ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
თებერვლის ბოლოს იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში. მოსახლეობამ ორ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება: ბუნებრივი აირის მილების ჩაყრის გამო გაფუჭებული საავტომობილო გზა და ზაფხულში ხანგრძლივი გვალვის შემდეგ ჭებში წყლის დაშრობა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე დაიწერა განცხადება, რომელსაც დასახლების 80-მა პროცენტმა მოაწერა ხელი. შედეგად - უნდა გადაიჭრას კვირიკეთში იდენტიფიცირებული პრობლემები.
იურისტი ასევე შეხვდა ქალაქ ოზურგეთის მუზეუმის დირექტორს, რომელმაც თავის მხრივ მუზეუმის რეაბილიტაციის პრობლემა გამოკვეთა. საკითხი დაისვა კულტურის მინისტრის წინაშე და მიღებულია შეპირება, რომ ახლო მომავალში მოხდება მუზეუმის სრული რეაბილიტაცია.
ქუთაისში ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, ქუთაისის თავშესაფრის იურისტთან ერთად ფონდი „სოხუმის“ იურისტს დახმარებისთვის მიმართა, რათა მიეღო მსხვერპლის სტატუსი, რაც მას თავშესაფარში დარჩენის და სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. მომზადდა ყველა საჭირო დოკუმენტი და გადაეგზავნა მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელ კომისიას თბილისში. 17 თებერვალს ჩატარდა სხდომა, ქალბატონს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, მას უკვე შეუძლია თავშესაფარში იცხოვროს და გააგრძელოს ფსიქორეაბილიტაცია.
ეს ერთ-ერთი ქეისია ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის იურისტის ანგარიშიდან.
ამას გარდა მან თებერვალში ჩაატარა 12 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.
12 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგთან ქუთაისში, დევნილთა 12 კოლექტიურ ცენტრში.
როგორ დავძლიოთ სასოწარკვეთა, პანიკა და გამოუვალი მდგომარეობის განცდა - ასეთი იყო საუბრების მთავარი თემა.
აღინიშნა: სამყაროში ყველაფერი იცვლება. ადამიანები იბადებიან და კვდებიან, შორდებიან ერთმანეთს და ქორწინდებიან. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სულის სიცარიელე უნდა შევავსოთ და სიამოვნება მივიღოთ. მაშინ სამყაროს საინტერესო ფერებით გაბრწყინდება, სული კი - ჰარმონიით.
უფასო იურიდიული კონსულტაციები და საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, ხონის, სენაკის, წყალტუბოს, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
მონაწილეებს მიეწოდათ სხვადასხვა სახის ინფორმაცია: კანონი ძალადობის წინააღმდეგ, მსხვეპლის დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, იგპ-თა უფლებრივი მდგომარეობა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის პროცესში, იპოთეკა და მასთან დაკავშირებული საკითხები, განათლების საყოველთაო უფლება, მოსწავლის უფლებები.
შეხვედრების ბევრმა მონაწილემ მიიღო ინდივიდუალური კონსულტაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ პრობლემების მოგვარებაში.
სუიციდის რისკი ძალადობრივ გარემოში, სუიციდის პრევენცია - ამ თემას მიეძღვნა ფსიქოლოგის კონსულტაციები ფოთის, ხონის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, სუიციდის შემთხვევებზე. ეს იყო სუიციდის პრევენციის პრაქტიკული ნაწილი, რა შემთხვევაში მიმართონ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, როგორ მოიქცნენ ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი საფრთხე.
ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები 29 ქალბატონის მონაწილეობით. ამ შეხვედრების ძირითადი თემა იყო გამოუვალი მდგომარეობა. გამოუვალი მდგომარეობა გამოსავლის არარსებობა კი არა, მისი ადგილსამყოფელის არცოდნაა.
მიიჩნევა, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან ყოველთვის არსებობს გამოსავალი. როგორც ფსიქოლოგმა განუმარტა შეხვედრების მონაწილეებს, გამოუვალი მდგომარეობა ჩიხია, საითკენაც ვუბიძგებთ ჩვენს თავს. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, არ უნდა დავკარგოთ ცხოვრების იმედი და ცხოვრებაც აივსება აზრით, წარმატებით, ბედნიერებით.
ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში იანვარის განმავლობაში გაიმართა 11 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა ნეგატიური ემოციების და სტრესოგენური ფაქტორების დაძლევის თემაზე. ასევე ჩატარდა 5 ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრა კრიზისული ოჯახური ურთიერთობების პრობლემაზე.
შეხვედრებს დაესწრო 75 ქალი 19-დან 67 წლამდე, მათგან 11-მა პირველად მიიღო მონაწილეობა. განხილული თემები ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენციის საშუალება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
იანვარში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ფოთის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. შეკრებილებმა მიიღეს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე: განქორწინება, ალიმენტის დანიშვნა, კრედიტთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმები და პრევენცია, უძრავი ქონების შეძენა და რეგისტრაცია, სოციალური საკითხების კუთხით კანონდებლობაში შესული ცვლილებები.
ფსიქოლოგის შეხვედრებს წყალტუბოში, ფოთში და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში 30 ადამიანი დაესწრო.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო სუიციდის რისკი ძალადობრივ გარემოში, ფსიქოლოგიური ტრავმების კვალი და სუიციდის პრევენცია. მიზანი კი - ქალთა ინფორმირებულობა ძალადობის ფატალური შედეგების თავიდან აცილებისთვის.
ფრაზები „დავიღალე, ცხოვრება აღარ მინდა, ახლა თავს მოვიკლავ და მერე შენ ნახე, რა მოგივა!“ – პასიური აზრებია, რომლებიც, შველისკენ მიმართული, გაუცნობიერებელი სიგნალებია და ამიტომ გარშემომყოფებმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.
შეხვედრები ინტერაქტიულად წარიმართა და თემა კონსულტაციის ყველა მონაწილისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია სოფელ ივანდიდში, რადგან სოფელს ახლო წარსულში ჰქონდა სამწუხარო გამოცდილება თანასოფლელის სუიციდის გამო.
ქუთაისის, ხურჩის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური და ინდივიდუალური კონსულტაციები. ესწრებოდა 36 ქალი 25-დან 65 წლამდე.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო ნეგატიური ემოციების და სტრესოგენური ფაქტორების დაძლევა და მათზე კონტროლი, რაც ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი პრევენციული ზომაა - რათა ქალებმა შეძლონ პირობების შექმნა თავიანთი ნეგატიური ემოციების კონტროლისთვის, ამასთანავე განუვითარდეთ უნარი, გავლენა მოახდინონ და შეცვალონ ნეგატიური ემოციები სუნთქვითი ვარჯიშებისა და მედიტაციის მეშვეობით.