ღია დიალოგი და მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას საქართველოში კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისში გაიმართა შეხვედრა EUMM-ის მცხეთის ველის ოფისის წარმომადგენლებთან, ნინა სტუბსა და ნადეჟდა დრუმევასთან. სტუმრები დაინტერესდნენ ჩვენი ახალი მონიტორინგის ანგარიშის - „რატომ მიდიან ქალები? ქალთა მიგრაციის გამომწვევი მიზეზების გენდერული განზომილება უფლებრივი მდგომარეობის, სოციალური ფაქტორებისა და ინტერსექციური მოწყვლადობის ჭრილში“ - ძირითადი მიგნებებით და ქალთა მდგომარეობის ადგილზე შეფასების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებით.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა ადამიანური უსაფრთხოების გაძლიერებაზე, მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობაზე, ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მასზე რეაგირებაზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტაბილურობის, დიალოგისა და ნდობის განმტკიცებაში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საჭიროებების თვალსაზრისით. თანამშრომლობის გაგრძელება ქალთა უფლებებსა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას ქალთა ხედვებისა და საჭიროებების მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში უკეთ ასახვისთვის.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ 13-17 ოქტომბერს, კენიის დედაქალაქ ნაირობიში,მონაწილეობა მიიღო მშვიდობის გლობალურ კონფერენციაში Peace Connect, როგორც GPPAC-ის ქსელის სამხრეთ კავკასიის რეგიონის წარმომადგენელმა საქართველოდან.
კონფერენციამ გააერთიანა მსოფლიოს 90 ქვეყნის 500-ზე მეტი სამშვიდობო აქტორი და შექმნა მნიშვნელოვანი სივრცე თანამშრომლობისა და სოლიდარობისთვის. მიუხედავად მონაწილეებს შორის გეოგრაფიული დაშორებებისა და განსხვავებული რეალობებისა, კონფერენციამ აჩვენა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ადამიანები მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე დგანან. გამოცდილების გაზიარების შედეგად მიღებული ცოდნა კი ახალ ენერგიასა და ერთიან ხედვას აჩენს სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოს შესაქმნელად.
კონფერენციის მსვლელობისას განხილული თემები მრავალმხრივი იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მდგომარეობაზე; ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის 25-წლიან გზასა და მომავალ ეტაპებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის მნიშვნელობაზე, სამშვიდობო საქმეში გამძლეობასა და სოლიდარობის გაძლიერებაზე, შეზღუდულ სამოქალაქო გარემოში ადგილობრივი ინიციატივების შენარჩუნებასა და მშვიდობის შენების მომავალ ხედვებზე.
კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელოვნების როლის გააზრებას მშვიდობის გზავნილების გავრცელებაში - მუსიკის, პოეზიისა და ვიზუალური ხელოვნების გავლენას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ემპათიის გაძლიერების საქმეში.
ეკატერინემ აღნიშნა: „ამ სივრცეში ყოფნა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. უდიდესი შთაგონებაა იმის დანახვა, თუ როგორი გამბედაობით, საქმისადმი ერთგულებით მუშაობენ სამშვიდობო საქმიანობაში ჩართული ადამიანები წინააღმდეგობებით სავსე რეალობაში. მათი გამოცდილების მოსმენა გაძლიერებს, გმატებს მოტივაციას და პასუხისმგებლობის განცდას. იაზრებ, რომ მარტო არ ხარ, რომ შენი ყოველდღიური ძალისხმევა საერთო მისიის ნაწილია. სოლიდარობა, ემპათია, ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთისგან სწავლა აჩენს ახალ ხედვას და რწმენას, რომ გზის გაგრძელება შესაძლებელია, მაშინაც კი, როცა გარემო პირობები განსაკუთრებულად რთულია. Peace Connect-მა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თანამშრომლობა აძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას სამართლიანი, მშვიდობიანი და თანასწორი მსოფლიოს შესაქმნელად."
ჩატარებული ანკეტირების შედეგები განიხილეს შეხვედრაზე წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა. თემში შევსებულია 126 ანკეტა.
მიღებული მონაცემები ასახავს დევნილი მოსახლეობის ყველაზე მწვავე საჭიროებებს 4 დასახლებაში (კოპიტნარი, ყოფილი სტატისტიკის სამმართველოს შენობა, 9 აპრილის და აფხაზეთის ქუჩები).
ჯგუფის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარება გადაწყვიტეს - ერთობლივად უკეთ განსაზღვრავენ პრიორიტეტულ პრობლემებს და შემდეგ მოამზადებენ სამოქალაქო ინიციატივებს.
შეხვედრის მეორე ნაწილში შეკრებილებმა ისაუბრეს სამოქალაქო ინიციატივების განაცხადების შევსების წესზე. ისინი ეცდებიან, სწორად ჩამოაყალიბონ თემის საჭიროებებზე დაფუძნებული იდეები, რომ დაფინანსება მოიპოვონ.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ისევ შეიკრიბა „ქალთა ხმა“ - ქუთაისის ქალთა თვითდახმარების ჯგუფი. ამჯერად კვლევაზე ისაუბრეს.
ქუთაისი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა დევნილთა სათემო საჭიროებების კვლევა შემდეგი მახასიათებლებით: ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი სივრცეები და სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 103-მა რესპონდენტმა (69 ქალი და 34 კაცი).
ქალთა თვითდახმარების ჯგუფის წევრები დევნილებს გააცნობენ კვლევის შედეგებს.
კვლევის მთავარი მიზანია თემებში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება და შემდეგში - ინიციატივების დაფინანსება კრიტიკული პრობლემების გადასაწყვეტად.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ანკეტირების პროცესის შეფასება, მიღწევები და გამოწვევები, საინიციატივო ფორმის ნიმუშის განხილვა - ეს იყო ხონის თვითდახმარების ჯგუფის „თემის ძალას“ შეხვედრის თემა და მიზანი.
108 დევნილი ადამიანი - 80 ქალი და 28 კაცი იქნა გამოკითხული დევნილთა დასახლებაში, აფხაზეთის ქუჩაზე სათემო საჭიროებების შემდეგი მახასიათებლებით: ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი სივრცეები და სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
სამივე მიმართულებით პირველადი მონაცემები ცნობილია. ჯგუფის წევრები დევნილებს გააცნობენ კვლევის შედეგებს. შემდეგ ერთმანეთთან შეთანხმებით, აარჩევენ პრიორიტეტულ პრობლემას და ინიციატივის დაფინანსებისთვის საჭირო სამზადისს შეუდგებიან.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
სენაკის თვითდახმარების ჯგუფის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები ანკეტირების პროცესში, რომელიც დევნილთა დასახლებაში ჩატარდა და 129 ადამიანი მოიცვა.
ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ანკეტური გამოკითხვით მიღებული შედეგების განხილვა იყო. კვლევამ გამოკვეთა დევნილთა თემის აქტუალური პრობლემები. მათ მოსაგვარებლად იგეგმება სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს პრობლემის ფორმულირება, მიზნების და ამოცანების განსაზღვრა და სამოქალაქო ინიციატივის შესაბამის ფორმაში მისი აღწერა.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ფოთის დევნილთა დასახლებაში ქალები თემის პრობლემების გამოსავლენად და გადასაჭრელად ერთიანდებიან.
თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან შეხვედრის მიზანი იყო ანკეტირების შედეგების განხილვა. თემის 100-მდე მცხoვრების ანკეტირება ჩაატარა ჯგუფის ხუთმა წევრმა. მიღებული მონაცემები ასახავს დევნილი მოსახლეობის ყველაზე მწვავე საჭიროებებს. შეხვედრაზე განიხილეს ეს საჭიროებები. ნახეს ადგილები, სადაც პრობლემები ყველაზე მეტად ფიქსირდება. შეთანხმდნენ, რომ დამატებით შეხვედრებს გამართავენ მოსახლეობასთან, რათა ერთობლივად განსაზღვრონ პრიორიტეტული პრობლემები და მოამზადონ სამოქალაქო ინიციატივები მათი გადაჭრის მიზნით.
მონაწილეები ასევე გაეცნენ სამოქალაქო ინიციატივების განაცხადების ფორმების შევსების წესს, რაც მათ დაეხმარებათ თემის საჭიროებებზე დაფუძნებული იდეების ფორმულირებაში.
ფოთის თვითდახმარების ჯგუფის აქტიურობა ნათლად აჩვენებს ერთობის, პასუხისმგებლობისა და ცვლილებებისკენ სწრაფვის ძლიერ სურვილს. ქალები ამტკიცებენ, რომ საერთო ძალისხმევით შესაძლებელია თემის კეთილდღეობა.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფი „ქალთა ხმა“ იწყებს კვლევას - გამოვლინდება დევნილთა თემის პრობლემები და საჭიროებები, შემდეგ კი მათ საფუძველზე შემუშავდება სამოქალაქო ინიციატივები (ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელმაც სახელი დაირქვა - „ქალთა ხმა“).
მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს ანკეტირების პროცესის დეტალები, გამოკითხვის ჩატარების ფორმები და მეთოდები. მათ უკვე იციან ჩატარების ვადები, სამიზნე ჯგუფები. ყოველივე ეს განაპირობებს ანკეტირების წარმატებას. შემდეგ ეტაპზე მოხდება გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი ინიციატივების ფორმირება და მხარდაჭერა - დევნილთა თემის კეთილდღეობისთვის.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ახალ ეტაპზე გადადის ფოთის ქალთა თვითდახმარების ჯგუფების საქმიანობა - დევნილთა თემში იწყება პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირება, ანკეტირების პროცესი, რომლის მიზანია ქალების საჭიროებების შესწავლა.
შეხვედრაზე ჯგუფების წარმომადგენლებმა ისაუბრეს გამოკითხვის ჩატარების მეთოდებზე, ტექნიკაზე, ვადებზე, ეტაპებზე, სამიზნე ჯგუფების შერჩევასა და მონაწილეთა რაოდენობაზე.
პროექტის ფარგლებში შეძენილი ცოდნა/უნარები დაეხმარებათ ჯგუფის წევრებს ანკეტირების პროცესის ეფექტიანად ორგანიზებაში. საჭიროებების გამოვლენის შემდეგ დაგეგმილია სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა, რაც გააუმჯობესებს დევნილთა თემის სოციალურ მდგომარეობას.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
