კონფლიქტოლოგიის კურსდამთავრებულებმა 4 ვორკშოპი ჩაატარეს ფოთისა და ქუთაისის საჯარო სკოლებში თემებზე: „მასკულინურობისა და ფემინურობის კონცეფციები“ და „კონფლიქტის ტიპები, სახეები და მოგვარების მეთოდები“. ასევე ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და დისკუსიები ქუთაისის და ხონის საჯარო სკოლებში.
ეს მუშაობა მომდინარეობს ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით
გენდერული ძალადობა და ოჯახური კონფლიქტები - ამ საკითხებზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა ქალებთან წყალტუბოში, ზუგდიდსა და ხონში გამართულ ვორკშოპებზე.
უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ძალადობა ხშირია იმ ოჯახებში, სადაც არ არის გენდერული თანასწორობა, სადაც ქალს არა აქვს რეალიზების საშუალება და მუდმივად ქმრის არჩევანზეა დამოკიდებული.
განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრა გამოვიდა ზუგდიდში, სოფელ განმუხურში, სადაც ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი პირველად ჩავიდა. მონაწილეთა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა გაგრძელდეს თანამშრომლობა, რადგან ძალადობის თემა მათთვის პრიორიტეტულია.
ქალთა მიგრაცია პირდაპირ კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან - ეს საკითხი წინა პლანზე წამოსწიეს მონაწილეებმა კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე, რომლებიც ჩატარდა ახალგაზრდების ჯგუფებთან ფოთში, კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქუთაისში.
მონაწილეთა აზრით, ძალადობა ასოციაციას იწვევს ქალთა მიგრაციასთან, რადგან საქართველოში, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველი მეათე ქალი, ამ ტიპის ძალადობის პოტენციური მსხვერპლია.
აღინიშნა, რომ საკითხი ყველასთვის მტკივნეულია, გამოსავალი ძალიან რთულია, რადგან მიზეზების გადაწყვეტა უახლოეს დროში შეუძლებელია. ამიტომ ქალს პირველ რიგში ოჯახის წევრების მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც გაუცხოებას ახლავს.


პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა ქალთა უფლებების დასაცავად, ხშირად რატომ არ თანაუგრძნობენ ქალები ძალადობის მსხვერპლს - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსიები ახალგაზრდებთან წყალტუბოში, ფოთსა და ხონში ჩატარებულ ვორკშოპებზე.
გამოყენებული იყო იმიტირებული წარმოდგენები ოჯახური კონფლიქტების თემაზე, რამაც მონაწილეებს გაუადვილა ანალიზი განსახილველ საკითხზე.
- სოლიდარობის დეფიციტი ნამდვილად არსებობს. ძალიან ხშირად ოჯახური კონფლიქტების დროს ქალები არათუ გამოხატავენ მხარდაჭერას დაზარალებულის მიმართ - პირიქით, ნებისმიერ შემთხვევაში ქალში ეძებენ დამნაშავეს.
მიზეზებზე საუბრისას მონაწილეებმა აქცენტი ქართულ მენტალიტეტზე და არასწორ აღზრდაზე გააკეთეს. მათი თქმით, მეტი ინფორმაცია სჭირდება ქალებს, რათა კარგად დაინახონ ქალთა სოლიდარობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციაში.
კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაციები. როგორ ხდება კონფლიქტის ანალიზი, რისთვის არის საჭირო.
სენაკში მონაწილეებს „ხახვის“ მეთოდი დაამახსოვრდათ. განსაკუთრებით საინტერესო დისკუსიები გაიმართა ფოთის ჯგუფში. იხსენებდნენ რეალურ ისტორიებს, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ანალიზი.
- კონფლიქტის ანალიზი გეხმარება იმაში, რომ საკუთარი შეცდომები დაინახო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის, როცა დაპირისპირებაა, ორივე მხარეს მიაჩნია, რომ მხოლოდ ის არის მართალი.
წყალტუბოში ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ „ხახვის“ მეთოდით ანალიზი მათთვის უფრო გასაგები იყო, ამიტომ კარგია, ამ ინფორმაციებს ადრეული ასაკიდან გაეცნონ მოზარდები.
მონაწილეთა მოსაზრებით, საკუთარი პოზიციების, ინტერესებისა და საჭიროებების გაანალიზების შემდეგ უფრო ადვილია ოჯახური კონფლიქტების მართვა. ნაკლები კონფლიქტები კი იმას ნიშნავს, რომ ნაკლები იქნება ძალადობის ფაქტები.




ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ახალგაზრდები განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ. მათი აზრით, თუ ამ პრობლემის მოგვარება გვსურს, პირველ რიგში, კონფლიქტების მართვაზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ოჯახებში ზოგჯერ ფარულად, ზოგჯერ ღიად მიმდინარეობს.
- ჩვენ ვქმნით საზოგადოებას, ამიტომ ისევ ჩვენზეა დამოკიდებული, საზოგადოება რა ზომებს მიიღებს მსხვერპლთა დასახმარებლად. ნებისმიერ ოჯახურ კონფლიქტში უნდა ჩავერიოთ, სანამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, - ასეთი იყო მონაწილეთა საერთო მოსაზრება.
ახალგაზრდების აზრით, მოძალადეს უნდა ეშინოდეს საზოგადოების სოლიდარობის. უნდა იცოდეს, მისგან წასულ მსხვერპლს მარტო არ დატოვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის პრევენციაში.