ამ მოწოდებით უერთდება ქალთა ფონდი „სოხუმი“ საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება.

ჩვენი ორგანიზაცია 21 წელია, კამპანიის აქტიური მონაწილეა.

ეს საინფორმაციო ფურცელი კამპანიისთვის მომზადდა და დიდი ტირაჟით დაიბეჭდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ათივე მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო ჯგუფის წევრების პრობლემების ადვოკატირება.

არაერთი პრობლემა აქვთ ქალებს, განსაკუთრებით გამოიკვეთა ძალადობის მსხვერპლთა წინაშე მდგარი გამოწვევები. ჯგუფის წევრები სერიოზულ მხარდაჭერას გრძნობენ სოციალური სააგენტოს, მერიის და საკრებულოს მხრიდან. სწორედ ეს ეხმარებათ პრობლემების ადვოკატირებასა და მოგვარებაში.

ნოემბერში შეხვედრების ნაწილი პროექტის ასისტენტმა ნინო ჭაბუკიანმა ჩაატარა ადგილებზე  თუ დისტანციურად, ნაწილი კი - ჯგუფის ლიდერებმა.

თერჯოლაში, ბაღდათსა და ქობულეთში დასრულდა ციფრული წიგნიერების სამთვიანი კურსები. ჯგუფის წევრებმა ბევრი საჭირო რამ ისწავლეს ტრენერ ქრისტი ქუთათელაძისგან. იმისათვის, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც აქტიურად გამოიყენონ, ამ სამი ჯგუფიდან სმარტფონი გადაეცა ყველას, ვისაც არ ჰქონდა. მათი თქმით, ეს სერიოზული მხარდაჭერაა.  

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სამუშო შეხვედრა კაჭრეთში

20-22 ნოემბერს GIZ-ის გლობალური პროგრამის „განვითარებაზე ორიენტირებული მიგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ქსელის წევრებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“.

შეხვედრაზე ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ჩვენმა წარმომადგენელმა - ლინდა ჩიხლაძემ გაუზიარა მონაწილეებს.

ვანში მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორის კომისიის წევრებისთვის გაიმართა ვორკშოპი.

მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული ქეისების  მართვაში. იმსჯელეს ვალდებულებებზე, რაც თითოულმა წევრმა უნდა აიღოს თავის თავზე კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის.

ვორკშოპზე დაფიქსირდა, რომ კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ძალადობის  პრევენციას და დაზარალებულების დროულ დახმარებას. მეტი შედეგისთვის გადასახედია შემადგენლობა და დასამატებელია წევრები, რათა კომისიამ უფრო  აქტიურად იმუშაოს.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ორგანიზაცია Equality Now-ს ორგანიზებით 2-3 ნოემბერს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს გაუპატიურების და სხვა სახის სექსუალური ძალადობის საკითხებზე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების მიღწევისათვის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში. სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყო ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე.

ჩატარდა ვორკშოპი სენაკის მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის წევრებისთვის.

შეხვედრაზე გაიმართა დიალოგი კომისიის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებზე, განხილულ იქნა რამდენიმე მწვავე ქეისი და დაისახა შემთხვევების მართვის სტრატეგია.

მონაწილეთა შეფასებით, კომისიას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რათა მოხდეს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენცია, დაზარალებულებმა მიიღონ დროული და ადეკვატური დახმარება. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ამ მექანიზმს წარმოადგენენ ინტერსექტორული ჯგუფები; ხდება რესურსების გამთლიანება და  შეუფერხებელი კოორდინაცია.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ჩვენს პროექტში ერთ-ერთ დახმარებად სმარტფონის გადაცემა ითვლება, რადგან მისი  არქონა ხშირად ბევრ პრობლემას ქმნის.

სმარტფონის გადაცემით ხდება ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა (ტელეფონის საშუალებით მათ შეუძლიათ გაიგონ ვაკანსიების თუ დღიური სამუშაოების შესახებ), ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება SOS ღილაკით, კომუნიკაცია სხვადასხვა  საჭიროების მიხედვით.

მოკლედ, სმარტფონის აუცილებლობაზე დღეს არავინ დაობს. ამიტომაც გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ჩვენი ორგანიზაცია გასცემს სმარტფონებს. ბოლო სამ თვეში 6 ქალს გადაეცა ტელეფონი: წყალტუბოში, ჩოხატაურში, ქობულეთში, სამტრედიასა და თერჯოლაში (აქ ორმა ქალმა მიიღო).

ამას გარდა, ამ ექვსი ადამიანიდან სამი ქალი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში და გაიარა კომპლექსური მხარდაჭერის კურსი.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

ინიციატივიანი, აქტიური ურთიერთდახმარების ჯგუფები ჩამოყალიბდა 10 მუნიციპალიტეტში.

წყალტუბოს, ჩოხატაურის, ზუგდიდის (ხურჩა) და ვანის მუნიციპალიტეტებში პროექტის ასისტენტი ადგილებზე შეხვდა ჯგუფების წევრებს, ბაღდათის ჯგუფთან კი შეხვედრა ონლაინ გამართა.

წყალტუბოში ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული ქეისი განიხილეს, ჩოხატაურში სოფელში მცხოვრებ ქალთა პრობლემებზე ილაპარაკეს. ბაღდათის ჯგუფში ძალადობის მსხვერპლთა ქმედით დახმარებას დაუთმეს დრო, ხურჩაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის მეტ ჩართულობაზე გაკეთდა აქცენტი. ვანის ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ფსიქოლოგი ჩაერთო.

დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში - სენაკი, წალენჯიხა, სამტრედია, თერჯოლა და ქობულეთი - ჯგუფების ლიდერებმა ჩაატარეს შეხვედრები. ყველგან გამოიკვეთა პრობლემები (ალიმენტის გადახდის, ბინის თუ ქონებრივი დავის) და მიმდინარეობს ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. ჯგუფის წევრებს უნდათ, რომ მათი მუშაობა და მიღწეული შედეგები მაგალითი იყოს სხვა ქალებისთვის.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა გამართა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით (ორგანიზატორი - მუნიციპალური გენდერული საბჭო).

შეკრებილებმა ისაუბრეს ძალადობის პრევენციასა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვაზე, იმსჯელეს ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციასა და სოციალურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

ძირითადი აქცენტი გაკეთდა ადგილობრივ სტრუქტურებს შორის პარტნიორობაზე ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებისთვის.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები