ვანში მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორის კომისიის წევრებისთვის გაიმართა ვორკშოპი.

მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული ქეისების  მართვაში. იმსჯელეს ვალდებულებებზე, რაც თითოულმა წევრმა უნდა აიღოს თავის თავზე კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის.

ვორკშოპზე დაფიქსირდა, რომ კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ძალადობის  პრევენციას და დაზარალებულების დროულ დახმარებას. მეტი შედეგისთვის გადასახედია შემადგენლობა და დასამატებელია წევრები, რათა კომისიამ უფრო  აქტიურად იმუშაოს.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

4-6 ნოემბერს, ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადგილობრივი პოლიტიკური დოკუმენტების გენდერული ზემოქმედების შეფასების (GIA) და გენდერული ბიუჯეტის მნიშვნელობა ინკლუზიური, თანასწორი და სამართლიანი ადგილობრივი მმართველობისთვის.“ ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტიდან: სენაკი, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა,  ქობულეთი, ჩოხატაური, ხობი. ასევე - იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის (GIA) შესახებ. გაეცნენ მასალებს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საერთაშორისო პრაქტიკაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. განისაზღვრა, როგორ ხდება გენდერული ანალიზი, სექტორული განაწილება ბიუჯეტირების პროცესში, ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტების გენდერული ზემოქმედების შეფასება.

ორგანიზაცია Equality Now-ს ორგანიზებით 2-3 ნოემბერს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს გაუპატიურების და სხვა სახის სექსუალური ძალადობის საკითხებზე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების მიღწევისათვის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში. სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყო ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე.

ჩატარდა ვორკშოპი სენაკის მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის წევრებისთვის.

შეხვედრაზე გაიმართა დიალოგი კომისიის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებზე, განხილულ იქნა რამდენიმე მწვავე ქეისი და დაისახა შემთხვევების მართვის სტრატეგია.

მონაწილეთა შეფასებით, კომისიას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რათა მოხდეს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენცია, დაზარალებულებმა მიიღონ დროული და ადეკვატური დახმარება. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ამ მექანიზმს წარმოადგენენ ინტერსექტორული ჯგუფები; ხდება რესურსების გამთლიანება და  შეუფერხებელი კოორდინაცია.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ჩვენს პროექტში ერთ-ერთ დახმარებად სმარტფონის გადაცემა ითვლება, რადგან მისი  არქონა ხშირად ბევრ პრობლემას ქმნის.

სმარტფონის გადაცემით ხდება ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა (ტელეფონის საშუალებით მათ შეუძლიათ გაიგონ ვაკანსიების თუ დღიური სამუშაოების შესახებ), ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება SOS ღილაკით, კომუნიკაცია სხვადასხვა  საჭიროების მიხედვით.

მოკლედ, სმარტფონის აუცილებლობაზე დღეს არავინ დაობს. ამიტომაც გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ჩვენი ორგანიზაცია გასცემს სმარტფონებს. ბოლო სამ თვეში 6 ქალს გადაეცა ტელეფონი: წყალტუბოში, ჩოხატაურში, ქობულეთში, სამტრედიასა და თერჯოლაში (აქ ორმა ქალმა მიიღო).

ამას გარდა, ამ ექვსი ადამიანიდან სამი ქალი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში და გაიარა კომპლექსური მხარდაჭერის კურსი.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

ოქტომბერი განსაკუთრებით დატვირთული იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტული ქეისები გაარჩიეს და ძალადობის კომბინირებულ მიზეზებზე ისაუბრეს. თითქმის ყველა ჯგუფში გამოკვეთეს ნაადრევი ქორწინების ნეგატიური შედეგები, რომელიც საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამოძახილია. მონაწილეებმა ხაზგასმით ისაუბრეს განათლების, ინფორმირების აუცილებლბაზე.

„გასაძლიერებელია ინფორმირება, სტერეოტიპებზე მეტია სამუშაო“,- თვლიან მონაწილეები და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაზე საუბრობენ.

ოქტომბერში მობილიზატორების მუშაობის შედეგად ხუთი ახალი ქეისი გამოვლინდა. ბენეფიციარებთან ფონდი „სოხუმის“ ყველა სერვისი იქნება გამოყენებული.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თბილისიდან 80-მდე ყუთი ჩამოვიდა - ტანსაცმელი, სათამაშოები, ფეხსაცმელი, სასკოლო ნივთები.

რამდენიმე დღე ალაგებდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები საჩუქრებს - მოხდა მათი გადარჩევა ასაკის თუ სეზონის მიხედვით. ეს საჩუქარი მივიღეთ ორგანიზაციისგან „ქალები სამართლიანობისათვის“ (დონორი - Orphan Grain Foundation).

ჩვენი ორგანიზაცია ქველმოქმედებას საკუთარი ძალებით უმკლავდებოდა. ახლა კი მიიღო საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა და სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტივისტებს და ურთიერთდახმარების ჯგუფების წევრებს ტანსაცმელი საჩუქრად გადაეცემა.

სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა მადლიერება გამოხატეს:

„საჩუქარი ყოველთვის სასურველია და დროული. თან ასე ხარისხიანი და პრაქტიკული. მეც გამომადგება და ჩემს ბიჭებსაც.“

„მე და ჩემს შვილებს ხშირად გვაქვს ტანსაცმლის პრობლემა. კიდევ კარგი, კეთილი ადამიანები გვეხმარებიან და ასე ვართ. გაგვახარა ამ საჩუქარმა ძალიან“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის შეხვედრების მთავარი ფოკუსი

  • ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2023
  • 179 ჯერ

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის შეხვედრები გაიმართა ვანის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ზუგდიდის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრები, ძირითადად, იყო ჯგუფური ფორმატი - ერთი იყო ინლაინ ჩართვა, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები ბავშვების საჭიროებების საფუძველზე.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო ,,როგორი მახასიათებლებით გამოირჩევიან მოძალადეები“. აღინიშნა, რომ,  შესაძლოა, მათ უმრავლესობას ბავშვობაში აკლდა მხარდაჭერა და აღზრდა, ჰქონდა დაბალი თვითშეფასება, იმყოფებოდა  სოციალურ იზოლაციაში. როცა მათი თვითდაკმაყოფილება დაბალია, მათ ძალიან სჭირდებათ სხვების ემოციური მხარდაჭერა.

ფსიქოლოგის შეხვედრების მთავარი ფოკუსი იყო ოჯახური ურთიერთობები, ცოლ-ქმრული დამოკიდებულებები... ამ თემებზე საუბარი შეხვედრების მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ინიციატივიანი, აქტიური ურთიერთდახმარების ჯგუფები ჩამოყალიბდა 10 მუნიციპალიტეტში.

წყალტუბოს, ჩოხატაურის, ზუგდიდის (ხურჩა) და ვანის მუნიციპალიტეტებში პროექტის ასისტენტი ადგილებზე შეხვდა ჯგუფების წევრებს, ბაღდათის ჯგუფთან კი შეხვედრა ონლაინ გამართა.

წყალტუბოში ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული ქეისი განიხილეს, ჩოხატაურში სოფელში მცხოვრებ ქალთა პრობლემებზე ილაპარაკეს. ბაღდათის ჯგუფში ძალადობის მსხვერპლთა ქმედით დახმარებას დაუთმეს დრო, ხურჩაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის მეტ ჩართულობაზე გაკეთდა აქცენტი. ვანის ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ფსიქოლოგი ჩაერთო.

დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში - სენაკი, წალენჯიხა, სამტრედია, თერჯოლა და ქობულეთი - ჯგუფების ლიდერებმა ჩაატარეს შეხვედრები. ყველგან გამოიკვეთა პრობლემები (ალიმენტის გადახდის, ბინის თუ ქონებრივი დავის) და მიმდინარეობს ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. ჯგუფის წევრებს უნდათ, რომ მათი მუშაობა და მიღწეული შედეგები მაგალითი იყოს სხვა ქალებისთვის.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები