სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორ ორგანიზაციების - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების თაობაზე ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია; ადგილობრივი ხელისუფლება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან; გარდა ამისა, შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი - ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიები, ქალთა ადგილობრივი ორგანიზაციები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტი შედეგად დაზარალებული ქალები - თემის ლიდერები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახულ ძირითად აქტივობებზე და იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში.

საქართველოს პარლამენტში გაიმართა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პრეზენტაცია - „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება“. ანგარიში მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მიერ არის დაფინანსებული.

მოხსენება საბჭოს წევრმა, თეონა აქუბარდიამ წარადგინა. პრეზენტაცია სიმბოლურად სწორედ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაამთხვიეს.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მოაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ:პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმიდან“ მონაწილეობდა თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია.

სექტემბერში აქტიურად მიმდინარეობდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა. ორგანიზაციამ დახმარების ახლებური მეთოდი შეიმუშავა. გამზადებული პაკეტის (სურსათი, ჰიგიენის და საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები) ნაცვლად შეისყიდა სუპერმარკეტის ვაუჩერები და სხვადასხვა ოდენობის ვაუჩერი დაურიგა  ბენეფიციარებს.

ამ თვეში 8 ახალი ადამიანი დაემატა ჩვენს საინფორმაციო ბაზას (სულ 331 ადამიანია ბაზაში). მათთვის შეძენილ იქნა 180 ვაუჩერი და დახმარება გაეწია 110 ოჯახს  (15 ოჯახს - ხელმეორედ).

უკრაინელ ლტოლვილებს, თავიანთი საჭიროებების მიხედვით სხვა დახმარებაც გაეწიათ: 6 ოჯახს გადავუხადეთ საცხოვრებლის ქირა; სამმა მიიღო თანხა კომუნალური გადასახადებისთვის; ერთ-ერთ ონკოპაციენტს დაუფინანსდა 647 ლარის ანალიზები  მეორემ კი ჩვენი დახმარებით შეიძინა 286 ლარის წამლები.

ჩვენი მხარდაჭერის სამსახური ზრუნავს უკრაინელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც: ერთ-ერთი ბენეფიციარი დღის სარეაბილიტაციო ცენტრში ესწრება პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსებს და ძალიან მოსწონს მეცადინეობების ფორმატი.  6 ქალი მონაწილეობდა ბათუმში გამართულ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე. ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე კი თვის მანძილზე კვლავინდებურად უტარებდა მსურველებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვალ მეცადინეობაზე. ეპოქსიდზე ვმუშაობ, ვქსოვ. თიხასთან შეხება პირველი იყო და კარგად გამომივიდა“, - ამბობს რუსუდან გვეტაძე.

ირმა კლდიაშვილმა ფეისბუქზე ნახა მასწავლებლის მაკა ჯიშკარიანის შემოქმედება და ძალიან დაინტერესდა. კურსებზე შემოიტანა განაცხადი და, როგორც ამბობს,  გაკვეთილებმა მოლოდინი გაამართლა.

თამუნა ნანავა ის გოგოა, ზამთარში, ფეისბუქზე ეზოს თოვლის ბაბუების „კონკურსის“ და ერთგვარი ბუმის დროს  ქალი რომ „გამოძერწა“ თოვლისგან. დედა მხატვარია. თავადაც ნიჭიერია:

- ხელოვნების ყველა სფეროს ვაფასებ. ვქსოვ სათამაშოებს, რემონტიც მეხერხება, ხეზე კვეთაც მინდა დავიწყო. პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ვისწავლე, მთელი პროცესი მომწონს, განსაკუთრებით კესანების კეთება, თოჯინების  დამზადება.

ასე ამბობდნენ კურსის მონაწილეები ცოტა ხნის წინ...

ამ შეხვედრებზე ჩვენ ვისმენთ ინფორმაციებს, რომლებიც ყველას გვჭირდება! ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემებზე და გვაქვს შეგრძნება, რომ მარტო არა ვართ. ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისას ჩვენს გვერდით არიან  ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ, - ასეთი შეფასებები ჰქონდათ საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მონაწილეთა აზრით,  ყველა არსებული სერვისი მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ სერვისებზე ინფორმაცია უნდა მისწვდეს ყველა ბენეფიციარს, რათა საჭიროებისამებრ გამოიყენონ.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში აქტიურად იმუშავეს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგებმა, მათი მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც პრევენციის, ასევე მსხვერპლთა დახმარების კუთხით.

ინფორმირების პარალელურად ძალადობის 10 ახალი შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა. აღნიშნულ ქეისებზე მუშაობა ჩვენი ორგანიზაციის რესურსებით მიმდინარეობს. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ბავშვზე ძალადობა და ბავშვის იგნორირება“ - ამ თემაზე ჩაატარა შეხვედრები ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ეკა ხაინდრავამ სამტრედიის, ქობულეთის, სენაკის, წალენჯიხის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. სამიზნე ჯგუფებში, ძირითადად, იყვნენ საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგები. მოსწავლეებთან გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები.

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ფიზიკური მანიშნებლების შემდეგ ძალადობის შემთხვევების მეორე მთავარი მანიშნებელია ბავშვის ქცევა. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უმრავლესობა გამოირჩევა პასიურობით. მათ, შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ კვების რეჟიმი, ხშირ შემთხვევაში არ იციან თამაში, ვერ იკავებენ თავს, ზოგჯერ განვითარებაში ჩამორჩენასაც ამჟღავნებენ.

ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის, რათა შეძლონ ბავშვების დახმარება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხშირად  ფიქრებით ჩვენ ვიმყოფებით ან წარსულში ან მომავალში, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ხდება მხოლოდ „აქ და ამჟამად“. მაინდფულ ადამიანი ყურადღებას აქცევს ამჟამინდელ მომენტს და სრულიად მინაწილეობს ცხოვრებაში.

მაინდფულნესი (Mindfulness) ნიშნავს ყურადღების სრულ კონცენტრაციას „აქ და ამაჟამად“.

სწორედ ამ მეთოდიკით გაიმართა ბათუმში ტრენინგი და მასში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი დახმარებით ქუთაისიდან 6 უკრაინელი ქალი გაემგზავრა.

ტრენინგის განმავლობაში მათ იმუშავეს საინტერესო საკითხებზე: როგორ დაძლიონ შფოთვა, როგორ დაიმშვიდონ და შეიყვარონ თავი და ა.შ. ქალებმა ისწავლეს არაერთი სავარჯიშო. ისინი კმაყოფილები დარჩნენ ტრენინგით, რადგან ეს ყველაფერი სჭირდება თითოეულ მათგანს და მათი ოჯახის წევრებს, სანამ საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან.

ასეთი ტიპის ტრენინგები კიდევ ჩატარდება სხვა ჯგუფებთან.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამ ლამაზ ფოტოკოლაჟებზე შემაჯამებელი შეხვედრებია აღბეჭდილი.

სექტემბერი ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში ექვსთვიანი სატრენინგო კურსის შეჯამებებით დაიწყო. უკვე ჩატარდა შეხვედრები თერჯოლის, სამტრედიის, ქობულეთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, განათლების რესურსცენტრების და ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

ჯგუფის ლიდერებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ხუთი თვის განმავლობაში ჩატარებულ მუშაობაზე, შედეგებზე, ცვლილებებზე, პროექტის გავლენასა და მნიშვნელობაზე.

სექტემბერში კიდევ ხუთი შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდება. პარალელურად ხდება ახალი ჯგუფების ფორმირება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფერადი ბისერებით და მულინებით ჩვენი ბენეფიციარები ზღაპრულად ლამაზ აქსესუარებს შექმნიან.

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კიდევ ერთი ახალი სასწავლო კურსი დაიწყო. სასწავლო კურსის ოფისი უცვლელია. მუშაობას აქტიურად უჭერს მხარს მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.

ახალი ჯგუფის პედაგოგი მერი კუპატაძეა. მის ნამუშევრები მოსწონს მომხმარებელს და ყველგან გამოარჩევენ საწარმოო ნიშნით „მერისგან“.

თერჯოლელი ქალებისთვის წარმატების ახალი ეტაპი დაიწყო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრმა დაიწყო აქტიური სარეპეტიციო პროცესი. ჯგუფი ცვლილებების მოლოდინშია. გამოცხადდა ქასთინგი, ხდება გასაუბრებები და ველოდებით ახალგაზრდა მსახიობთა ახალ ნაკადს. ფორუმ-თეატრში ხშირად ხდება მსგავსი ცვლილებები, რადგან მოსწავლეები მიდიან სკოლის დასრულების შემდეგ.

სექტემბერში ჩატარდა ორი წარმოდგენა ქუთაისის ცენტრალურ პარკებში, უკვე მთავრდება კარგი ამინდების სეზონი და ფორუმ-თეატრმა მაქსიმალურდ გამოიყენა ეს სივრცე. ღია ცის ქვეშ თამაში კარგი გამოცდილებაა მსახიობებისთვის.

წარმოდგენების დროს დისკუსიებში ჩართულობა იყო საინტერესო და გულწრფელი, ოღონდ ეს არის: მაყურებლები ერიდებიან ფოტოების გადაღებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები