პატარა ბიჭუნა დედასთან ერთად შემოვიდა. აქ ხშირად მოჰყავთ ბავშვები, ამიტომ ფსიქოლოგ მანანა გოცირიძის ოთახში ბევრი სათამაშოა. თაროზე უწყინრად იდო კურდღელიც. უკრაინელმა ბიჭუნამ უცებ იყვირა: ბაჭია! მერე ფსიქოლოგს ჰკითხა: შეიძლება ხელში ავიყვანო? რა თქმა უნდა, მისცეს. ეხუტებოდა, ეფერებოდა... მიხვდა მანანა გოცირიძე - რატომაც და უთხრა, თუ გინდა, გაჩუქებო. დედა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - ასეთი ჰქონდა სახლში და ძალიან უყვარდაო...

ბედნიერი წავიდა პატარა ბიჭუნა.

ყველა კმაყოფილი რჩება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ. ზოგს ნაკლები პრობლემა აქვს და უფრო მალე სრულდება რეაბილიტაციის პროცესი, ზოგს მეტი ვიზიტი სჭირდება.

უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრები მანანა გოცირიძის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იანვარში ის 6 ოჯახს შეხვდა - 17 ადამიანს. ჩატარდა პირველადი კონსულტაცია, ანამნეზის შეგროვება და მათ შესთავაზეს უფასო ფსიქოთერაპიის გაგრძელება. ოჯახებს ასევე გადაეცათ საჭირო პროდუქტები, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის საშუალებები, თბილი ტანსაცმელი.

ქალთა ფონდი „სოხუმმა“ აქტიური მუშაობა დაიწყო უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად.

ჩვენს ბაზაში 61 ადამიანია, 23-მა მათგანმა უკვე დატოვა საქართველო. დარჩენილთაგან 4 ადამიანი ნათესავებთან ცხოვრობს, დანარჩენები ქირაობენ, ან არიან ნაცნობებთან, რომელთაც უსასყიდლოდ დაუთმეს საცხოვრებელი. ფეისბუქზე შექმნილია ჯგუფი, სადაც იკრიბება ყველა აქტუალური ინფორმაცია.

ქალთა ფონდ „სოხუმს“ კავშირი აქვს თბილისის ორგანიზაციასთან «Допомога Украине», მათ იციან იმ დახმარების შესახებ, რომლის გაწევაც ჩვენ შეგვიძლია. ისინიც გვიზიარებენ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს ჩვენთვის. ჩვენ ასევე ვუკავშირდებით ჰუმანიტარულ ორგანიზაციას „მოწყალება“, რომელიც ჰუმანიტარულ ტვირთს ანაწილებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებების შეფასების მიზნით გრძელდება ონლაინ ანკეტირება ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე. ყველას საჭიროება ერთმანეთს ჰგავს: საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები