სარეაბილიტაციო ცენტრში ქალები მოდიან მძიმე გამოცდილებით: გადაუმუშავებელი ტრავმებით, ხანგრძლივი სტრესით, უიმედობის განცდით, დაბალი თვითშეფასებით და რთული სოციალური მდგომარეობით. თუმცა ამ სირთულეების მიღმა მათში არის ბრძოლის უნარი და ბედნიერი მომავლის რწმენა.
სწორედ რწმენის გასაძლიერებლად ქალებს შევთავაზეთ პოლიმერული თიხის მასტერკლასი, რომელიც პედაგოგმა მაკა ჯიშკარიანმა ჩაატარა. შემოქმედებითი პროცესი მხოლოდ ხელსაქმე არ ყოფილა - ეს იყო თერაპიული გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და შინაგანი რესურსების გააქტიურება.
მასტერკლასის მონაწილე ქალების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თითოეულმა მათგანმა გამოავლინა ბუნებრივი ნიჭი და დიდი სურვილი, რომ ეს მიმართულება უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს.
მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში იგრძნობოდა ფერი, ემოცია და სიახლის იმედი. ეს დღე კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ცვლილებისკენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრების ნაწილი ონლაინ გაიმართა. წალენჯიხის ჯგუფმა ონლაინ ისაუბრა მუშაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა მხარდაჭერა, რომელსაც ფონდი „სოხუმი“ იჩენს ქალების მიმართ. შეხვედრის ერთი ნაწილი სწავლებას მიეძღვნა - ტრენერმა ქრისტინე ქუთათელაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ხელოვნური ინტელექტის თემაზე და უპასუხა შეკითხვებს.
სენაკში ყურადღება გამახვილდა ქალთა სოლიდარობის თემაზე, ძალადობის პრობლემაზე და განსაკუთრებით - ციფრულ ძალადობაზე. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდა ჩვენი გამოცემა „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა – ამოიცანი და დაიცავი თავი“.
ქობულეთის და დანარჩენი ჯგუფების მორიგი შეხვედრაც საინტერესოდ წარიმართა. ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, ცვლილებებსა და სიახლეებზე. მუშაობაში ჩაერთო ფსიქოლოგი, რომელმაც ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები ჩაატარა.
მოსწონთ ქალებს შეხვედრები, სადაც მსჯელობენ პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე. ჯგუფის მუშაობამ ახალი ცოდნა და გამოცდილება შესძინა თითოეულ მათგანს. იმედი აქვთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მეტის გაკეთება შეუძლიათ.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება, როცა მას ემატება ონლაინ სივრცე - ძალადობრივი კონტროლის განხორციელების მეტი შესაძლებლობა.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებულ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ტექნოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეებს. აღინიშნა, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ გარემოში არ ვლინდება და ონლაინ სივრცეშიც სერიოზულ გამოწვევად რჩება.
შეხვედრების ფარგლებში აქტიურად განიხილეს, რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რათა მათ შეძლონ მსგავსი საფრთხეებისგან თავის დაცვა და საჭირო დახმარების დროულად მიღება.
მონაწილეებმა აღნიშნეს:
„ქალებს არა აქვთ საკმარისი ინფორმაცია ციფრული ძალადობის შესახებ, რაც ადამიანებში დაუცველობის განცდას ამძაფრებს“.
„ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა. მეტი ინფორმირებულობა შეიძლება ამ პრობლემის წინააღმდეგ გამოვიყენოთ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გაზაფხულია ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში - ჰაერში, ეზოს ყვავილებში, ქალების განწყობაში.
ფოტოებზე არ ჩანს, მაგრამ ქალების კმაყოფილება ვიცით, გვიზიარებენ, მოსწონთ ჩვენი ზრუნვა და მადლიერებას გამოხატავან.
ერთ ფოტოზე ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძეა - მას ყველაზე მეტად ენდობიან ქალები, თავიათ პრობლემებს, განცდებს უზიარებენ და მისგან საჭირო რჩევებს იღებენ.
მეორე ფოტოზე - პროექტის კოორდინატორი ლელა ჯალაღონია და ასისტენტი ხათუნა გოგუა ესაუბრებიან ქალებს - მათთან უფრო თავშეკავებულები არიან, მაგრამ ეუბნებიან, რომ მოსწონთ ცენტრში ყოფნა, გარემო, მათ მიმართ დამოკიდებულება და რომ ბავშვებიც ძალიან გახარებულები არიან...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
რიტრითი გასვლითი სამუშაო შეხვედრაა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რესტარტი, გადატვირთვა, რომელიც სასიამოვნოდ დაამახსოვრდება ყველას.
ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა ოჯახის წევრებთან ერთად სამი დღე გაატარეს სასტუმრო „ბორჯომი პალასში“. (ძირითადად - შვილები იყვნენ - კარგები, ლამაზები, ნიჭიერები)...
იყო ექსკურსიები რაბათის ციხეში, სერაფიმ საროველის ტაძარში, სადგერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სეირნობა ბორჯომის პარკში, ქუჩებში...
ფსიქოლოგ ინა აირაპეტიანთან ერთად მუშაობის დროს მონაწილეები ეძებდნენ პასუხებს კითხვებზე: რა მდგომარეობაში ვართ? რა ფაქტორები მოქმედებს ჩვენზე ნეგატიურად? რაზე შეგვიძლია გავლენა? რის შეცვლას შევძლებთ? სად ვიპოვოთ ახალი ძალები და რესურსები?
რა თქმა უნდა, უამრავი შინაგანი რესურსი „აღმოვაჩინეთ“, ჩვენი საშინაო და საგარეო „ნიღბები“ შევქმენით და გავშიფრეთ, „თავდაცვის“ ახალი ტექნიკები ვისწავლეთ, ერთმანეთი უკეთ დავინახეთ, ჩავფიქრდით, ვიტირეთ, ვიცინეთ...
ბოლოს ბავშვებმა სიურპრიზი მოგვიწყვეს: ფორუმ-თეატრის სცენა წარმოადგინეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს...
მივხვდით: რესურსები ჩვენშია, ჩვენი ოჯახებია და კიდევ: ბენეფიციარები, ვისთვისაც მუშაობს ეს ორგანიზაცია, ვის მხარდაჭერასაც ცდილობს, თითქმის 30 წელია...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
რამდენად აქტუალურია ოჯახში ძალადობის პრობლემა თემებში?
რამდენად არის ინფორმირებული საზოგადოება მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე?
როგორ რეაგირებენ ძალადობის შემთხვევებზე?
სად შეიძლება მოიპოვონ ინფორმაცია არსებულ სერვისებზე?
ამ თემებზე აქტიური დისკუსიები გაიმართა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ინიცირებულ საინფორმაციო შეხვედრებზე ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), წყალტუბოში, წალენჯიხაში.
სოციალური მუშაობის გაძლიერებისთვის მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ პარასპეციალისტები. ქეისების იდენტიფიცირების პარალელურად, ხდება მათი მიზნობრივი გადამისამართება. ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას სამი ქალი მიიღებს ბავშვებთან ერთად.
სოციალური მუშაობა ხელს უწყობს სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის მქონე ჯგუფის ქალებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში და სენაკში გამართული საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო ქალთა ცნობიერების ამაღლება, იმ რესურსების გაცნობა, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ქალების უსაფრთხოდ ყოფნას უზრუნველყოფს.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებისა და სახეების შესახებ, ასევე - ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე, გაიგეს, რომელი ცხელი ხაზის გამოყენებაა ეფექტიანი და რატომ არის ამ სერვისების შესახებ ინფორმირება აუცილებელი.
მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ონლაინ სივრცეშიც შეიძლება ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.
„ხშირად არ ვიცით, რომ ინტერნეტში შეურაცხყოფა, თვალთვალი ან პირადი ინფორმაციის გავრცელება ძალადობის ფორმაა. ახლა უკვე ვიცით, ვის მივმართოთ დახმარებისთვის.“
მონაწილეთა თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს თემებში ინფორმირებულობის გაზრდას და ძალადობის შემთხვევებზე დროულ რეაგირებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია თემაზე „ქალთა გაძლიერება და მდგრადი მხარდაჭერის მექანიზმები თემებში: გამოცდილება, შედეგები და ზეგავლენა“
შეხვედრამ გააერთიანა 50 მონაწილე ქალი სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან: ურთიერთდახმარების ჯგუფების ლიდერები და წევრები, პარასპეციალისტები, სამოქალაქო ინიციატივების მონაწილეები და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
ქალებმა საკუთარი გამოცდილება, მიღწეული ცვლილებები და გამოწვევები გააზიარეს ოთხ თემატურ პანელზე:
- ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები, როგორც უსაფრთხო სივრცე ქალთა სოციალური გაძლიერებისა და ციფრული უნარების განვითარებისათვის.
- ქალთა მიერ განხორციელებული სამოქალაქო ინიციატივები, რომლებიც რეალურ ცვლილებად იქცა მუნიციპალიტეტებში.
- პარასპეციალისტების მხარდაჭერა და შედეგები ქალთა ცხოვრებაში
- ძალადობაგამოვლილ ქალთა მხარდაჭერის სერვისებზე ინფორმაციის ციფრული პლატფორმები და სოციალური მედია ქალთა ინფორმირებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში.
პროექტის შეფასებამ აჩვენა, რომ თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის მოდელები აძლიერებს სოციალურ და ეკონომიკურ ჩართულობას, იზრდება ციფრული უსაფრთხოების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა, ყალიბდება ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის ქსელები თემებში.
ღონისძიების დასასრულს პროექტში აქტიურად ჩართული ქალები დაჯილდოვდნენ.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
მიგრაცია სერიოზული და საკმაოდ აქტუალური თემაა. განსაკუთრებით ემოციურია საზღვარგარეთ წასული მშობლების და შინ დარჩენილი შვილების ურთიერთობა.
ეს საკითხები არავის ტოვებს გულგრილს: უამრავი მაგალითია, საკუთარი ოჯახის თუ ახლობელ-მეზობლების.
ასე იყო კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში ქალებთან და გოგონებთან ჩატარებულ შეხვედრაზეც. მით უმეტეს, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგი. იყო ბევრი შეკითხვა, სხვადასხვა ისტორიის გახსენება, ფსიქოლოგის რჩევები...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
