მრგვალი მაგიდების სერია N2

გრძელდება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული  მრგვალი მაგიდის შეხვედრები. ამჯერად შეხვედრა გურია-აჭარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგა, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილე - ელისო შონია წარმოადგენდა.

ღონისძიებაზე მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერულად ორიენტირებული პოლიტიკის  დანერგვის საქმეში - ექსპერტმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის მიმართულებით - ემა კამკიამ გაუზიარა. მან ყურადღება ძირითად მიღწევებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების შესაძლო გზებზე გაამახვილა.

ფონდი "სოხუმის" ახალი მონიტორინგის ანგარიშში - "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ ასახული მიგნებები და რეკომენდაციები მკვლევარმა - ნინო კორინთელმა წარმოადგინა.

მრგვალი მაგიდების სერია

16 აქტიური დღის ფარგლებში ქალთა ფონდი "სოხუმი", თბილისის წარმომადგენლობასთან ერთად, მრგვალი მაგიდების სერიას მართავს იმერეთის, გურია-აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნულ და ადგილობრივ დონეებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის გაძლიერების ხელშესაწყობად.

მიმდინარე შეხვედრა გაიმართა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც იმერეთის მუნიციპალიტეტების გენდერზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი - მაკა ფერაძე ესწრებოდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმი“ უერთდება საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“ და ჩვენი მოწოდებაა „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება ასამდე ღონისძიება საზოგადოების ყურადღების მოსაპყრობად: საინფორმაციო შეხვედრები, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალები და მობილობა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებითა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ონლაინ კონფერენცია გაიმართა თემაზე „ქალები და მობილობა - ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „მობილობა ქალაქებისთვის“ პროგრამის დირექტორი მარტინა კოლბი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი.

დისკუსიის ნაწილშიაქტიურად ჩაერთო ნინო კორინთელი, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის მკვლევარი. ის ონლაინ შეხვედრაზე დამოუკიდებელ კონსულტანტად მონაწილეობდა წარმოდგენილ კვლევაში და მისი თანაავტორია. მან პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას(განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის) და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი “სოხუმის” მიერ განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში „ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ ფოკუსირდება ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარების ბარიერებზე, ამ ორ კვლევას აერთიანებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობ (განათლება, პროფესიული ზრდა და დასაქმება) და ხელის შემშლელ (მაგ: გადაადგილების შეზღუდვა ფონდი სოხუმის კვლევაში განხილულია, როგორც განათლების მიღების ბარიერი)  ფაქტორებზე აქცენტირება.

ონლაინ ფორმატში კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა ჩატარდა - ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ესწრებოდნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის, ბაგა-ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით და განიხილეს შემუშავებული რეკომენდაციები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში შემაკავებელი ორდერების სტატისტიკაზე, ძალადობის იდენტიფიკაციაზე და მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებულ სერვისებზე.

ონლაინ ფორმატში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის, ბაგა-ბაღების, სკოლების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი. გაიმართა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემაკავებელი ორდერების სტატისტიკა, პრობლემებზე იდენტიფიკაცია, მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებული სიტუაცია...

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით სენაკში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ  ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის წარმომადგენლები. გაიმართა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია.

შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ სიტუაციაზე, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე. აქცენტი გაკეთდა  ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე.

ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს ორგანიზებით და ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობით სახელისუფლებო სტრუქტურებისა და სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა, სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება“. განხილულ იქნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ქეისები. ფონდი „სოხუმის“ მიერ მოწვეულმა სტუმრებმა - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ქობულეთელ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ.

შეხვედრის მონაწილეებმა ძალადობის კუთხით არსებული სიტუაცია გააანალიზეს და სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივები განსაზღვრეს.

ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით ფონდმა „სოხუმმა“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა ჩაატარა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე,  ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციასა და სოციალურ თანამშრომლობაზე.  აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება, გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი.

ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. გამოიკვეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის  საჭიროება და მუნიციპალური გენდერული საბჭოს გააქტიურება ამ მხრივ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები