ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე: „სამედიცინო პერსონალის როლი ოჯახში ძალადობაგამოვლილ ქალებთან ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციისა და მხარდაჭერის პროცესში“.
ტრენინგში მონაწილეობდა 20 სამედიცინო პერსონალი - ექიმები და მედდები ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ხონიდან, სენაკიდან და ზუგდიდიდან.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლება ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების, სენსიტიური კომუნიკაციისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. მონაწილეებმა იმსჯელეს სტერეოტიპული მიდგომების გავლენაზე, ტრავმის შემდეგ ქალის ემოციურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს სამედიცინო პერსონალთან პირველი კონტაქტი ქალისთვის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების განცდის დასაწყისი.
ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეფერირების მექანიზმს. ემა კამკიას ბლოკის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტების როლი, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობები, დოკუმენტირების საკითხები, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და რისკების შეფასების მექანიზმები.
ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციის ბლოკს ფასილიტაციას უწევდა ხათუნა გოგუა. მონაწილეებმა იმუშავეს იმაზე, როგორ უნდა წარიმართოს კომუნიკაცია ძალადობაგამოვლილ ქალთან ისე, რომ არ გაღრმავდეს მისი შიში, სირცხვილი ან დაუცველობის განცდა.
დისკუსიისას მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეფერირების დოკუმენტაცია უნდა იყოს უფრო კომპაქტური და პრაქტიკული, რათა მისი გამოყენება რეალურ სამუშაო გარემოში უფრო ეფექტურად იყოს შესაძლებელი და დამატებითი დისკომფორტი არ შეუქმნას არც მსხვერპლს და არც სამედიცინო პერსონალს.
„ჩვენ, ექიმები, არასოდეს ვყოფილვართ მსგავსი თემატიკის ტრენინგებზე. მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ აუცილებელია ჩვენს საქმიანობაში“, — აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
„მივდივართ ემოციურად და ინფორმაციულად სავსეები. დავფიქრდით საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ჩვენს პრაქტიკაში ხშირად გვაქვს შეხება ძალადობაგამოვლილ ქალებთან და მათთან კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, — თქვა ტრენინგის მონაწილემ.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობას. ტრენინგმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობის პროცესში სამედიცინო პერსონალის როლი მხოლოდ დიაგნოზითა და მკურნალობით არ შემოიფარგლება — ის უკავშირდება ქალის უსაფრთხოებას, ნდობას და მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით დასრულდა ტრავმა-ინფორმირებული მიდგომით თემში ქალებთან მუშაობის სპეციალიზებული ვორქშოფების ციკლი, რომელიც მაისში დაიწყო და 10 მუნიციპალიტეტი მოიცვა.
შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ვანში, თერჯოლაში, სენაკში, ხობში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩოხატაურში. საერთო ჯამში, ვორქშოფებში მონაწილეობა მიიღო 100 ქალმა.
სამუშაო შეხვედრების მთავარი მიზანი იყო ქალებისთვის ძალადობის ნიშნების ამოცნობის, ტრავმის გავლენის გააზრებისა და მხარდაჭერის უსაფრთხო ფორმებზე ინფორმაციის მიწოდება. მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, რატომ შეიძლება ძალადობა დიდხანს დარჩეს შეუმჩნეველი, რა როლი აქვს შიშს, დუმილსა და საზოგადოების დამოკიდებულებას და რატომ არის მნიშვნელოვანი არაგანსჯითი, ფრთხილი და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კომუნიკაცია.
ვორქშოფების შეფასებებში მონაწილეები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს ასეთი შეხვედრების საჭიროებას. მათი თქმით, მიღებული ცოდნა ქალებს ეხმარება, უკეთ ამოიცნონ ძალადობრივი ურთიერთობის ნიშნები როგორც საკუთარ, ისე სხვის გამოცდილებაში.
ციკლმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თემში ქალებთან ტრავმა-ინფორმირებული მიდგომით მუშაობა მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, სადაც საუბარი იწყება არა განსჯით, არამედ მოსმენით, მხარდაჭერითა და ადამიანის გამოცდილების პატივისცემით.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული პუბლიკაცია ეფუძნება 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ რაოდენობრივ კვლევას, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან - წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, ვანი, ჩოხატაური, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ხობი - 540 ქალი რესპონდენტი მონაწილეობდა. კვლევა ეხება ქალების უსაფრთხოების მდგომარეობას, ოჯახში და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის გამოცდილებას, ასევე მხარდაჭერის სერვისების შესახებ ინფორმირებულობას, ხელმისაწვდომობასა და ნდობას.
კვლევამ გამოკვეთა, რომ ქალთა უსაფრთხოებაზე ყველაზე მეტად მოქმედებს უმუშევრობა, სამუშაოს დაკარგვის საფრთხე, სიღარიბე, მიგრაცია და სერვისებზე არასაკმარისი წვდომა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ოჯახში ძალადობის თემის მიმართ არსებული სტიგმაც, რაც ხშირად აფერხებს ქალების მხრიდან პირადი გამოცდილების ღიად აღიარებას და დახმარებისთვის მიმართვას. მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ მიუხედავად სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ზრდისა, ქალების დიდ ნაწილს კვლავ არ აქვს ზუსტი ცოდნა, ვის და როგორ უნდა მიმართოს ძალადობის ან საფრთხის შემთხვევაში.
პუბლიკაციის ერთ-ერთი ძირითადი მიგნებაა, რომ ძალადობის პრევენცია და ქალთა დაცვა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებით ვერ იქნება საკმარისი. აუცილებელია სანდო, კონფიდენციალური, გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სერვისების გაძლიერება, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის: დევნილი ქალებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის და შშმ პირებზე ან ხანდაზმულებზე მზრუნველებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი ინიციატივა დაიწყო - გელ-ლაქის შემსწავლელი კურსი, რომელიც ქალებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებასა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობას ქმნის.
1 მაისს ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ ქალთა ჯგუფს, გაეცნენ მათ ინტერესებსა და საჭიროებებს. დღეს კი მონაწილეები უკვე შეუდგნენ სწავლას.
კურსის ფარგლებში ქალები ეუფლებიან გელ-ლაქის ტექნიკას, იძენენ ახალ პროფესიულ ცოდნას და დგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯს თვითდასაქმებისა და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ.
ინიციატივა ქალებისთვის არა მხოლოდ ახალი პროფესიის შესწავლის შესაძლებლობაა, არამედ სივრცე, სადაც ცოდნა, მოტივაცია და მხარდაჭერა ერთმანეთს აძლიერებს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა და ძალადობის დინამიკის გააზრება ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობაში“.
ტრენინგში მონაწილეობდნენ პარასპეციალისტები და სათემო ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობენ. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეების გაძლიერება ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომის გამოყენებაში და ძალადობის დინამიკის უფრო სიღრმისეული გააზრება.
ტრენინგის განმავლობაში განხილული იყო ძალადობის სოციალური საფუძვლები, გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გავლენა, ძალადობა როგორც კონტროლის სისტემა, ძალადობის ციკლი და სპირალი, ასევე ტრავმის გავლენა ქალის ქცევასა და გადაწყვეტილებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ ქეისებს, ჯგუფურ მუშაობას და ტრავმაზე ინფორმირებული კომუნიკაციის პრინციპებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიძლება ქალის რეაქციებისა და ქცევის სწორად დანახვა ტრავმის კონტექსტში და როგორ უნდა შეიქმნას უსაფრთხო, არამსჯელობითი სივრცე მხარდაჭერის პროცესში.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობა იწყება გაგებით, სენსიტიური კომუნიკაციითა და იმ გამოცდილების დანახვით, რომელიც ქალის გადაწყვეტილებებსა და ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქალების გამოცდილებები: ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ამოცნობა და დაცვის გზები — ბროშურა აერთიანებს ქალთა გამოცდილებებზე დაფუძნებულ ისტორიებს, რომლებიც აჩვენებს, როგორ შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიები კონტროლის, თვალთვალის, შანტაჟის, ფინანსური ზეწოლისა და პირად სივრცეში შეჭრის ინსტრუმენტად იქცეს.
ბროშურა მკითხველს ეხმარება ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის ადრეული ნიშნების ამოცნობაში, ხსნის, რატომ არ ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობაგამოვლილ ქალს და სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს ციფრული უსაფრთხოების, მტკიცებულებების შენახვისა და დახმარების მიღების გზებზე. პუბლიკაცია მომზადდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ, პროექტის „უხილავი აღარ არის: პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიური ძალადობის ამოცნობა და რეაგირება“ ფარგლებში, WAVE ქსელის მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
სენაკში დაიწყო ერთთვიანი საბაზისო მანიკურის შემსწავლელი კურსი, რომელიც ქალთა ეკონომიკურ მხარდაჭერას ემსახურება. პროგრამაში 10 ქალი მონაწილეობს.
კურსს უძღვება ნესტანი დადიანი - სპეციალისტი, რომელსაც ამ სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მონაწილეებს უკვე გადაეცათ საჭირო მასალები და ინვენტარი. ასევე, პირველი-ორი გაკვეთილი ჩატარდა.
პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინონ ახალი პრაქტიკული უნარები და დასაქმების ან თვითდასაქმების მიმართულებით იფიქრონ. ამასთან, კურსი მათთვის არის სივრცე, სადაც სწავლასთან ერთად იზრდება საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა.
მსგავსი ინიციატივები ქალებისთვის ახალი პერსპექტივების შექმნასა და უფრო სტაბილური მომავლის დაგეგმვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში გაიმართა ვორკშოპი თემაზე — „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრაში 10 ქალი მონაწილეობდა.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე, მისი ამოცნობის გზებსა და იმ მხარდაჭერის სერვისებზე, რომლებიც ქალებს ეხმარება როგორც საკუთარი თავის დაცვაში, ისე სხვა ქალების მხარდაჭერაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალადობის იმ ფორმებს, რომლებიც ხშირად უხილავი და ნაკლებად შესამჩნევია.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა. მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილებები. მათი შეფასებით, მსგავსი შეხვედრები აძლიერებს ურთიერთმხარდაჭერის განცდას და ზრდის მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიონ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული ბროშურის - „ქალთა გამოცდილებები ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე“ - საფუძველზე შეიქმნა ვიდეო, რომელიც აერთიანებს სამი ქალის ისტორიას.
ვიდეოში წარმოდგენილია ანას, ლიას და თეას გამოცდილებები, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სხვადასხვა ფორმით ვლინდება: ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური აგრესიით და იმ რეალობით, როცა ქალი დახმარებას ითხოვს, თუმცა სისტემა ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას.
ვიდეო მიზნად ისახავს ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობას, თემაზე ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მხარდაჭერის მნიშვნელობის ხაზგასმას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული ახალი ბროშურა - „ქალთა გამოცდილებები ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე“ - დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ისტორიებს აერთიანებს.
გამოცემა აჩვენებს, როგორ ვლინდება ქალთა მიმართ ძალადობა სხვადასხვა ფორმით: ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური, ციფრული და ინსტიტუციური ბარიერების სახით და რატომ რჩება ეს გამოცდილებები ხშირად უხილავი და უთქმელი.
ბროშურა ეფუძნება ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევებსა და მონიტორინგის ჯგუფის მიერ შეგროვებულ მონაცემებს. მასში წარმოდგენილი ისტორიები ადაპტირებულია ქალების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეცვლილი სახელებით და მიზნად ისახავს ძალადობის ამოცნობას, დუმილის დარღვევას და მხარდაჭერის სერვისებზე ინფორმირებულობის გაზრდას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
