ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

26 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე: „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“. 

შეხვედრის პირველ ნაწილში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - თეა ახვლედიანმა, რომელმაც ისაუბრა სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის გააქტიურების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ლაშა დარსალიამ დეტალურად განიხილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესში არსებული დინამიკა და გამოწვევები და  ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიერ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა გამოწვევების გადაჭრის მიზანმიმართულ დაბრკოლებაზე. საქართველოში გაეროს რეზიდენტმა კოორდინატორმა - საბინე მახლმა ისაუბრა სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის საქმეში გაეროს როლზე და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის კუთხით გაეროს სააგენტოებისა და პროგრამების საქმიანობაზე. 

 პანელური დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის გზები, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის გააქტიურებისა და სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერების კონტექსტში. სამშვიდობო მოლაპარაებებში რუსეთის დისტრაქციული როლის გათვალისწინებით და დეოკუპაციის ირგვლივ მხარეთა პოზიციების შეურიგებლობის და თანამშრომლობისკენ მიმავალი ყველა ინიციატივის ბლოკირების ფონზე, ეკატერინე გამახარიამ, თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა, სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი, პარალელური პროცესის დაწყების აუცილებლობაზე, რომელშიც ჰუმანტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე არაპოლიტიზირებულ დიალოგში ჩაერთვებიან უშუალოდ საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინდივიდუალური სტატუსით. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების, და განსაკუთრებით ქალთა ორგანიზაციებთან ინსტიტუციონალიზებული მუდმივმოქმედი თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნის და ქმედითი და ჯეროვანი ჩართულობის და კონსულტაციების გამართვის საჭიროება, სადაც წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ, მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ, უნდა მოხდეს სხვადასხვა სფეროს ირგვლივ, სპეციფიკური და პრიორიტეტული საკითხების სიღრმისეული განხილვა და მასზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგიების ერთობლივად შემუშავება.  გარდა ამისა, ხაზი გაესვა აღნიშნულ შეხვედრებზე განხილულ საკითხებზე ხელისუფლების მხრიდან ჯეროვანი უკუკავშირის  და ანგარიშვალდებულების გაძლიერების აუცილებლობასა და სხვა მნიშნელოვან საკითხებს.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები