ფონდი „სოხუმი“ 2001 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით. ფონდი „სოხუმის“ ბაზაზე ფუნქციონირებს „ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის დღის ცენტრი“, სადაც ძალადობის მსხვერპლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია, გაიარონ პროფესიული კურსები დასაქმებაში ხელშეწყობის პერსპექტივით.
ფონდი „სოხუმი“ აფასებს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესაბამისობას ბენეფიციართა საჭიროებებთან და პრიორიტეტებთნ. ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია ასახულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებში, რომლებიც ვრცელდება შესაბამის უწყებებთან, თანამდებობის პირებთან და დაინტერესებულ პირებთან ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.
ფონდის მიერ ჩამოყალიბებული „ქალთა მხარდაჭერის ცენტრები“ სისტემატურად აგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ხდება მოქალაქეთა ინფორმირება და მათი ჩართვა პრობლემათა მოგვარების პროცესში.
ორგანიზაციას ჰყავს ტრენერების კვალიფიციური გუნდი და აქვს სხვადასხვა სატრენინგო მოდული.
2018 წელს ქუთაისში, ფონდის ოფისში გაიხსნა დღის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ძალადობის მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს ფსიქოლოგის და იურისტის უფასო კონსულტაციით; გაიაროს ბუღალტერიის, ჭრა-კერვის, კომპიუტერის შემსწავლელი და პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები. კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარებს აქვთ ბიზნესპროექტის დაწერის და კონკურსის შედეგად - მცირე გრანტის მიღების შესაძლებლობა.
ფონდი „სოხუმი“ დაარსებიდან დღემდე უწყვეტად არის ჩართული კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. აფხაზეთში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო გამოცდილების ერთობლივად შესწავლამ საფუძველი ჩაუყარა არაერთ პარტნიორულ პროექტს, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ქალთა როლის გაზრდისა და ნდობის აღდგენისკენ. ერთობლივი პროექტების ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა, გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მრავალი დოკუმენტი, ანალიტიკური ნაშრომი, მეთოდური სახელმძღვანელოები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების გზით ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან (ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები) წარსულის გადაფასების, კონფლიქტით გამოწვეული მტრის ხატის და დაძაბულობის შემცირების და მშვიდობის კულტურის გავრცელების მიმართულებით.
ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენდერული თანასწორობის დამკვიდრება და ქალთა შესაძლებლობების გაზრდაა, ადგილობრივი დაგეგმვის, ბიუჯეტის შედგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის მიზნით.
ფონდი ეწევა საგანმანათლებლო, საკონსულტაციო საქმიანობას და ახორციელებს მონიტორინგსა და ადვოკატირებას, კანონების, პოლიტიკისა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დამკვიდრებას და მათ თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ორგანიზაციის მისია
ქალთა გაძლიერება მათი სოციალური, საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების გზით.
ჩვენს სახელში არის სიტყვა „სოხუმი“ - ჩვენი საყვარელი ქალაქის, აფხაზეთის დედაქალაქის სახელი.
ორგანიზაციის თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და ახლა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით - მას აქეთ, რაც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ქართულ მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს აფხაზეთი.
დევნილობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით იყო შესაძლებელი. სწორედ ეს იყო კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ შექმნის მიზანი. თავიდან მას ჰქონდა ქველმოქმედების მისია, მაგრამ წლების მანძილზე ფონდი „სოხუმის“ სამოქმედო არე გაფართოვდა და ის გადაიქცა სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ ძლიერ ორგანიზაციად ქვეყანაში, რომელიც 28 წელზე მეტია, აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.
ფონდი „სოხუმი" 1997 წელს დარეგისტრირდა (რეგისტრაცია №7) და 1999 წელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა მისი ხელმეორე რეგისტრაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ალლა გამახარია, მერი გელაშვილი, ნანული რამიშვილი და აწ განსვენებული ჟანა ჭაბუკიანი.
2019 წელს დაარსდა ორგანიზაციის თბილისის წარმომადგენლობა (ვებგვერდზე არის კატეგორია - თბილისის ოფისი).
2021 წლის 19 ოქტომბრიდან ორგანიზაციას ეწოდა ქალთა ფონდი „სოხუმი“ (გადაწყვეტილება მიიღო დამფუძნებელთა კრებამ 2021 წლის 24 სექტემბერს და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ).