განსაკუთრებული დღეები ბავშვებისთვის

-  ეს 10 დღე  ნაყოფიერად დატვირთული იყო. ბავშვებს მოეწონათ თამაშები:  სახალისო მათემატიკა, შინაური ცხოველები, ინგლისური და ქართული ანბანი, რუბიკის კუბიკების აწყობა... ჩვენ ერთად ვხატავდით, ვძერწავდით, ვკითხულობდით ზღაპრებს, ვუყურებდით ანიმაციურ ფილმებს, ვცეკავავდით, ვთამაშობდით, ვისწავლეთ ფერადი ფურცლებისგან ვარდების გაკეთება. თან ბევრს ვლაპარაკობდით. მისვამდნენ შეკითხვებს და მეც ვპასუხობდი მათთვის გასაგებ ენაზე, - ამბობს ანა ლომიძე,  სარეაბილიტაციო ცენტრის არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტი.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრი წელს გაიხსნა ქუთაისის ერთ-ერთ ლამაზ უბანში. აქ 10-15 დღე შეუძლია იცხოვროს ქალმა ბავშვებთან ერთად. მასთან მუშაობენ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი.

ბავშვები რომ უყურადღებოდ არ დარჩნენ და თავისუფალი დრო საინტერესოდ გაატარონ, ცენტრში არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტმა დაიწყო მუშაობა. ანას ჯერ მხოლოდ ერთ ჯგუფთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ უკვე აქვს სათქმელიც და წარმატების პატარა ისტორიაც.  

პირველ შეხვედრაზე თავიდან დრო გაცნობას დაუთმეს. ყველამ თქვა თავისი სახელი, რომელ კლასში სწავლობდა და ა.შ. ლამაზმა, ოქროსფერთმიანმა ბიჭუნამ არაფერი უპასუხა. და-ძმამ უთხრა, ხმას არ იღებს და სკოლაშიც გაკვეთილებს დედასთან ერთად ესწრებაო. მაგრამ ბავშვი ალაპარაკდა - დაელაპარაკა მასწავლებელს, რომელმაც უთხრა, რომ მასთან მეგობრობა უნდოდა... ამ ბიჭუნასთან განსაკუთრებულად მუშაობდა და დღითიდღე ურთიერთობა უკეთესი გახდა. 

მაისში სარეაბილიტაციო ცენტრში დედებთან ერთად 6 ბავშვი იყო, 7-დან 12 წლამდე. ბავშვები ადრე დგებოდნენ და ელოდებოდნენ ანა მასწავლებელს - ყოველ დილით ხვდებოდნენ სიუპრიზებით, ნახატებით, აპლიკაციებით.

- სასწაული ბავშვები არიან, - ამბობს ანა. -  ბევრი საინტერესო ისტორია გადაგვხვდა ამ 10 დღის განმავლობაში. დასამახსოვრებელი როგორც მათთვის, ასევე ჩემთვის.

პატარებმა ეს დღეები სხვა ცხოვრებით იცხოვრეს. ისინი ხედავდნენ დედების მშვიდ, ბედნიერ სახეებს. გრძნობდნენ ზრუნვას, სითბოს, ყურადღებას. და პოზიტიური განწყობით დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქებში - უფრო ძლიერ და თავდაჯერებულ დედიკოებთან ერთად.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში კი მალე ახალი დედები მოვლენ თავიანთ შვილებთან ერთად. ანა ლომიძე უკვე ემზადება მათთან შესახვედრად...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები