ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა. სხდომაში მონაწილეობდა როგორც ცენტრალური ხელისუფლების რელევანტური უწყებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის ძირითადი ინდივიდუალური მიღწევები და გამოწვევები, რომლებიც თან ახლავს გენდერული  თანასწორობისთვის და ქალთა და ოჯახში ძალადობის  წინააღმდეგ მუშაობის პროცესს.

სხდომას ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე ესწრებოდა. მან დამსწრეებს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება გაუზიარა და, მოკლე დროის მიუხედავად, ყურადღება გადაუდებელ საჭიროებებზე გაამახვილა. კერძოდ: ბავშვთა მოვლის სერვისების არსებობის მნიშვნელობაზე ქალთა დასაქმების ხელშესაწყობად ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისთვის; სოფლებში მერის წარმომადგენლების ჩართულობით ქალთა/ოჯახში ძალადობის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მნიშვნელობაზე. პარალელურად, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდასა და პროფესიული გადამზადებების საჭიროებაზეც ისაუბრა; მუნიციპალური სერვისის მისაღებად არსებულ იმ ბარიერებზე, რაც დაზარალებულ ქალს არ აძლევს უფლებას, კრიზისულ სიტუაციაში გამოიყენოს სხვა მუნიციპალიტეტში არსებული სერვისები, მსხვერპლის სტატუსისა და რეგისტრაციის უქონლობის გამო. ლინდა ჩიხლაძემ ასევე დასვა კითხვა, თუ რა მდგომარეობაა მოძალადის ქცევის კორექციის მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით და აქვთ თუ არა დაგეგმილი ამ პროგრამების ეფექტიანობის შეფასება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თვის მანძილზე აქტიურად მუშაობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტი იამზე გუმბერიძე. ბაღდათში ის  დაესწრო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის პრეზენტაციას - ამ კომისიის შექმნით ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივას პირველმა ბაღდათის მუნიციპალიტეტმა დაუჭირა მხარი.

ტრადიციულად, წარიმართა მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან. ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა ბაღდათში, ჯგუფური - თერჯოლაში (მონაწილეობდა 16 ადამიანი),  წალენჯიხაში კი იყო როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრები (7 ბენეფიციარის მონაწილეობით).

ჯგუფურ შეხვედრებზე გამოვლინდა ქალები ძალადობის მსხვერპლის ნიშნებით და მათი შვილები. იურისტმა გააცნო მათ კანონი, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ მოქმედებს და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები. ამ შეხვედრების გარდა სატელეფონო კონსულტაცია ჩაუტარდა ჩოხატაურელ ბენეფიციარს. შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს პასუხები თავიანთ კითხვებზე - ეს ხელს უწყობს მათი პრობლემების მოგვარებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩოხატაურის, ტყიბულის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრებით დასრულდა გაზაფხულის ბოლო თვე ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.

ყველა შეხვედრა საინტერესო იყო, მონაწილეები აქტიურად მსჯელობდნენ  კონფლიქტებისა და ძალადობის თემაზე. თუმცა ქობულთში ცოცხლად ჩატარებული ტრენინგი მაინც გამოირჩეოდა კრეატიული აქტივობებით.

როგორც მონაწილეები ამბობენ, ტრენინგები ყველა ასაკის მოზარდისთვის კარგი შესაძლებლობაა, იყოს ინფორმირებული ცხოვრებისეულ საკითხებზე.

როგორც ყოველთვის, მაისშიც 10 მუნიციპალიტეტში შექმნილ ახალგაზრდულ ჯგუფებთან ჩატარდა ტრენინგები. მონაწილეთა საერთო რაოდენობა იყო 207. ყველა მათგანი აქტიურად იყო ჩართული აქტუალური პრობლემების განხილვაში, დებატებში, ჯგუფურ მუშაობასა თუ როლურ თამაშებში. მონაწილეთა ნაწილი შემდეგ თავად ატარებს საინტერესო ე.წ. ინიცირებულ ღონისძიებებს. სწორედ ეს არის ახალგაზრდებთან მუშაობის სერიოზული შედეგი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ რუბრიკას „გენდერი და საზოგადოება“.

ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარია სოფო ნატრიაშვილი - ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს მდივანი.

ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ჩაატარა წალენჯიხის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 24-მა ბენეფიციარმა. გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ორი მსხვერპლი, რომლებთანაც გრძელდება ფსიქოთერაპიული სესიები.

ასევე ტარდება ინდივიდუალური ონლაინ ფსიქოთერაპიული სესიები რეგიონებში მცხოვრებ 12 ადამიანთან. ქუთაისში მცხოვრებ ბენეფიციარებს კი აქვთ შესაძლებლობა, ფონდი „სოხუმის“ ოფისში მიიღონ კონსულტაციები - ამ შესაძლებლობით ისარგებლა 21-მა ბენეფიციარმა (მათგან 3 ახალია) და ორმა ოჯახურმა წყვილმა.    

ერთ-ერთმა 43 წლის ბენეფიციარმა აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება უფრო აეწყო: „მადლობელი ვარ თქვენი, უკეთესი განწყობა მაქვს და სულიერი წონასწორობა. თქვენთან ურთიერთობისას იყო პოზიტიური და ნდობით სავსე ატმოსფერო. ძალების მოზღვავებას ვგრძნობ და სურვილს, ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო“. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დავითი პირველი უკრაინელია, რომელიც ქუთაისში დაიბადა. ბიჭუნას დედაა მარია ფესინა-რუხაძე. 9 თვის ორსული ქალი ძლივს გამოვიდა დონეცკიდან, ჯერ ლვოვში ჩავიდნენ,  მერე - პოლონეთში და საზღვარზე 9-საათიანი ლოდინის შემდეგ ჩამოფრინდა თბილისში, იქიდან კი - ქუთაისში.

მის ჩამოსვლამდე ქალთა ფონდ „სოხუმს“ თერჯოლიდან დაუკავშირდა ელისო რუხაძე. გვთხოვდა, დავხმარებოდით უკრაინის მოქალაქეს, რომელიც უკვე გზაში იყო -  მოგვეძებნა მისთვის ექიმი. მას ბევრი გაეგონა ჩვენს ორგანიზაციაზე და იცოდა, რომ დახმარებას ვუწევდით უკრაინელ ლტოლვილებს.

სანამ მარიამ ქუთაისამდე ჩამოაღწია, ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა ოპერატიულად შეაგროვა  ინფორმაცია, სად შეიძლებოდათ მიეღოთ ორსული. გვერდში დაგვიდგა კლინიკა „ბომონდის“ დირექტორი მამუკა მიქაძე - კლინიკამ ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა - დავითი 5 მაისს დაიბადა (ექიმი - ნინო რამიშვილი).

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრებს ახალი ფორმატი შევძინეთ...
შეხვედრების პირველ ნაწილში მონაწილეებმა თბილისის წარმომადგენლობის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები მოისმინეს, რომელიც ქალთა გაძლიერებას ეხებოდა ( კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ http://fsokhumi.ge/.../inf.../item/11591-2021-09-27-05-57-02). გაეცნენ ასევე ძალადობის მსხვეპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის ვებ-გვერდის მუშაობასაც (https://sosfsokhumi.ge/).
მეორე ნაწილში კი საინიციატივო ჯგუფის წევრები ხვდებოდენენ წარმატებულ ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ ისტორიას, გამოცდილებასა თუ ცოდნას უზიარებდნენ მონაწილეებს.
მაია ქარდავა, ლამზირა მალიჩავა, მაცაცო ხახუბია, მაკა ჭელიძე, ნათია ჯიმშელეიშვილი, შორენა შონია, სოფიო კუხალაშვილი - ეს არის იმ ქალბატონებიოს ჩამონათვალი, რომლებმაც წარმატებისკენ გრძელი და რთული გზა გაიარეს და დღეს სურთ სხვასაც დაეხმარონ.
ეკონომიკაში, ბიზნესში, საზოგადებრივ საქმიანობაში აქტიური ქალების პორტრეტის გაცნობამ დადებითი ემოციები გაუღვიძა მონაწილეებს და პოზიტიურად განაწყო, რაც მათი მოტივაციის გაზრდის საფუძველს ქმნის.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მცირე გრანტების ყველაზე საინტერესო ეტაპიც დაიწყო...
საპროექტო კომისიის წევრებმა გააჟღერეს თავიანთი გადაწყვეტილებები და ჯგუფების წევრებმაც დაიწყეს სამუშაო პროცესი.
ახალგაზრდებმა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩაატარეს შეხვედრები, შეადგინეს პროექტის სამუშაო გეგმა, განსაზღვრეს განსახორციელებელი აქტივობები და შემსრულებელი პირები.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფორუმ-თეატრმა მაისი აქტიური მუშაობით დაასრულა. 4 სცენა წარმოადგინა  ქუთაისის ბოტანიკური ბაღში, სადაც მონაწილეობა მიიღო გენდერული კლუბის ჩატარებულ ღონისძიებაზე. შემდეგ კი წარმოდგენები გამართა „SOS - ბავშვთა სოფელში“.

მაყურებლებისთვის საინტერესო იყო ყველა სცენა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადრება მაინც მიგრაციამ  და შვილებისა და მშობლების  ურთიერთობამ მიიპყრო. ამ აქტუალურმა თემებმა სადისკუსიოდ განაწყო შეკრებილები. მაყურებელი წარმოდგენებშიც აქტიურად ჩაერთო.

ფორუმ-თეატრის განახლებული გუნდი ონლაინ მუშაობის შემდეგ სიამოვნებით ურთიერთობს მაყურებელთან, მსჯელობს პრობლემებზე და ეძებს იდეებს ახალი წარმოდგენებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები