150-ზე მეტი ბენეფიციარის ინფორმირება მსხვერპლთა დახმარების პრევენციულ მექანიზმებზე და დახმარების სერვისებზე, ათი ახალი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება და მათთან მუშაობის ინდივიდუალური გეგმების მომზადება, ორი რეაბილიტირებული ოჯახი, ფსიქოლოგთან მუშაობით გაუმჯობესებული ხუთი ქალის ისტორია, სხვადასხვა თემში გამოვლენილი ახალი გენდერული საჭიროებები - ეს მონაცემები გაჩნდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების თებერვლის თვის ანგარიშებში.
ცენტრების მობილიზატორები აქტიურად თანამშრომლობენ კრიზისულ ოჯახებთან, რათა მათ ყველა საჭირო სერვისი მიიღონ და მდგომარეობა გაიუმჯობესონ. უკვე ჩაინიშნა ადვოკატირების პროცესი სხვადასხვა თემში იდენტიფიცირებული პრობლემების საპასუხოდ, რაც თემის აქტივისტებთან ერთად გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ვანის მერიის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორის კომისიის“ წევრებთან ჩატარდა მორიგი შეხვედრა. მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც განხორციელდება თემაზე „დაარღვიე დუმილი - შეაჩერე ძალადობა!“
ინიციატივის ფარგლებში მოხდება მერის წარმომადგენლების და სოფლის ამბულატორიების პერსონალის ინფორმირება ძალადობის საკითხებზე. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არსებულ სერვისებზე. განსაკუთრებით ხაზგასმული იქნება უწყებათაშორისი კომისიის, როგორც რეაგირების მექანიზმის, მნიშვნელობა.
ეს შეხვედრები დაეხმარება კომისიას, რომ მისი მუშაობა გადავიდეს უფრო აქტიურ ფაზაში - კონკრეტული ქეისების განხილვის და მათზე რეაგირების კუთხით.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
მონიტორინგის ჯგუფმა განაგრძო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. მორიგი შეხვედრა ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ მექანიზმებზე, რომლებიც არსებობს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და გაძლიერების კუთხით. მათთვის მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების, განსაკუთრებით კი ოჯახების გაძლიერების პროგრამის შესახებ, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვისა და დახმარების განყოფილებას აქვს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მექანიზმებზე ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და გაძლიერების კუთხით და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების შესახებ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა შეკრებილებს გააცნო პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის შეხვედრებზე იკრიბებიან ქალები, რომლებსაც არაერთი გამოწვევა აქვთ და პრობლემების მოგვარებაზეც ერთად მუშაობენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე ქალებმა გამოხატეს ჭრა-კერვის შესწავლის სურვილი.
ვანში, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა მუნიციპალიტეტში, ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჭრა-კერვის კურსები გახსნა. ამ საქმეს ასწავლის მაკა დადუნაშვილი, რომელიც ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ერთ-ერთი აქტივისტია. ფონდმა „სოხუმმა“ შეიძინა საკერავი მანქანები, ნაჭრები, ძაფები და ყველაფერი, რაც საჭიროა ნორმალური სწავლებისთვის. აწი ჯერი ქალების მონდომებაზეა...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩოხატაურის მერიის უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრაზე მოხდა სამოქალაქო ინიციატივებისთვის იდეების დეტალების შეჯერება და მათზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა.
გადაწყდა, რომ ჩატარდება „პოზიტიური მშობლობის ტრენინგი“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქალთა საჭიროებების კვლევა. ინიციატივების განხორციელებაში ჩაერთვებიან მერიის სტრუქტურები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
თბილისში გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით გაიმართა საკრებულოს წევრ ქალთა პოლიტიკური ფორუმი, რომელსაც 150-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.
ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საპარლამენტო და ადგილობრივი არჩვენებისათვის მზადების პერიოდში.
ფორუმს ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე.
მოკლე სამუშაო თვის მიუხედავად, აქტიური იანვარი გამოუვიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგს - მანანა გოცირიძეს. მან ჯგუფური შეხვედრა ჩაატარა სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ამას გარდა ონლაინ 12 ინდივიდუალური კონსულტაცია გამართა რეგიონებში და 13 ინდივიდუალური ფსიქოტერაპიულ სესია - ქუთაისში. უპასუხა 8 სატელეფონო ზარს და დაეხმარა ბენეფიციარებს ემოციური დაძაბულობის მოხსნაში.
ფსიქოლოგი ყოველდღე მუშაობდა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი შვილები. აქ ფსიქოლოგთან ერთად მუშაობდა იურისტი, სოციალური მუშაკი და პედაგოგი, რომელიც ბავშვებთან ატარებდა სახალისო-შემეცნებით საათებს.
ერთ-ერთმა ბენეფიციარმა აღნიშნა: „აქ ისე კარგად ვგრძნობ თავს, წასვლა არ მინდა. მიხარია, რომ ახლა მეტი ვიცი, უფრო ინფორმირებული ვარ და მოტივაციაც მეტი მაქვს, რომ ჩემი პრობლემები მოვაგვარო... დიდი მადლობა თქვენ - 34 წლის მანძილზე ეს იყო ჩემთვის ყველაზე ნათელი, თბილი და სასიამოვნო დღეები“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მონიტორინგის ჯგუფმა გააგრძელა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. მორიგი შეხვედრა ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მექანიზმებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლების დახმარებისა და გაძლიერების კუთხით არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებს დაეთმო.
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების პროგრამა, რაც, მათი აზრით, დიდი მხარდაჭერაა ისეთი ოჯახებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ შვილების განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
