ახალგაზრდული ფორუმი ბათუმში

    
ქ. ბათუმის N2 სკოლაში პროექტის „ბათუმის ახალგაზრდები არაძალადობრივი საზოგადოებისათვის“ ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდული სამოქალაქო ფორუმი. პროექტს ახორციელებდა ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან არსებული გაერთიანება „სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფი“ ბათუმის მერიისა და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით.
ფორუმს ესწრებოდნენ ბათუმის სკოლების მოსწავლეები, პედაგოგ-მასწავლებლები, თვითმმართველობის, გენდერული საბჭოს, ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. ბათუმის 6 სკოლაში დაფუძნებულმა ახალგაზრდულმა ფორუმ-თეატრებმა  პრობლემაზე რეაგირებისათვის მაყურებელს შესთავაზეს ხელოვნების ინოვაციური მეთოდი, რომლითაც ხდება რიგითი მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართვა პრობლემის მიზეზების, მისი გადაწყვეტის გზების ძიებაში.  სკოლების მიერ მომზადებული ფორუმ-თეატრის წარმოდგენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ჩამოყალიბდა წინადადებები და რეკომენდაციები ძალადობის პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიმართულებით. ჯგუფური სამუშაოების დროს ახალგაზრდებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სოციალური ტოლერანტობის და ბულინგის პრობლემას. ასევე აღინიშნა აჭარის მაღალმთიან სოფლებში ძალადობის პრობლემაზე ინფორმირების კუთხით მუშაობის აუცილებლობა.
პროექტი ხელს შეუწყობს ძალადობის პრობლემის სწორ გააზრებას, მის მიმართ შეურიგებლობას, საზოგადოების გაერთიანებას ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარებისათვის.

ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაიწერა განცხადება

სასტუმრო „ხვამლის“ კოლექტიურ ცენტრში დევნილები რთულ და გაურკვეველ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებთან ერთად ისინი ცდილობენ თავიანთი პრობლემების ადვოკატირებას. გააგზავნეს წერილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მიუღიათ.
3 ნოემბერს ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე განცხადება თავიდან დაიწერა. კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ოჯახები განცხადებას ხელს მოაწერენ და სამინისტროსგან ოფიციალურ   პასუხს დაელოდებიან.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - თბილისის კონფერენციაზე

   
თბილისში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვას მიეძღვნა (ორგანიზატორები: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „ტასო“).
მასში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილმა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭოებმა.
პირველ დღეს მონაწილეებმა თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისთვის აუცილებელ ინსტიტუციურ მექანიზმებზე იმსჯელეს და „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვისთვის ჩატარებული მუშაობის შედეგები შეაჯამეს.
კონფერენციის მეორე დღე გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების განხილვას დაეთმო. ქუთისის, სენაკის, ოზურგეთის და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, რომელიც ეხებოდა გენდერული ბიუჯეტირების პრინციპების დანერგვას, ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმებს.
ითქვა, რომ არსებული გენდერული საბჭოების პრაქტიკა საუკეთესო დასაბუთებაა მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების დროულად მისაღებად.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კონფერენცია ჰააგაში

 
2 ნოემბერს ჰააგაში, ნიდერლანდებში, გაიმართა WAVE-ის (ევროპელი ქალები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ) ქსელის მე-17 კონფერენცია - „ქალების ერთიანი ძალა - ძალადობის შესაჩერებლად!“
ქსელი შედგება 92 წევრისგან - ევროპის ქვეყნების ქალთა ორგანიზაციები და ქსელები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ორგანიზაციები 50 ქვეყნიდან. საქართველოს წარმოადგენდა ფონდი „სოხუმი“.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დუბრავკა სიმონოვიჩი შეეხო ძალადობის მიზეზებსა და შედეგებს, ქალების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, მათ შორის - კონვენციას ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ და სტამბულის კონვენციას.
წარმოდგენილი იყო მოკლე პრეზენტაციები რამდენიმე ორგანიზაციის მუშაობის შესახებ. გაიმართა დისკუსიები და ვორკშოპები, რის შემდეგაც შემუშავდა რეკომენდაციები. კონფერენციის მეორე ნაწილი მიეძღვნა საერთო კრებას, ქსელი წარსდგა ფინანსური ანგარიშით და ჩატარდა გამგეობის არჩევნები მომდევნო ორი წლით. ამას გარდა, მოხდა კორინა სეიფის სახელობის ჯილდოს მინიჭება - ეს არის არაჩვეულებრივი ქალი, ფემინისტი, ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერთან დაკავშირებული საკითხების მკვლევარი.

მრგვალი მაგიდა ქალაქ ქუთაისის მერიაში

 
ქალაქ ქუთაისის მერიის დარბაზში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, შეიკრიბნენ საკრებულოს დეპუტატები, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები, ჟურნალისტები - ადამიანები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ოჯახში ძალადობასთან.
აქტიური დისკუსია გაიმართა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
შეხვედრა მიყავდათ ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლებს. დაფიქსირდა მონაწილეთა გამოცდილება, მათი გულშემატკივრული დამოკიდებულება, კონკრეტული მაგალითები და საერთო აზრი: ადგილობრივი თვითმმართველობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის საქმეში. ეს მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებისათვის.
 
პროექტი ხორციელდება ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მხარდაჭერით 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები