გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრა გახსნეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ.
შეხვედრა გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის მხარდაჭერას და ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას მოიცავდა, სადაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მობილიზებული სამი სათემო ლიდერიც მონაწილეობდა.
როგორი იყო ოქტომბერი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობენ?
ვთხოვეთ მათ, მოკლედ ესაუბრათ თავიანთ მუშაობაზე.
მარინა სტეპანენკო: „ოქტომბერში გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფსიქოლოგიურ დახმარებას მიმართა. ძირითადად, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ოჯახიდან განშორების სტრესი, მარტოობა, დაბნეულობა, დაუცველობის განცდა. ასეთ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია მხარდაჭერის პოვნა და მიღება. ასევე, გაუგო საკუთარ თავს და დაეხმარო“.
მანანა გოცირიძე: „ოქტომბერში შედგა პირველადი შეხვედრები ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებთან. ყველამ აღნიშნა, რომ ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მათი ტკივილი და ტრაგედია, იცის თანაგრძნობა და მადლიერები არიან უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარებისთვის“.
ანა შალიმოვა: „ყოველთვიურად ვეცნობი უკრაინიდან ჩამოსულ ახალ ოჯახებს. ბევრი ჩამოდის ჩემი მშობლიური ხერსონიდან. ხშირად, სამსახურისკენ რომ მივდივარ, ვხვდები უკრაინულ ოჯახებს, რომელთ შვილები სკოლაში მიჰყავთ. ვესალმებით და ვუღიმით ერთმანეთს. უკვე 30-ზე მეტი უკრაინულ ოჯახს ვიცნობ ჩვენი ულამაზესი უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან. ასევე ვაგრძელებ საკონსულტაციო მუშაობას და ჩემს მომსახურებას ვთავაზობ ბავშვებს და მოზარდებს. მე ვეხმარები შფოთვის შემცირების კუთხით, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, ფობიებისა და პანიკისგან თავის დაღწევში. ჩემი მუშაობა გულისხმობს ჩემი ცოდნისა და უნარების მუდმივ გაუმჯობესებას და ამიტომ ვცდილობ, ყურადღება მივაქციო ჩემს განათლებას და სწავლებას“.
Zoom პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა თემაზე „ადგილობრივ დონეზე პრობლემების ადვოკატირების პროცესი და ეტაპები“.
შეხვედრაში ჩაერთნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა ქსელის წევრები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქსელის წევრებმა დეტალურად განიხილეს „ერთი ფანჯრის“ მეთოდით ადვოკატირებისათვის აღებული პრობლემების დინამიკა - რა ეტაპზე არიან და რა შედეგები მიიღეს. ასევე ისაუბრეს კვლევის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან წარადგინეს ბიუჯეტებში გასათვალისწინებლად.
შეხვედრა საუკეთესო პლატფორმა აღმოჩნდა იმისთვის, რომ მონაწილეებს გაეცვალათ ინფორმაცია, საკუთარი გამოცდილება და ესაუბრათ არსებულ გამოწვევებზე.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მას უძღვებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობას ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობაც იღებდა სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა. კომისიის სხდომის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა აღნიშნული სამთავრობო სამოქმედო გეგმების აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.
ქალები უკრაინიდან - მარტიდან ასეთი ახალი ბლოგი გაჩნდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე.
მთავარი გმირები ქალები არიან - ხერსონიდან, ჩუგუევიდან, კიევიდან, ხარკოვიდან, ბერდიანსკიდან, ვინიცადან...
ეს არის სევდიანი და იმედიანი ისტორიები.
რამდენიმე ფრაზა სხვადასხვა ჩანახატიდან:
„ბავშვობაში მახსოვს, ბებიები და ბაბუები სულ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ - ოღონდ მშვიდობა იყოს და სხვა არაფერი გვინდაო. ჩვენ მშვიდობა გვქონდა და გვეცინებოდა მათ ნათქვამზე. მათ ომი ჰქონდათ გამოვლილი და იცოდნენ მშვიდობის ფასი. ახლა განსაკუთრებით კარგად ვხვდები ამ სიტყვების აზრს“, - კატერინა მირნაია.
„დედას ოჯახური მეურნეობა აქვს: ქათმები, კვერცხი, ბოსტნეული. სამ ბოსტანში დაუთესია კარტოფილი... ჩვენ გველოდება და უნდა დაგვახვედროს“, - ალინა დზიუბინსკაია.
„ორი დედა მყავს ხერსონში - ჩემი და ჩემი ქმრის, ყველაფერი იქაა - სახლი, ბინა, მეგობრები, ახლობლები, მენატრება და შიში მაქვს მათი დაკარგვის. სულ იმას ვნატრობ, მალე წავიდე ჩემს ქვეყანაში“, - ტატიანა ხოდაკოვსკაია.
https://blogofwomanfundsukhumi.tilda.ws/
ბლოგში უკვე 15 ქალის ამბავია მოთხრობილი. ამბები, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს და განსხავდება კიდეც...
ისეთი ბლოგია, აუცილებლად რომ უნდა წაიკითხოს ადამიანმა. იმიტომ რომ შეიგრძნოს ომის სისასტიკე და ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისთვის...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ერთ-ერთი უკრაინელი ქალი ონკოლოგიაში მკურნალობას გადის და ჩვენ აქტიურად ვეხმარებით, სამედიცინო პროცედურებს ვუფინანსებთ. ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, ვინც მას გვერდში უდგას ამ რთულ პერიოდში. ანალიზების შემდეგ კარგი ამბები გავიგეთ - მე-4 სტადია არ დადასტურდა და ის განაგრძობს ბრძოლას…
ჩვენს ბაზაში უკრაინიდან 337 ლტოლვილია. ოქტომბერში ბაზაში დავამატეთ 16 ადამიანი. დახმარება გავუწიეთ 31 ოჯახს და 2 ქალს. სამ ოჯახს ვუგრძელებთ საცხოვრებლის თანხის გადახდას, ამ კატეგორიას დაემატა კიდევ 9 ოჯახი.
ვაგრძელებთ სამუშაო ადგილების ძებნასაც. ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი სამკერვალო ფაბრიკაში მოვაწყვეთ. ამ მომენტში არის მცხობელის ვაკანსია მამაკაცისთვის.
ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს ფსიქოლოგის კონსულტაციები. ისინი მონაწილეობენ ქართველი და უკრაინელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულ ფსიქო-სარეაბილატაციო სეანსებში. ასევე ვთავაზობთ იურისტის კონსულტაციებს. ჩვენ მოგვმართა მარტოხელა დედამ, რომელსაც ჩამოსვლისთანავე, ვითომ საცხოვრებლის ყიდვისთვის გამოართვეს 1500 დოლარი და მიიმალნენ - სამწუხაროდ, თაღლითების კვალს ვერ მიაგნეს. მას დღემდე ეხმარება იურისტი, რომელმაც ჩვენთან მოიყვანა. ჩვენგან მიიღო სურსათის პაკეტი და ასევე ვეხმარებით ბინის თანხის გადახდაში.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა კვლევის შედეგები მოისმინეს. კვლევამ დევნილთა დასახლებების სოციალური პროფილი გამოკვეთა და ის აქტუალური საკითხები წარმოაჩინა, რომლებიც მოსახლეობას განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის.
დასახელებული პრობლემებიდან მონაწილეებმა ყველაზე აქტუალური პრობლემა შეარჩიეს, რომლის ადვოკატირებასაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეეცდებიან. უკვე შეირჩა ქალთა ჯგუფი, რომელიც იდენტიფიცირებულ პრობლემას ქალაქის პირველ პირებთან განიხილავს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე ხონის ქალთა ქსელის წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის დოკუმენტი.
განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო იმ მონაცემების განხილვას, რომლებშიც ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლების პრობლემები არის ნაჩვენები.
შეხვედრაზე გამოიკვეთა პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა ადვოკატირებასაც ჯგუფი უკვე ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაიწყებს.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
„ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა. ღონისძიებას 180-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის დასავლეთ საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოების, იურიდიული სამსახურების, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, რესურსცენტრების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა პროექტის ქალთა/ახალგაზრდული ჯგუფები და ჟურნალისტები.
დამოუკიდებელი ექსპერტის, გოგა ხატიაშვილის მოსაზრებით - „გამოსავალი ერთია, მოვუსმინოთ ყველას!“
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია/კონფერენცია კიდევ ერთი მცდელობაა, საერთო პრობლემის მოგვარების გზაზე, ერთ დემოკრატიულ სივრცეში და ერთ ენაზე ილაპარაკოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.