შეხვედრები (650)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ხონში, კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები მიეძღვნა თემას - გენდერული ძალადობის მიზეზები და დაცვითი მექანიზმები.
ხონში, როგორც ყოველთვის, ბიჭები უფრო აქტიურობდნენ. მათი აზრით, თემის განხილვაში გოგონებიც უნდა ჩაერთონ, რომ ყველაფერში უკეთ იყვნენ გარკვეულნი.
კოკელი ახალგაზრდების თქმით, ამ თემაზე ლაპარაკი პირველად „სოხუმში“ დაიწყეს და ახლა თავისუფლად მსჯელობენ და დასკვნებსაც აკეთებენ.
ქუთაისში სტუდენტებთან გამართული შეხვედრა დაიწყო მოკლე ინფორმაციით ფონდი „სოხუმის“ შესახებ. ინტერაქტივიმა აჩვენა, რომ მათთვის ეს თემა საინტერესო და აქტუალურია.

18 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა პროექტის „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“ შედეგების პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დევნილმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ვორკშოპების შედეგად დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში გამოვლენილი პრობლემების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ჩაატარონ მონიტორინგი, შეისწავლონ პრობლემები და გამონახონ მათი მოგვარების გზები.

ხონის გამგეობაში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში დაფუძნებული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭომ მოქმედი წევრები და საბჭოს დებულება დაამტკიცა. მის შემადგენლობაში კი თვითმმართველობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები შედიან. იმავე დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „PIN - საქართველოსა“ და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. პრეზენტაციას ადგილობრივი საჯარო მოხელეების გარდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები ეწრებოდნენ.
მონაწილეების აზრით, ერთობლივი აქტივობები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობას და გაზრდის სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN). ხონში პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმი“.

თეკლათის საბავშვო ბაღში საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ თემის რწმუნებული ია აბულაძე და ა(ა)იპ-ი ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები.
აღმზრდელებმა ისაუბრეს „სოფლის პროექტის“ ფარგლებში ბაღისთვის გაწეულ სამუშაოებზე - სველი წერტილების მოწესრიგება, გადახურვა, ფანჯრების გამოცვლა. აღინიშნა, რომ ივნისს-ივლისში იგეგმება დამხმარე ოთახის გაფართოება და დერეფნის რეაბილიტაცია.
აღმზრდელებმა ისაუბრეს ჯერაც მოუგვარებელ პრობლემებზეც. ბავშვებს არა აქვთ კეთილმოწყობილი ეზო, საქანელები და ატრაქციონები. ბაღში არის სათამაშოების, თვალსაჩინო მასალების, ინვენტარის ნაკლებობა.
ა(ა)იპი-ს წარმომადგენლების განმარტებით, მათ საკმარისი თანხები არ გააჩნიათ ყველა პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა თანდათანობით ყველაფერს გაითვალისწინებენ და მოაგვარებენ.

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 26-ე სხდომაზე განხილულ იქნა საბჭოს წევრების მიერ ჩატარებული ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგები. მათ წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები და აღნიშნეს სამიზნე ჯგუფების ძირითადი საჭიროებები.
საუბარი იყო საბჭოს მიმდინარე პროექტზეც, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ერთეულში ხორციელდება - უკვე გაიმართა 10 ვორკშოპი სოფლებში შექმნილ გენდერულ საინიციატივო ჯგუფებთან. პროექტი გრძელდება და მისი შემდგომი ეტაპი მიმართულია სოფლის ახალგაზრდობის ჩართვისკენ ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.
იმისათვის, რომ პირველწყაროდან გაეგოთ ჩატარებული კვლევის შედეგების და ახალი პროექტის მიმდინარეობის შესახებ, სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ჩვენი პარტნიორი მედიასაშუალებების - გაზეთ „კოლხეთის“, ტელეკომპანია „ეგრისის“ და რადიო „ძველი ქალაქის“ (ქუთაისი) ჟურნალისტები. ისინი გაესაუბრნენ საბჭოს წევრებს და უახლოეს ხანებში ეს აქტივობები მედიაში გაშუქდება.

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა. კვლევის ფარგლებში გაიმართა 4 ფოკუს-ჯგუფი სკოლის და საბავშვო ბაღების პედაგოგებთან, ექიმებთან, ლიდერ ქალებთან, ახალგაზრდა მშობლებთან, შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე ადამიანებთან; 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ ექსპერტებთან ეკონომიკის, განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და ჯანდაცვის საკითხებზე. ანკეტური მეთოდით გამოკითხულ იქნა 200 ადამიანი - სოციალურად დაუცველი ქალები, დევნილები, მცირე მეწარმე ქალები და ახალგაზრდები.
კვლევის შედეგად დაფიქსირდა სამიზნე ჯგუფების ძირითადი საჭიროებები – სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ხელფასის მომატება,ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივ ბიუჯეტსა და პროგრამებზე, ბიზნეს ტრენინგები და კონსულტაციები მცირე ბიზნესის გაფართოებისთვის, გრძელვადიანი საბანკო დაბალპროცენტიანი კრედიტები, შინმოვლის პროგრამები და მრავალი სხვა.
ეს არის მესამე კვლევა, რომელიც არსებობის სამი წლის მანძილზე ჩაატარა საბჭომ. შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას 2017 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.

ფონდ „სოხუმსა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი განსაზღვრავს ჩარჩო-პირობებს, რომლის მიხედვითაც მხარეები იხელმძღვანელებენ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისას, იგპ-თა სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ადგილობრივ საზოგადოებაში, დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.
მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და თავიანთ პასუხისმგებლობებს.

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის ინიცირებით სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა თემაზე: დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ადგილობრივი თვითმართველობის, სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლები, ჟურნალისტები.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ასპექტზე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიკაციაზე. შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისაკენ.
შეხვედრაზე არაერთი საჭირბოროტო საკითხი დაისვა და გადაჭრის გზებიც დაისახა. ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობით და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიცირებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა ბავშვის მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. საბჭოში ის ადამიანები არიან გაერთიანებულნი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ფონდ „სოხუმთან“, მონაწილეობენ ტრენინგებსა თუ შეხვედრებში.
საკრებულოში საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი დოლიძემ ქალთა მიმართ ძალადობის დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2018 წწ. სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ახალაძემ ყურადღება ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებულ პრობლემებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ ღონისძიებათა დაგეგმვა ამ მიმართულებით აუცილებელია.

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის ჩატარების შესახებ. განისაზღვრა კვლევის სამიზნე ჯგუფები, განაწილდა ფუნქცია-მოვალეობები. ფოკუს-ჯგუფებით, ჩაღრმავებული ინტერვიუებით და გამოკითხვით მიღებული შედეგების გაანალიზების მიხედვით საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგენს მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
სხდომის მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა შეაფასეს გენდერული საბჭოს პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია და ისაუბრეს იმ აქტივობებზე, რომლებიც პროექტის მეორე ეტაპზე უნდა ჩატარდეს.
შეხვედრის ბოლოს მერიის წარმომადგენელმა პაატა კლდიაშვილმა სხდომის მონაწილეებს წარუდგინა „ქუთაისის განვითარების სტრატეგია“. საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ დოკუმენტის განხილვაში და გენდერული კომპონენტები შეიტანონ ცალკეულ აქტივობებში.
