სოციალური აქტივობის კონცეფციას მიეძღვნა ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები ჭომის და ნიკეას დევნილთა დასახლებებიდან.

მონაწილეებმა შეავსეს პრე- და პოსტკითხვარები სოციალური აქტივობის საკითხებზე. მათთვის უკვე სრულიად გასაგებია ამ ტერმინის განმარტება, არსი,  მიზანი და შედეგები. შეხვედრაზე შემუშავდა თვითდახმარების ჯგუფის წესდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დასახლებების პრობლემების იდენტიფიცირება. ჯგუფმა სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისთვის უნდა იზრუნოს.



პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

აფხაზეთის ქუჩაზე, ხონის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა შეხვედრა თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან. 

ჯგუფის წევრები გაეცნენ სოციალური აქტივობის არსს, მიზანს, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების აქტიურობა საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად.

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა შეავსეს პრეტესტი, ხოლო მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ - პოსტტესტი რითაც  შეფასდა მათი ცოდნა და შეხედულებები  სოციალური აქტივობის შესახებ.

ბოლოს მონაწილეები გაეცნენ და მიიღეს თვითდახმარების ჯგუფის წევრებისთვის წინასწარ შემუშავებული წესდება: ზოგადი დებულება, ჯგუფის მიზნები, წევრების არჩევა/შერჩევის წესი, უფლებები და მოვალეობები, მენეჯმენტის სტრუქტურა, შეხვედრების პერიოდულობა.

დათქვეს, რომ მოისმენენ თემში მცხოვრები ადამიანების მოსაზრებებსაც - თუ რა აწუხებთ და რა მიაჩნიათ პრიორიტეტულ პრობლემად, რისი მოგვარებაც უნდათ სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  მხარდაჭერით

მორიგი შეხვედრა ფოთში

ფოთის დევნილთა დასახლებაში გაიმართა თვითდახმარების ჯგუფის წევრთა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს სოციალური აქტივობის არსი, გააანალიზეს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, თემის პრობლემები და ქალთა გაძლიერების სტრატეგიები.

დასაწყისში მონაწილეები გაეცნენ სოციალური აქტივობის კონცეფციას - როგორია, როგორც ინსტრუმენტი ინდივიდუალური თვითდახმარებიდან კოლექტიურ ცვლილებამდე; როგორ უწყობს ხელს აქტიური თანამონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების გაძლიერებას პიროვნულ და თემის დონეზე. აღინიშნა, რომ ჯგუფური მუშაობა, რესურსების გაზიარება და მხარდამჭერი ქსელების შექმნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებული ქალებისათვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური რისკების წინაშე დგანან.

მონაწილეებთან ერთად შემუშავდა და ხელმოწერით დადასტურდა თვითდახმარების ჯგუფის წესდება, რომელიც განსაზღვრავს შიდა წესებს და სამუშაო პრინციპებს. ასევე შეივსო პრე- და პოსტკითხვარი სოციალური აქტივობის თაობაზე.

შეხვედრაზე ასევე მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება: ჯგუფის წევრებმა დაასახელეს დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევები და დაალაგეს პრიორიტეტების მიხედვით

შეხვედრა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალურ გაძლიერებაში, ისე ქალთა სოლიდარობის და თემზე ზრუნვის კულტურის განვითარებაში - პროცესში, რომელიც სოციალურ ცვლილებებზეა ორიენტირებული.


პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  მხარდაჭერით

მხარდაჭერა და სტიმული

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრებზე განიხილეს სხვადასხვა ქეისი, იმსჯელეს პრობლემებზე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. წყალტუბოში ქალები ეძებენ სეზონურ სამუშაოებს (მოცვის, თხილის შეგროვება ან  ზღვისპირა კურორტებზე მუშაობა). ზოგიერთ მათგანს აქვს ეს გამოცდილება და სხვებსაც ურჩევს, რადგან ამ შემოსავლებით ბევრ საჭიროებას მოაგვარებენ...

ხობში ჯგუფის ერთ-ერთ წევრს გადაეცა სმარტფონი, რაც გაამარტივებს მისთვის აუცილებელ კომუნიკაციას.

ქობულეთის ჯგუფის წევრები განსაკუთრებით ემადლიერებიან ჩვენს ორგანიზაციას, რადგან ამდენი სითბო და ყურადღება არავის გამოუხატავს მათ მიმართ. 

ჩოხატაურის ჯგუფთან ონლაინ ჩართვა გაიმართა. ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგიც ჩაერთო, როგორც სხვა შეხვედრებში. ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრების აზრით, ფსიქოლოგის სასარგებლო რჩევები მათთვის სერიოზული მხარდაჭერაა.

შეხვედრების მონაწილეებისთვის დიდი სტიმულია, რომ ასეთი ჯგუფი 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს და, პროექტის ასისტენტის, ნინო ჭაბუკიანის დახმარებით, მათ აქვთ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.


პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

შთამბეჭდავი სანახაობა აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის ფორუმ-თეატრის გამოსვლები. ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში შეკრებილებს მოეწონათ თანატოლების სამსახიობო ნიჭი, რეალობაზე დაფუძნებული სცენები. აქტიური დისკუსიები გაიმართა ყველა წარმოდგენის შემდეგ. რეჟისორ მაგდა ჩიხლაძესთან ერთად მაყურებელმა გულწრფელად ისაუბრა ბულინგზე, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, აქტუალურ პრობლემებზე.

მეორე გამოსვლაც ქუთაისში იყო, ცენტრალურ ადგილას. ფორუმ-თეატრის მსახიობები ისე ბუნებრივად ასრულებდნენ თავიანთ როლებს, რომ რამდენიმე გამვლელმა ძალადობის მსხვერპლის დახმარებაც კი სცადა. მერე გაიგო, რომ ეს სპექტაკლია...

მაყურებელი ამბობს, რომ კარგია ამ ფორმით ძალადობაზე საუბარი, დისკუსია, რადგან თვალსაჩინოა პრობლემა. მთავარია, გამოსწორებაზეც ერთად ვიზრუნოთ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

10 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული  ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგები  თემებზე „კონფლიქტის ესკალაცია და მაგალითები“ და „ტოლერანტობა ახალგაზრდებში“.
8 ტრენინგი ჩატარდა ადგილზე, ხოლო ორი კი - ონლაინ. 

საზაფხულო არდადეგების მიუხედავად,  ახალგაზრდები ინტერესით დაესწრნენ ტრენინგებს, აქტიურად ჩაერთნენ სავარჯიშოების შესრულებაში და როლური თამაშებით გაიაზრეს პრობლემების სიმწვავე.

მონაწილეთა უკუკავშირიდან:

„პირველად გავიგე ტერმინი „ესკალაცია“ და, ვფიქრობ, დამამახსოვრდება“.

„თქვენი ახსნილით და პლაკატის საშუალებით ადვილად დავინახეთ, რა სტადიებს გადის კონფლიქტი და როგორ მწვავდება ის“.

„ძალიან საინტერესო იყო როლური თამაში, სადაც ესკალაციის სტადიების დროს  შევჩერდით პრობლემის გამწვავებამდე“.

„საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანს, მიუხედავად განსხვავებული კულტურის, სარწმუნოების თუ შეხედულებისა“.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დედები და შვილები

ასეთი ისტორიები ხშირად იწერება ჩვენი მუშაობით, ძალისხმევით, მონდომებით.

ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როცა საქმე ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრს ეხება.

ერთ-ერთი ბოლო ამბავი ასეთია: ცენტრში იმყოფებოდა ორი დედა და 7 ბავშვი. ორი რთული ბედის ქალი. და რთული ბავშვები. ეს არც არის გასაკვირი: ტრავმირებულები არიან, ძალადობაგამოვლილები, დიდ პრობლემებს შეჭიდებულები.

არასრულწლოვანებთან მუშაობის პედაგოგი აღნიშნავს, რომ თავიდან ერთმანეთს სცემდნენ, ძალადობრივ ქცევებს გამოხატავდნენ, აგრესიულები იყვნენ.

გზადაგზა გაირკვა, რომ ოჯახში განცდილი ძალადობის გარდა, მათ მიმართ ხშირია ბულინგი სკოლაში - მოსწავლეების და მასწავლებლების მხრიდან. უფროსები სცემენ უმცროსებს, იმიტომ რომ არ ილაპარაკონ თავიანთ პრობლემებზე, პატარებს კი უნდათ სხვებსაც გააგებინონ თავიანთი გასაჭირი. ბებიასაც უცემია ქამრით, მასწავლებელმა თმებზე მოქაჩა ისე მწარედ, რომ ლამის ამოაგლიჯა...

სარეაბილიტაციო ცენტრში ბავშვებმა ისწავლეს, როგორ გაუმკლავდნენ ბულინგს, როგორ დაამყარონ ურთერთობები სხვებთან. დედებმაც გაარკვიეს თავიანთი მდგომარეობა - რა ჯობია მათი მომავლისთვის. იურისტის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მუშაობა სწორედ აქეთკენ იყო მიმართული.

ერთ-ერთი დედა უკვე განქორწინებულია და დამოუკიდებლად ზრდის შვილებს, მეორე ჯერაც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, თუმცა მისთვის მაგალითია იმ ქალის ცხოვრება, გადაწყვეტილება და შედეგები, რომელთან ერთადაც ორი კვირა იცხოვრა ცენტრში.

ორივე ქალი იმედით სავსე წავიდა ქუთაისიდან, ბავშვები - კმაყოფილები, ბედნიერები. მათთან მუშაობა, მათი მხარდაჭერა ისევ გაგრძელდება, ჩვენ ვცდილობთ, არასოდეს დავტოვოთ ჩვენი ბენეფიციარები მარტო. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა საჭიროებების კვალდაკვალ

  • ოთხშაბათი, 25 ივნისი 2025
  • 219 ჯერ

მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრებით სხვადასხვა თემა მოიცვეს. ოჯახური ძალადობის პრობლემები და პრევენციული გზები ყველგან აქტიურად განიხილება. ხონის, ჩოხატაურის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ იდენტიფიცირების კუთხით ბევრი სამუშაოა. 

წარმატებული პრაქტიკა და შედეგები მაპროვოცირებელი გახდა დანარჩენ ცენტრებში შეკრებილი ქალებისთვის. ინფორმაციის გაზიარების პროცესში ახალი შემთხვევების გამოვლენა ხდება ხობის, ვანის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ფონდის პარასპეციალისტები. სწავლობენ ქალთა საჭიროებებს, ქალებს აცნობენ  სერვისებს და პროგრამებს.

„ბევრი ისეთი სერვისი არსებობს, რომლის არსებობის შესახებ ქალებმა არ იციან, ამიტომ ამ სერვისებზე ინფორმაციის მიწოდება უნდა გაგრძელდეს, ყველას უნდა ვუთხრათ, ვინც შეხვედრებზე ვერ მოდის,“- აღნიშნეს ბენეფიციარებმა. 

ივნისში სენაკის, წყალტუბოს, თერჯოლის და ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შიდა მონიტორინგი ჩატარდა. მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ინფორმირების საკითხი უნდა გაგრძელდეს. ასევე გამოიკვეთა ქალებისთვის პროფესიული კურსების აუცილებლობა. მონიტორინგით გამოვლენილი საკითხები მომდევნო თვიდან დაინერგება და ქალთა მხარდაჭერის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსები დასრულდა. დღის სარეაბილიტაციო ცენტრი სოფელ შუა ხორგაში მოეწყო. 

საინტერესო იყო საბაზისო კურსის ორი თვე, ყოველი გაკვეთილი: დიზაინზე მუშაობა, ქსოვილის თუ სხვადასხვა დეტალის საგულდაგულო დამუშავება... 

მეცადინეობების ბოლო დღე განსაკუთრებულად, თავიანთი ნამუშევრების გამოფენით აღნიშნეს ქალებმა. ამბობენ, კარგი მასწავლებელი გვყავდა, ყველა ნიუანსი გვასწავლა. ერთად ყოფნა და ურთიერთობებიც სასიამოვნო იყოო... 

კურსდამთავრებულები ეცდებიან - პრაქტიკაში გამოიყენონ, რაც ისწავლეს. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები