ბიჭუნა, ბაჭია და ფსიქოლოგი

პატარა ბიჭუნა დედასთან ერთად შემოვიდა. აქ ხშირად მოჰყავთ ბავშვები, ამიტომ ფსიქოლოგ მანანა გოცირიძის ოთახში ბევრი სათამაშოა. თაროზე უწყინრად იდო კურდღელიც. უკრაინელმა ბიჭუნამ უცებ იყვირა: ბაჭია! მერე ფსიქოლოგს ჰკითხა: შეიძლება ხელში ავიყვანო? რა თქმა უნდა, მისცეს. ეხუტებოდა, ეფერებოდა... მიხვდა მანანა გოცირიძე - რატომაც და უთხრა, თუ გინდა, გაჩუქებო. დედა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - ასეთი ჰქონდა სახლში და ძალიან უყვარდაო...

ბედნიერი წავიდა პატარა ბიჭუნა.

ყველა კმაყოფილი რჩება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ. ზოგს ნაკლები პრობლემა აქვს და უფრო მალე სრულდება რეაბილიტაციის პროცესი, ზოგს მეტი ვიზიტი სჭირდება.

უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრები მანანა გოცირიძის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იანვარში ის 6 ოჯახს შეხვდა - 17 ადამიანს. ჩატარდა პირველადი კონსულტაცია, ანამნეზის შეგროვება და მათ შესთავაზეს უფასო ფსიქოთერაპიის გაგრძელება. ოჯახებს ასევე გადაეცათ საჭირო პროდუქტები, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის საშუალებები, თბილი ტანსაცმელი.

უკრაინიდან ლტოლვილები შეშფოთებულები არიან იმით, რაც ხდება. ერთ-ერთმა მათგანმა ფსიქოლოგს გულისტკივილით უთხრა: „ჩვენი ულამაზესი ქალაქ მარიუპოლიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, სულ შავია, დანახშირებული. როგორ უნდა აღდგეს, აღარაფერი დარჩა? რამდენი უდანაშაულო სისხლი დაიღვარა. რამდენი სიკვდილი, ტანჯვა, ძალადობა და ომის ყველა საშინელება, რისთვის?“

ძალიან რთულია, მაგრამ ფსიქოლოგი ცდილობს მათ დამშვიდებას, ეხმარება სტრესის დაძლევაში და ახალ ადგილზე ადაპტაციაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები