ქუთაისში, ხურჩაში და სენაკში კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებს 30-დან 60 წლამდე ასაკის ქალები ესწრებოდნენ.
- როგორ გვზრდიდნენ ჩვენი მშობლები, რატომ ვუშვებთ იგივე შეცდომებს საკუთარ შვილებთან ურთიერთობისას, რატომ იქმნება კონფლიქტები თაობებს შორის - ამ საკითხებზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა.
- ჩვენ ხშირად გვესმოდა ჩვენი მშობლებისგან, რომ ამ თაობას არაფერი ესმის, ცუდად იქცევა და ასე შემდეგ. როცა ჩვენ გავხდით მშობლები, ამ ფრაზას უკვე ჩვენ ვიმეორებთ.
- ოჯახში განვითარებული კონფლიქტები, არასწორი აღზრდის ბრალია. ბიჭებს არ უნდა ვზრდიდეთ ოჯახის მმართველებად, გოგონებს არ უნდა ვასწავლიდეთ მუდმივ მორჩილებას.
- ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ დედა ძალიან მკაცრი იყო, ხშირად ვკამათობდით ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო დაბადების დღეზე წასვლა, მეგობრებთან სეირნობა. ჩემს შვილთან ურთიერთობაში იგივე გავიმეორე, სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ დედა ყოველთვის მართალი იყო. ალბათ, ჩემი შვილებიც გვიან მიხვდებიან.
დისკუსიის ბოლოს მონაწილეებმა ფსიქოლოგის კომენტარები მოისმინეს და შესაბამისი რჩევებიც მიიღეს.
- ბულინგი ძალიან მტკივნეული საკითხია. უმრავლესობამ არც კი იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოზარდთა შორის განვითარებულ კონფლიქტს. ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს, შესაძლოა საქმე სუიციდამდე მივიდეს. ამიტომ პედაგოგებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ საკითხს.
- მშობლები ხშირად ხელს უწყობენ ბულინგის განვითარებას. მაგალითად, საკუთარ შვილებს წინასწარ აპროგრამებენ, ვისთან იმეგობრონ, ვის მიანიჭონ უპირატესობა, რაც არასწორია.
ასეთი პოზიციები ჰქონდათ ვორკშოპის მონაწილე ქალებს ფოთში, სენაკსა და ქუთაისში.
დისკუსიისას აღინიშნა, რომ ბულინგის თემა პირდაპირ კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან. ბავშვები, რომლებიც კრიზისულ ოჯახებში იზრდებიან, ხშირად აგრესიას ავლენენ თანატოლების მიმართ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ მათ და ასე ცდილობენ ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებას. ან პირიქით, არასრულფასოვნების შეგრძნება აწუხებთ და თავად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი.
ვორკშოპების დროს ქალებმა მიიღეს რჩევები, როგორ გამოიცნონ ბულინგი, როგორ დაეხმარონ ბავშვს, თუკი ის ბულინგის ობიექტი ხდება, ან თავად იწყებს ძალადობას.










წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტის „ახალი ხედვები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისათვის“ ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა გოგონებმა ვორკშოპი გამართეს, სადაც პროდუქტიულად გამოიყენეს ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფლიქტოლოგიის ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები.
ვორკშოპის მონაწილეები, ორგანიზატორები პოზიტიურ შეფასებას აძლევენ ღონისძიებას: „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც აქ ხდება. სწორედ ახალგაზრდები უნდა იყვნენ ჩართული კონფლიქტის მოგვარებაში. მახარებს ის, რომ ჩემი თანატოლები კონფლიქტის მოგვარებისთვის მხოლოდ მშვიდობიან ფორმებს აღიარებენ. მათ დიდი სურვილი აქვთ, დაამყარონ კონტაქტები ახალგაზრდა აფხაზებთან“.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
ბათუმსა და ქობულეთში პროექტის „თაობათა კულტურული დიალოგი, როგორც პოზიტიური გამოცდილების ციკლი“ ფარგლებში უფროსკლასელებთან და სტუდენტებთან გენდერული განათლების ვორკშოპების მომდევნო ციკლი ჩატარდა. ვორკშოპების თემატიკა მრავალფეროვანი იყო: „ქალთა და გოგონათა უფლებები“; „ოჯახში ძალადობა და მისი სოციალური შედეგები“; „შშმ პირები - მათთან დაკავშირებული ტერმინები და საზოგადოებრივი სტერეოტიპები“; „თაობათა გადასახედიდან - პიროვნებათშორისი კომუნიკაციები ოჯახსა და საზოგადოებაში“.
ახალგაზრდების დიდმა ინტერესმა და ჩართულობამ მსგავსი საქმიანობის საჭიროებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მაღალი შეფასება მისცეს ჩატარებულ შეხვედრებს მშობლებმა და პედაგოგებმა. მათი ნაწილი სიამოვნებით ჩაერთო ახალგაზრდებთან დიალოგში და მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.
რატომ ძალადობენ მოზარდები ერთმანეთში, რა ვიცით ბულინგზე და რა კავშირშია ის ოჯახურ კონფლიქტებთან - ამ თემაზე გაიმართა დისკუსიები წყალტუბოში, ხონსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართულ ვორკშოპებზე.
მონაწილეებს მიეწოდათ სტატისტიკა, სადაც კარგად ჩანს, რამდენად მაღალია სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი. მიზეზებზე საუბრისას მათ ბულინგი ოჯახურ კონფლიქტებთან დააკავშირეს:
- კონფლიქტური ოჯახებიდან გამოსული ბავშვები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი, რადგან მათ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, უჭირთ გარემოში ადაპტირება.
მათი აზრით, გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ მშობლებმა, სკოლამ ერთობლივად, კოორდინირებულად იმუშაონ ბავშვებთან, მოზარდებთან და შეძლონ ბულინგის თავიდან აცილება.
პიროვნული კონფლიქტების გარჩევა საინტერესო გამოდგა ახალგაზრდებისთვის. მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში გამოიკვეთა, რომ ხშირად ჰქონიათ დაპირისპირება საკუთარ თავთან: როცა ბოლომდე არააქვთ გარკვეული, რა უნდათ, რა მიზანი აქვთ. პიროვნული კონფლიქტები ხშირად გამოაქვთ გარეთ, რაც სხვებთან ურთიერთობაში ნეგატიურად აისახება.
საინტერესო იყო ცალკეული ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იმიტირებული ოჯახურისცენები. ახალგაზრდები საერთო დასკვნამდეც მივიდნენ: თუ გვინდა კონფლიქტების მოგვარება, ჯერ საკუთარ თავში მიმდინარე კონფლიქტები უნდა მოვაგვაროთ, შემდეგ უფრო ადვილია ოჯახური კონფლიქტების მართვა.
ვორკშოპები გაიმართა წყალტუბოში, ფოთში, ქუთაისში.




