ფორუმ-თეატრმა დაიწყო აქტიური სარეპეტიციო პროცესი. ჯგუფი ცვლილებების მოლოდინშია. გამოცხადდა ქასთინგი, ხდება გასაუბრებები და ველოდებით ახალგაზრდა მსახიობთა ახალ ნაკადს. ფორუმ-თეატრში ხშირად ხდება მსგავსი ცვლილებები, რადგან მოსწავლეები მიდიან სკოლის დასრულების შემდეგ.
სექტემბერში ჩატარდა ორი წარმოდგენა ქუთაისის ცენტრალურ პარკებში, უკვე მთავრდება კარგი ამინდების სეზონი და ფორუმ-თეატრმა მაქსიმალურდ გამოიყენა ეს სივრცე. ღია ცის ქვეშ თამაში კარგი გამოცდილებაა მსახიობებისთვის.
წარმოდგენების დროს დისკუსიებში ჩართულობა იყო საინტერესო და გულწრფელი, ოღონდ ეს არის: მაყურებლები ერიდებიან ფოტოების გადაღებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფერადი ბისერებით და მულინებით ჩვენი ბენეფიციარები ზღაპრულად ლამაზ აქსესუარებს შექმნიან.
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კიდევ ერთი ახალი სასწავლო კურსი დაიწყო. სასწავლო კურსის ოფისი უცვლელია. მუშაობას აქტიურად უჭერს მხარს მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
ახალი ჯგუფის პედაგოგი მერი კუპატაძეა. მის ნამუშევრები მოსწონს მომხმარებელს და ყველგან გამოარჩევენ საწარმოო ნიშნით „მერისგან“.
თერჯოლელი ქალებისთვის წარმატების ახალი ეტაპი დაიწყო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი სოციალური კლიპი ასახავს იმ მნიშვნელოვან სტრატეგიებს და მოქმედებებს, რაც განმსაზღვრელია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის ეფექტიანობისთვის და ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის უმთავრეს მიმართულებებს წარმოადგენს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გამართა ეროვნული კონფერენცია - „გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“. მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ეკატერინე გამახარია, რომელმაც სადისკუსიო ნაწილში ყურადღება გაამახვილა სოფლებში მერის წარმომადგენლების და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების როლის გაზრდის აუცილებლობასა და აღნიშნული რგოლის გაძლიერებაზე ქალთა უკეთ ინფორმირების, მათ საჭიროებებებზე მორგებული ადგილობრივი პოლიტიკის დანერგვის და ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაცვის ეფექტიანი მექანიზმების ამოქმედების საქმეში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის დასასრულს, ათეას ადვოკატირებით, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას, რომელსაც დღემდე 26 თვითმმართველი ერთეული შეუერთდა, კიდევ 5-მა ქართულმა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი. ამჯერად დოკუმენტს მიუერთდნენ ზუგდიდის, ზესტაფონის, ჩოხატაურის, სამტრედიისა და ბაღდათის თვითმმართველი ერთეულები, რითაც დაადასტურეს გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის მზაობა და მხარდაჭერა საკუთარ მუნიციპალიტეტებში.
სექტემბერში ონლაინ ჩატარდა 4 მუნიციპალიტეტის (თერჯოლა, ვანი, ქობულეთი, ჩოხატაური) ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრების შეხვედრები. მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ (გამოსცა ქალთა ევროპულმა ქსელმა WAVE).
ჯგუფების წევრებმა ინტერესით მოისმინეს ისტორიები იმის შესახებ, როგორ მუშაობენ ქალთა ორგანიზაციები ბოსნია-ჰერცოგოვინაში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში. განსაკუთრებით მოეწონათ ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული გამოცდილების აღიარება, რაც გზამკვლევშია ასახული.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ხობის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ქალთა ორგანიზაციების საქმიანობა ომის და ომის შემდგომ პერიოდში. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილების მიმართ. აღინიშნა, რომ ეს ორგანიზაციის საერთაშორისო აღიარებაა და საამაყო ფაქტია.
საინფორმაციო შეხვედრას ხობში ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის პედაგოგები და აღსაზრდელთა მშობლები. მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელიც მოამზადა ქალთა ევროპულმა ქსელმა - WAVE.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ბევრი მადლობის მესიჯი მიიღო უკრაინელი ქალებისგან ჩვენმა ასისტენტმა სოფი წირღვავამ:
- მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს ამ დახმარებისთვის, ამ ვაუჩერებით ისეთი რამეები ვიყიდეთ, რის ფუფუნებასაც ადრე არ ვაძლევდით ჩვენს თავს.
- სასკოლო ნივთები შევიძინეთ ბავშვებისთვის.
- აქციები იყო ბევრ რამეზე, 1+1 და ბევრი სურსათი მოგვივიდა.
- ფასდაკლებებით და აქციებით საკმაოდ ბევრი რამ ვიყიდეთ. გაგახარათ ღმერთმა!
უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად ჩვენმა ორგანიზაციამ შეისყიდა სუპერმარკეტის ვაუჩერები და სურსათის და ჰიგიენის საშუალებების პაკეტის ნაცვლად სხვადასხვა ოდენობის ვაუჩერი დაურიგა ბენეფიციარებს.
სექტემბერში გაიცა 100-ლარიანი 180 ვაუჩერი - ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით უკრაინელებმა მიიღეს ერთი, ორი თუ სამი ვაუჩერი. დახმარება გაეწია 110 ოჯახს (15 ოჯახს - ხელმეორედ).
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორ ორგანიზაციების - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების თაობაზე ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია; ადგილობრივი ხელისუფლება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან; გარდა ამისა, შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი - ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიები, ქალთა ადგილობრივი ორგანიზაციები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტი შედეგად დაზარალებული ქალები - თემის ლიდერები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახულ ძირითად აქტივობებზე და იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში.
საქართველოს პარლამენტში გაიმართა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პრეზენტაცია - „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება“. ანგარიში მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მიერ არის დაფინანსებული.
მოხსენება საბჭოს წევრმა, თეონა აქუბარდიამ წარადგინა. პრეზენტაცია სიმბოლურად სწორედ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაამთხვიეს.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მოაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ:პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმიდან“ მონაწილეობდა თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია.
სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა იმ საკითხებზე, რომლებიც მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირებას შეეხება. ისევ დგას დღის წესრიგში სახურავების და საწვიმარი არხების პრობლემები.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემების ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ისინი გაეცნენ თვის ბოლოს თბილისში დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგს.
- კონფერენციაზე სწორედ ის სამინისტროები იქნებიან წარმოდგენილნი, რომელთაც აღნიშნული საკითხები პირდაპირ ეხებათ. ამიტომაც ჩვენი პრობლემების გაჟღერებით მათი მოგვარების ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, - მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით