიმართ ძალადობის კანონთან და მასში შეტანილ ცვლილებებთან.
სამობილიზაციო შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტზე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია 2017 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ ადგილობრივ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე.

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მოსახლეობასთან ქალთა უსაფრთხოების საკითხებსა და ინკლუზიურ მიდგომებზე.
შეხვედრებზე გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქალებს, მათ ოჯახებს. მოდერატორების სამოქმედო გეგმაში ეს პრობლემები უკვე გაიწერა და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით დაიწყება ადვოკატირების პროცესი.

20 იანვარს ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი 2017 წელს პირველად შეიკრიბა. ჯგუფის ლიდერმა, გასული წლის შედეგების შეჯამებისას, ისაუბრა როგორც მოკლევადიანი ადვოკატირების პოზიტიურ შედეგებზე, ასევე გრძელვადიანი ადვოკატირების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე. ბოლო სიახლეების მიხედვით, ჯგუფმა საკრებულოსგან მიიღო ოფიციალური პასუხი, რომ მათი მოთხოვნა - ხონის ცენტრალური და ბავშვთა ბიბლიოთეკის ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფაზე - 2017 წლის პრიორიტეტებში გათვალისწინებულია.
კმაყოფილებით აღინიშნა, რომ დაინერგა თვითმმართველობასთან კონსტრუქციული უკუკავშირის სისტემა და ჯგუფის ყოველი მიმართვა თვითმმართველობის ნებისმიერი რგოლიდან ოპერატიულ რეაგირებას იწვევს.
დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა ახალი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, სფეროები, სადაც ხონის საინიციატივო ჯგუფი აპირებს აქტიურ საქმიანობას. მათ შორის არის - ეკოლოგიური, სოციალური უსაფრთხოების საკითხები, რომელთა გადაჭრაში ქალები საკუთარ წვლილს შეიტანენ.
