ჩვენს პროექტში ერთ-ერთ დახმარებად სმარტფონის გადაცემა ითვლება, რადგან მისი  არქონა ხშირად ბევრ პრობლემას ქმნის.

სმარტფონის გადაცემით ხდება ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა (ტელეფონის საშუალებით მათ შეუძლიათ გაიგონ ვაკანსიების თუ დღიური სამუშაოების შესახებ), ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება SOS ღილაკით, კომუნიკაცია სხვადასხვა  საჭიროების მიხედვით.

მოკლედ, სმარტფონის აუცილებლობაზე დღეს არავინ დაობს. ამიტომაც გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ჩვენი ორგანიზაცია გასცემს სმარტფონებს. ბოლო სამ თვეში 6 ქალს გადაეცა ტელეფონი: წყალტუბოში, ჩოხატაურში, ქობულეთში, სამტრედიასა და თერჯოლაში (აქ ორმა ქალმა მიიღო).

ამას გარდა, ამ ექვსი ადამიანიდან სამი ქალი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში და გაიარა კომპლექსური მხარდაჭერის კურსი.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

ინიციატივიანი, აქტიური ურთიერთდახმარების ჯგუფები ჩამოყალიბდა 10 მუნიციპალიტეტში.

წყალტუბოს, ჩოხატაურის, ზუგდიდის (ხურჩა) და ვანის მუნიციპალიტეტებში პროექტის ასისტენტი ადგილებზე შეხვდა ჯგუფების წევრებს, ბაღდათის ჯგუფთან კი შეხვედრა ონლაინ გამართა.

წყალტუბოში ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული ქეისი განიხილეს, ჩოხატაურში სოფელში მცხოვრებ ქალთა პრობლემებზე ილაპარაკეს. ბაღდათის ჯგუფში ძალადობის მსხვერპლთა ქმედით დახმარებას დაუთმეს დრო, ხურჩაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის მეტ ჩართულობაზე გაკეთდა აქცენტი. ვანის ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ფსიქოლოგი ჩაერთო.

დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში - სენაკი, წალენჯიხა, სამტრედია, თერჯოლა და ქობულეთი - ჯგუფების ლიდერებმა ჩაატარეს შეხვედრები. ყველგან გამოიკვეთა პრობლემები (ალიმენტის გადახდის, ბინის თუ ქონებრივი დავის) და მიმდინარეობს ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. ჯგუფის წევრებს უნდათ, რომ მათი მუშაობა და მიღწეული შედეგები მაგალითი იყოს სხვა ქალებისთვის.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

თბილისიდან 80-მდე ყუთი ჩამოვიდა - ტანსაცმელი, სათამაშოები, ფეხსაცმელი, სასკოლო ნივთები.

რამდენიმე დღე ალაგებდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები საჩუქრებს - მოხდა მათი გადარჩევა ასაკის თუ სეზონის მიხედვით. ეს საჩუქარი მივიღეთ ორგანიზაციისგან „ქალები სამართლიანობისათვის“ (დონორი - Orphan Grain Foundation).

ჩვენი ორგანიზაცია ქველმოქმედებას საკუთარი ძალებით უმკლავდებოდა. ახლა კი მიიღო საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა და სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტივისტებს და ურთიერთდახმარების ჯგუფების წევრებს ტანსაცმელი საჩუქრად გადაეცემა.

სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა მადლიერება გამოხატეს:

„საჩუქარი ყოველთვის სასურველია და დროული. თან ასე ხარისხიანი და პრაქტიკული. მეც გამომადგება და ჩემს ბიჭებსაც.“

„მე და ჩემს შვილებს ხშირად გვაქვს ტანსაცმლის პრობლემა. კიდევ კარგი, კეთილი ადამიანები გვეხმარებიან და ასე ვართ. გაგვახარა ამ საჩუქარმა ძალიან“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2023

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის შეხვედრები გაიმართა ვანის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ზუგდიდის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრები, ძირითადად, იყო ჯგუფური ფორმატი - ერთი იყო ინლაინ ჩართვა, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები ბავშვების საჭიროებების საფუძველზე.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო ,,როგორი მახასიათებლებით გამოირჩევიან მოძალადეები“. აღინიშნა, რომ,  შესაძლოა, მათ უმრავლესობას ბავშვობაში აკლდა მხარდაჭერა და აღზრდა, ჰქონდა დაბალი თვითშეფასება, იმყოფებოდა  სოციალურ იზოლაციაში. როცა მათი თვითდაკმაყოფილება დაბალია, მათ ძალიან სჭირდებათ სხვების ემოციური მხარდაჭერა.

ფსიქოლოგის შეხვედრების მთავარი ფოკუსი იყო ოჯახური ურთიერთობები, ცოლ-ქმრული დამოკიდებულებები... ამ თემებზე საუბარი შეხვედრების მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქუთაისის მე-13 საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან.

პრეზენტაციის საშუალებით, მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელიც მოამზადა ქალთა ევროპულმა ქსელმა WAVE.

მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებულმა პრაქტიკამ, რომელსაც გზამკვლევში ერთ-ერთი თავი ეთმობა.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

სოფელ ჯვარცხმაში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თემის აქტიურ ნაწილთან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებაზე ბოსნია და ჰერცოგოვინაში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში. განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობაზე - ყოველივე ეს აღწერილია გზამკვლევში „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“.

მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოყენებულ სტრატეგიას პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის, ძალადობის მსხვერპლთა/რისკ ჯგუფის დახმარების, ძალადობის პრევენციის საკითხებში.    

მონაწილეთა თქმით, საზოგადოების მიერ პრობლემის ღრმა გაცნობიერების, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების გარეშე რთულია პროგრესის მიღწევა ძალადობის მასშტაბების შემცირებაში. გამოიკვეთა მიმართულებები, სადაც ისინი ხედავენ თავიანთ აქტიურ როლს და აქვთ სურვილი, მჭიდროდ ითანამშრომლონ ფონდ „სოხუმთან“.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა ქუთაისის ცენტრალურ პარკებში. მაყურებელი ჩაერთო დისკუსიებში. ყველაზე აქტიური დისკუსიები წარიმართა ოჯახური ძალადობის თემაზე. აქედანაც ჩანს, რომ ეს პრობლემა აქტუალურია საზოგადოებისთვის.

ფორუმ-თეატრის მსახიობთა ჯგუფს დაემატა ახალი წევრები, რომელთა გადამზადებაც  დაიწყო. წარმოდგენების პარალელურად, ახალგაზრდები აქტიურად ატარებენ რეპეტიციებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ყოველთვიურ შეხვედრებს აქტიურად იყენებს პრობლემათა პრიორიტეტებად დაყოფა-ადვოკატირებისთვის. მიმდინარე თვეებში ადვოკატირების პროცესი დაეთმობა მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს.

მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს დევნილთა პრობლემური კორპუსების  „ნესტდამცავი“  მასალით შეფუთვაზე. ეს საკითხი ფინანსურად დიდ რესურსს მოითხოვს, ამიტომ ადვოკატირება ცენტრალურ დონეზე გადაწყდა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფმა ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავა.

- ჩვენ მივყვებით ადვოკატირების გეგმას. სამუშაო გეგმიდან გამომდინარე, ყველა ეტაპი გათვლილია და გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. პარალელურად, ახალი პრობლემების იდენტიფიციტრებაზეც უნდა ვიმუშაოთ, რათა აქტიურობის მუხტი არ შენელდეს,-  მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.

პრობლემებს შორის გამოკვეთეს დევნილთა დასახლებაში ტრენაჟორების დამონტაჟების საკითხი, ასევე აქტუალურად ჩაითვალა გაზონების გაწმენდა სარეველა ბალახებისაგან. ორივე პრობლემა მოითხოვს ინფორმაციის შესწავლას და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას. ამ პროცესში სამუშაო ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება.     

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

საინფორმაციო ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრები და მათი მშობლები.  

შეხვედრაზე გაკეთდა  გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ პრეზენტაცია (გზამკვლევი მოამზადა ქალთა ევროპულმა ქსელმა).

მონაწილეები გაეცნენ ქალთა ორგანიზაციების და მათ შორის ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებულ გამოცდილებას, რაც პუბლიკაციაში საინტერესოდააა აღწერილი.

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები