ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შესწავლა გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით- ამ საკითხებზე წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მოკვლევას ჩაატარებენ. უკვე მონაცემთა შეგროვება იწყება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამოკითხული 150 ბენეფიციარი პოზიციის დაფიქსირებას ონლაინ-ანკეტის დახმარებით შეძლებს.
ჯგუფის წევრებს სათანადო უნარ-ჩვევები გააჩნიათ, რაც პროცესის წარმატებით დასრულების გარანტორია.
აქტიური და საინტერესო პროცესი მიდის ახალგაზრდულ ჯგუფებშიც. წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლებში პროექტის ფარგლებში ფორუმ-თეატრი ჩამოყალიბდა. პროფესიონალი მსახიობის მიერ ჩატარებული მასტერკლასის დახმარებით ჯგუფის წევრებმა პირველი სცენები უკვე შექმნეს.
აღნიშნული ფორმატი აქტუალურ თემებზე საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებას შეუწყობს ხელს.
უკრაინელი ფსიქოლოგები თავად გვიამბობენ იანვარში გაწეულ მუშაობაზე.
მარინა სტეპანენკო:
„უკრაინელი ლტოლვილები მუდმივად იღებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას ქალთა ფონდ „სოხუმში“. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფსიქოლოგის კაბინეტში იპოვა მხარდაჭერა და დახმარება, არ კლებულობს, არამედ მხოლოდ იზრდება. ლტოლვილები მოდიან სხვადასხვა თხოვნით, მაგრამ უსაფრთხოება და ნდობის ატმოსფერო ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყველას უნდა, რომ გაუგონ და მოუსმინონ. ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის პროცესზე დადებითად აისახება ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიც უკრაინიდანაა და იძულებით გადაადგილებულია.“
ანა შალიმოვა: ამ თვეში გაგრძელდა მუდმივ კლიენტებთან მუშაობა. ერთ-ერთი იყო ბიჭი, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობისას პირადი საზღვრების აგება უნდოდა. განვიხილეთ მისი აგრესიული რეაქციის მიზეზები სხვების ხუმრობებზე. ვისწავლეთ, კონსტრუქციულად როგორ ვუთხრათ ადამიანებს, რომელი ხუმრობა არ არის სასიამოვნო და რა ჟღერს შეურაცხყოფად. ავირჩიეთ ქცევის ჯანსაღი მოდელი ადამიანებთან ურთიერთობისთვის.
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა გასული წელი შეაჯამეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც გამოიკვეთა ადგილობრივ თვითმმართველობასთან პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით. ასევე აღინიშნა, რა იგეგმება მომავალში და რა დაპირებები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან.
პრობლემების ადვოკატირების პროცესი გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
წყალტუბოს ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუშაობას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც დევნილთა ჩასახლებებში წარმოჩინდა კვლევის პროცესში.
ქსელის ლიდერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ადვოკატირებული პრობლემების უმრავლესობა შესაბამისი უწყებების მხრიდან უკვე მოგვარებულია.
რაც შეეხება გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა - ითვალისწინებს და ნერგავს მნიშვნელოვან სტანდარტებს ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
- როგორი იყო გასული საპროექტო წელი, პრობლემათა ადვოკატირების კუთხით როგორი დინამიკა იკვეთება და გრძელვადიან პერსპექტივაში რა მოლოდინები არსებობს, - ამ საკითხებზე იმსჯელეს სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე.
ადვოკატირების პროცესში გარკვეული სიახლეებია, რაც პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს იძლევა.
პარალელურად, საინიციატივო ჯგუფის წევრები იმ პრობლემებზეც მუშაობენ, რომლებიც ძლიერი ქარის დროს წარმოიქმნა სამხედრო დასახლებაში. ელექტროსადენების და სახურავების დაზიანებასთან დაკავშირებული პრობლემები თვითმმართველობის ჩართულობით უკვე მოგვარდა.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
- ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის შედეგად არაერთმა ქალმა შეცვალა თავისი ცხოვრება, რადგან ინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი უფრო აქტიურები ხდებიან, - ეს ცენტრების მობილიზატორების შეფასებაა.
ჩოხატაურის, ქობულეთის, ბაღდათის, სენაკის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იანვარში ექვსი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. კონფლიქტების გამომწვევი რისკების აღმოფხვრა და პრობლემების დარეგულირება იდენტიფიცირების შემდგომი პროცესია. ამ პროცესის მთავარი აქტორები - მობილიზატორები მზად არიან, ყველა ქალს მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ჩემს ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნო და საშინელი რამ იყო. ფსიქოლოგთან პირველი შეხვედრიდან ექვსი თვე გავიდა და იმდენი ცვლილება მოხდა, რომ ვერ ვუყრი თავს. დიაგნოსტიკამ დაფიქრების საფუძველი მომცა, რეკომენდაციები ქმედებებად იქცა, ემოციურად უკეთ ვიგრძენი თავი და ახალი მიზნების მიღწევის ძალაც გამიჩნდა. ბევრი რამ აღმოვაჩინე ჩემში. დიდი მადლობა მანანა გოცირიძეს“, - ეს სიტყვები დაწერა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის ერთ-ერთი კლიენტია.
იანვარში ფსიქოლოგმა ჯგუფური და, მოთხოვნის შესაბამისად, ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრები ჩაატარა ქობულეთის, თერჯოლის, ჩოხატაურის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებმა მოიცვა 45 ბენეფიციარი. კლიენტების ერთმა ნაწილმა - 16 ადამიანმა - თერაპიული სამუშაოები ქუთაისში, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიარა. ყველა მათგანს აქვს დადებითი შედეგები, რაც თვიდან თვემდე უმჯობესდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრის განახლებული შემადგენლობა აგრძელებს ამ უჩვეულო თეატრის ტრადიციებს.
იანვარში ახალგაზრდა მსახიობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ. წარმოდგენები ჩატარდა ორ სოფელში: კოკსა და დიდ ნეძში. სკოლებში შეკრებილმა მაყურებლებმა ნახეს რამდენიმე სცენა: შეყვარებულებზე, ოჯახური ძალადობის თემაზე, დედა-შვილის ურთიერთობის შესახებ. ყველა სცენა რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. სწორედ ამიტომ მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი თავი დაინახა როგორც დადებით, ასევე უარყოფით როლებში.
მაყურებელი იმდენად აქტიური იყო, რომ ყველა სცენაში მოხდა ჩართულობა, შემდგომ კი დისკუსიები გაიმართა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მივდივართ და სითბოთი სავსე მოგონებები მიგვაქვსო, ამბობდნენ დიდებიც და პატარებიც... იმედიანად წავიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის იანვრის ყველა ბინადარი - ორი ქალი და 6 ბავშვი.
მათთან კომპლექსური მუშაობა ჩატარდა: სოციალური მუშაკი თავის საკეთებელს აკეთებდა, ფსიქოლოგი - თავისას. ცალკე მიდიოდა მუშაობა ბავშვებთან.
ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე: „რთული ცხოვრება აქვთ გამოვლილი და ჩვენი ვალია, დავეხმაროთ უკეთესი გზის პოვნაში. ეს დღეები ვმუშაობდით იმაზე, როგორ დაალაგონ ურთიერთობები, როგორ მოახერხონ სოციუმში ადაპტაცია, დაძლიონ ემოციური და ყოველდღიური პრობლემები.“
ბავშვებთან მუშაობის ასისტენტი ანა ლომიძე: „პირველ დღეს ბავშვები ფრთხილები არიან. მეორე დღიდან მათი გონება გათავისუფლებულია ზედმეტი საყოფაცხოვრებო ფიქრისგან. სავარჯიშოებით, დავალებებით აცნობიერებენ, რა უფლება-მოვალეობები აქვთ. იწყებენ საუბარს ოჯახზე, პრობლემებზე. ერთ-ერთმა თქვა: ,,აქედან რომ გავალ, ბაბუას და მამას სარკის წინ დავუდგები და ვეტყვი, რომ ცუდად იქცევიან და არ დავანებებ, რომ დედა და ბებია ატირონ“. სარეაბილიტაციო ცენტრში ქალებთან ერთად ბავშვებიც ძლიერდებიან. ისინი ზრუნავენ დედებზე, ჩვენ ერთად ვამზადებთ დედიკოებისთვის სიმბოლურ საჩუქრებს“....
ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში სატრენინგო მუშაობა აქტიურად გრძელდება. კიდევ ხუთი ტრენინგი ჩატარდა ბაღდათის, ვანის, ტყიბულის, სენაკის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში მონაწილეობდა 97 ადამიანი.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში - საინტერესო და სახალისო სავარჯიშოებში. ტრენინგები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ მონაწილეები საკმაოდ მოტივირებული არიან, უნდათ მეტი ინფორმაციის მიღება, მეტი სამოქალაქო განათლება და ეს იგრძნობა მათ დამოკიდებულებაში.
ყველა ახალგაზრდულ ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც თებერვალში პრეზენტაციებს გააკეთებენ შემაჯამებელ შეხვედრებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)