მაისში გაზეთ „გურია ნიუსში“ დაიბეჭდა სტატია ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს შესახებ. „გურია ნიუსმა“, „გურიის მოამბემ“ და „ალიონმა“ გააშუქეს მდინარე ბჟუჟიდან ინერტული მასალების გატანის საკითხი. ეს პრობლემები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. მათ შესახებ დაფიქსირდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტის ანგარიშში, აღინიშნა საბჭოს სხდომაზე.
ოზურგეთში მიმდინარე მუშაობას აქტიურად უჭერენ მხარს ჟურნალისტები და თავადაც მონაწილეობენ აქტუალური პრობლემების მოგვარებაში. სწორედ ამაზე იყო საუბარი ჟურნალისტებთან ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გენდერის მედია ცენტრში გაიმართა.
ოზურგეთის „გურიას“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხებს შეეხო. რა გამოიკვეთა ჩატარებული საჭიროებათა კვლევის შედეგად; რა კონკრეტული წინადადებები აქვთ სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებს; რომელია მოქალაქეთა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების პირველი რიგის საჭიროებები, რაც, საბჭოს წევრების აზრით, ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებლად უნდა აისახოს.
{youtube}Ffm000pmGJc{/youtube}
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ მხარდაჭერით
ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასულმა სიუჟეტმა შეაჯამა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში გაწეული მუშაობა ადგილებზე გენდერული პერსპექტივების დანერგვის კუთხით.
„გურიის“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებს ეხება: ახალგაზრდებთან მუშაობის ახალი პერსპექტივები; მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი პრობლემების ადვოკატირებისა და ლობირების ღონისძიებები; რაც მთავარია - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი: საბჭოს წევრი ნია მექვაბიშვილი გენდერულ საკითხებში გამგებლის თანაშემწედ დაინიშნა, რაც, სამომავლოდ, საბჭოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ტელეჟურნალმა „7 დღე“ თავისი ერთ-ერთი ბლოკი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის მეორე შეხვედრას დაუთმო, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ამჯერად ქუთაისში გაიმართა. ქსელი გაფართოებული ფორმატით შეიკრიბა და მას საკრებულოების და მერიების/გამგეობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სიუჟეტში შეხვედრის ორგანიზატორები და მონაწილეები მოგვითხრობენ ქსელური მუშაობის შედეგებზე. ამ ეტაპზე მოხდა რეკომენდაციების შემუშავება ქალთა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სამოქმედო გეგმისთვის, რომელიც ამ მიმართულებით თვითმმართველობის მონაწილეობის სფეროებს განსაზღვრავს და შეიცავს კონკრეტულ საკითხებს, რაც უნდა გაკეთდეს ძალადობის პრევენციის, დაზარალებულთა დახმარების კუთხით.
რესპონდენტების შეფასებით, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და დროული იყო, რაც საკითხის მოგვარებაში თვითმმართველობის მეტ ჩართვას განაპირობებს.
როგორ შეიძლება შეფასდეს პროექტი, რომლის შედეგად ყველა აღიარებს ქუთაისში გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით მიმდინარე სერიოზულ წინსვლას, რა მიღწევებს უზიარებენ ერთმანეთს ფონდი „სოხუმის“ მიერ სამი წლის წინ დაფუძნებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოები და რა არის მათი სამომავლო პერსპექტივები.
ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა, ქუთაისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე: ადგილობრივი სოციალური ჯგუფების საჭიროებების უკეთ გააზრება, ბიუჯეტის პროგრამების გენდერული პარამეტრების შედგენა. ითქვა, რომ პროექტის წარმატებით დაგვირგვინების ნიშანია გენდერული საბჭოების საკანონმდებლო დონეზე დანერგვა და არ უნდა დაიკარგოს ის მუხტი, რაც თვითმმართველობასთან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის თანამშრომლობით გაჩნდა და არაერთი საკითხის მოგვარების საწინდარი გახდა.