სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა: „ორმხრივი გამოტოვების ადგილები - უფლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში“ და „გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები“. ღონისძიებას საერთაშორისო, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. ეკატერინე გამახარიამ თავის გამოსვლაში ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებთ კომფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალებს, მათ შორის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა და ეკონომიკურ საქმიანობაზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ბარიერები, გამყოფი ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების პრობლემები, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხები  და ა.შ.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქუთაისში დაესწრო ქალთა ფონდი „სოხუმის“ პროექტის პრეზენტაციას. შეხვედრა გაიმართა პროექტის პარტნიორის - ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ოფისში USAID-ისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ და „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ“ წარმოადგინეს USAID-ის პროექტის ფარგლებში ორი წლის მანძილზე მიღწეული შედეგები.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა პროექტის წარმომადგენლებს კარგი და მნიშვნელოვანი მუშაობისთვის სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერების, ეკონომიკური და სამედიცინო მიმართულებების განვითარების, ნდობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისთვის.

შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს აშშ-ის საელჩოს ორგანიზაციის პრაქტიკულად პირველი სერიოზული მხარდაჭერის გამო, რამაც გააძლიერა ორგანიზაცია და შექმნა კარგი ბექგრაუნდი. შემდგომში საელჩომ არაერთხელ დააფინანსა ფონდი „სოხუმის“ მნიშვნელოვანი საპროექტო წინადადებები ქალთა მხარდაჭერის და დაცვის კუთხით.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სტრატეგიის ამოცანებზე მუშაობა

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეები სტრატეგიიდან გაეცნენ იმ ამოცანებს, რომლებიც  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შემუშავდა ქუთაისში ჩატარებულ ვორკშოპზე.

შეხვედრაზე ასევე შეფასდა ადვოკატირების პროცესის დინამიკა. პრობლემების მოგვარება, რასაც ცდილობს ჯგუფი, სიკეთის მომტანი იქნება თემისთვის. არა მარტო  დევნილი ქალებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები  თითოეული მოქალაქისთვის.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

და-ძმა, ექიმები უკრაინიდან. სასწაულებრივად გადაურჩნენ ომის საშინელებებს.  ხარკოვიდან ქუთაისში სექტემბერში ჩამოვიდნენ. მათი მშობლები აქ მუშაობდნენ სამხედრო ექიმებად, სკოლა ქუთაისში დაამთავრეს, აქ ჰყავთ მეგობრები და ნაცნობები.

როგორც ფსიქოლოგ მანანა გოცირიძეს უთხრეს, ჯერ კიდევ სიკვდილის მომასწავებელი სირენის ხმებისგან იღვიძებენ.

„ძნელი წარმოსადგენია, დაიბრუნებს თუ არა ჩვენი ქალაქი თავის სილამაზეს. ხარკოვში თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ყველგან ქვების გროვაა, მინა, რკინა... მოსახლეობაში ფსიქოზის მეორე ტალღა მაშინ დაიწყო, როცა მიხვდნენ, რომ ომი მალე არ დასრულდებოდა. ომი ჩვენთვის არის შიში, რომ შეიძლება გაგაუპატიურონ, მოგკლან. ეს არის უიმედობის და სასოწარკვეთის მდგომარეობა. რომ დამთავრდება, მერეც დიდხანს იმოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე“.

ეს ჩვენი ბენეფიციარების სიტყვებია.

პრობლემები ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების და უსაფრთხოების კუთხით, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის ხელმიუწვდომობლობა - ეს ის საკითხებია, რომლებიც დევნილებს აწუხებთ და რომელთა მოგვარება სამთავრობო სტრუქტურებს ხელეწიფება.

აფხაზეთიდან დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი მაკო ავალიანი შეხვდნენ.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ზუგდიდის და სენაკის საინიციატივო ჯგუფების ხუთი წარმომადგენელი. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი კოალიციურ  პროექტში „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“.

შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ და ასოციაცია „თანხმობამ“.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობა, სამშვიდობო აქტივობების მნიშვნელობა და შედეგები-ამ თემებზე იმსჯელეს სენაკსა და წყალტუბოში, ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან გამართულ შეხვედრაზე. მონაწილეთა აზრით, წარმატებული ქალების მოსმენა, სამშვიდობო ინიციატივები ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას და სამშვიდობო საკითხების პოპულარიზებას.

 რისი გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტებში მშვიდობის კულტურის დამკვიდრებისთვის- ამ საკითხზე კი წყალტუბოსა და სენაკის ახალგაზრდული ჯგუფების წევრებმა ისაუბრეს. შეხვედრამ ორივე ქალაქში  დისკუსიის ფონზე , საინტერესო იდეების ერთმანეთში გაცვლით და სამომალო გეგმებზე მსჯელობით ჩაიარა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი ჯგუფი, წინა თვეების მსგავსად, ნოემბერშიც აქტიურად მუშაობდა. ამ დროისთვის ჩვენს მონაცემთა ბაზაში გვყავს 383 ადამიანი, ნოემბერში დავამატეთ 53 ახალი ადამიანი. ამ თვეში 42 ოჯახს (95 ადამიანი) დავეხმარეთ, 3 ოჯახს ვუყიდეთ თბილი პლედი, 4 ოჯახს - გამათბობელი. ერთ მამაკაცს სამედიცინო პროცედურების (ონკოლოგიური) საფასურის გადახდაში გავუწიეთ დახმარება და სპეციალური საკვებიც შევიძინეთ მისთვის. ასევე დარიგდა ჩუსტები და თეთრეული.

- გრძელდება დახმარება ბინის ქირის გადახდაში, ამ თვეში კიდევ 4 ოჯახი დაემატა,  ერთი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, რადგან ასაკოვანი წყვილია, გამონაკლისის სახით, ფონდმა თავის თავზე აიღო მათი ქირის გადახდა.

უკრაინელი ლტოლვილებისთვის გრძელდება უფასო ფსიქოლოგიური დახმარება და მხარდაჭერა.

ხონის მუნიციპალიტეტისა და ქუთაისის  ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრებმა  ,,რეზოლუცია 1325 - ის ,, სტრატეგიით შემუშავებულ აქტივობებზე იმსჯელეს და ქალთა ჩართულობის  აუცილებლობა და მნიშვნელობა აღნიშნეს. შემდეგ კი  16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის  ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს. რაც შეეხება ხონის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს, ისინი სამოქალაქო ფორუმზე შემუშავებული აქტივობების განსახორციელებლად აქტიურად მუშაობენ და  მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის კულტურის დანერგვასა და ნდობის აღდგენის საკითხებში  ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა   ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლების მიერ ჩატარებული   ტრენინგი თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.“

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - თეა ახვლედიანმა, უწყებასთან არსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ (რომლის წევრიცაა ქალთა ფონდი „სოხუმი“) წევრებთან შეხვედრა გამართა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს გამყოფი ზოლის მიმდებარედ მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ხაზი გაუსვეს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით მეტი ძალისხმევის გაწევის, კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და შერიგების არსებული პროგრამების გაძლიერების და განვითარების აუცილებლობაზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული პლატფორმების წევრებმა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები