აქტიურად მუშაობდა ივნისში ფონდი „სოხუმის“ საკონსულტაციო სამსახური. ადამიანები მიმართავდნენ ფსიქოლოგსაც და იურისტსაც.

ონლაინ შეხვედრები გაიმართა ცალკეულ  ბენეფიციარებთან და ასევე - ჯგუფური შეხვედრები  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

ფსიქოლოგი შეხვდა ორ ოჯახურ წყვილს და ოთხი კრიზისული ოჯახის წევრებს. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია უგრძელდებათ მოზარდებს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს.      

იურისტმა 4 ონლაინ კონსულტაცია ჩაატარა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში კი სამ ჯგუფს შეხვდა.

ეს ციფრებია, ციფრებს მიღმა კი კმაყოფილი ადამიანები არიან, რომლებიც აგვარებენ, ან უკვე მოაგვარეს თავიანთი პრობლემები.

ფონდი „სოხუმი“ 10 პარტნიორი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით ქალების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით საჭირო სერვისების კვლევას აწარმოებს. ფოკუსი კეთდება მათ ყველაზე მოწყვლად  კატეგორიაზე: ძალადობის მსხვერპლი და რისკ-ჯგუფის ქალები, მარტოხელა და მრავალშვილიანი, მცირეწლოვანი ბავშვების დედები.

რომელი სერვისებია აუცილებელი იმისთვის, რომ ქალებმა შეუფერხებლად შეძლონ ეკონომიკური საქმიანობა, რა არის საჭირო მათი ხელშეწყობისთვის - ამ საკითხებზე ქალებთან ფოკუს-ჯგუფების დისკუსიები ჩატარდა. გამოიკვეთა ყველა ის გამოწვევა, რაც მათ ხელს უშლით ეკონომიკურად აქტიური საქმიანობის წარმართვაში. პირველ რიგში - ეს ბავშვთა მოვლის სერვისებია, რომლებიც ქალებს ვერ უქმნის სათანადო პირობებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდისთვის.

 

შერეული ტიპის შეხვედრები ჩატარდა ივნისში ახალგაზრდულ ჯგუფებთან. 5 ტრენინგი თვის პირველ ნახევარში გაიმართა, დანარჩენი ხუთი კი - მეორე ნახევარში.

სამტრედიაში ჩატარდა ცოცხალი შეხვედრა - მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, როლურ თამაშში. ასეთი აქტიურობის შესაძლებლობა არ იყო, მაჰგრამ მაინც საინტერესოდ გაიმართა ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რომლებიც ჩამოყალიბდა სენაკის, ვანის, თერჯოლის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

ახალგაზრდული აუდიტორიისთვის აქტუალური იყო ტრენინგის თემები: კონფლიქტის მართვა, ოჯახური ძალადობის მიზეზები და დაცვის მექანიზმები, ბულინგის სახეები და ფორმები.

ჯგუფებში გამოიკვეთა კარგი ტენდენცია: მონაწილეები საუბრობდნენ საკუთარი მაგალითებით, აანალიზებდნენ სიტუაციებს და აკეთებდნენ სწორ დასკვნებს.

როგორ ვაქციოთ იდეები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი ქუთაისში. მასში მონაწილეობა მიიღეს სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის ქუთაისის, წყალტუბოს და ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

თეორიული მასალების გაცნობის შემდეგ ჯგუფებმა პროექტების შექმნაზე იმუშავეს. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციები და უნარები დაეხმარება ახალგაზრდულ ჯგუფებს, რომ დაწერონ პროექტის სამუშაო ვერსიები და დროულად წარუდგინონ საკონკურსო კომისიას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში. შეხვედრაზე მონაწილეობდა ხონში, ვანში, თერჯოლაში, ბაღდათში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ცაგერსა და ამბროლაურში რეგისტრირებული 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. მუნიციპალიტეტების მიხედვით გაანალიზდა ადგილობრივი საჭიროების მეორე კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგები, მოხდა შედარება წინა კვლევასთან, თუ რა დინამიკა ფიქსირდება ამ ეტაპზე, რა შედეგებია და რა გამოწვევები რჩება.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში  გაიზარდა ინფორმირების დონე საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ და, შესაბამისად - ელექტრონული სერვისების გამოყენების სტატისტიკაც. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვით 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი“. ტრენერი შეეხო აქტუალურ თემებს: საჯარო პოლიტიკის ციკლი და ძირითადი ელემენტები, საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და მისი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს, თუ რა სტრატეგიებს იყენებენ ადვოკატირებისა და ლობირებისთვის. ხაზგასმულ იქნა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესების ადვოკატირების მნიშვნელობა ეროვნულ დონეზე, რაზეც ტრენერმა კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა. აღინიშნა, რომ ტრენინგი სასარგებლო იყო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის კუთხით.

ფონდი „სოხუმი“ აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან Kvinna till Kvinna  იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებების ადვოკატირებისათვის.

პროექტის კოორდინატორი რეგინა ეგოროვა მიესალმება ფონდის ადვოკატირების ინიციატივებს, რომელიც „ქვევიდან ზევით“ პრინციპით იდენტიფიცირებულია თავად ქალთა თემის აქტიური ჯგუფების მიერ, კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად მგრძნობიარე სისტემის (GREWS) გამოყენებით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციით თვალსაჩინოს ხდის არა მხოლოდ არსებულ საჭიროებებს, არამედ ქალთა ჯგუფების წარმოდგენებს მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო ცვლილებებზე.

სასიხარულო იყო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლის ინიციატივა  - თავადაც  ჩაერთოს საერთაშორისო დონეზე ადვოკატირებაში.

გუბში რცხილნარის დარგვა უნდათ. დედალაურში - ცენტრალური გზის მოასფალტება. ძეძილეთის და გოჩა-ჯიხაიშის მოსახლეობას ტრანსპორტის პრობლემა აქვთ.

ეს ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების პრობლემებია. მოგვარების გზაც მოიძებნა...

ელექტრონული პეტიცია!

ეს თანამედროვე და მოხერხებული მექანიზმია.

პეტიცია (ლათ. „petitio“) არის წერილობითი კოლექტიური თხოვნა ხელისუფლების ორგანოებისადმი, კოლექტიური შუამდგომლობა.

ინტერნეტმა მნიშვნელოვნად გაზარდა და გააადვილა პეტიციაზე ხელმოწერები, გააუმჯობესა მოქალაქეთა დიალოგი სახელმწიფო სტრუქტურებთან. ინტერნეტ რესურსების გააქტიურებას ემსახურება ჩვენი პროექტიც „გუ­რი­ის, იმე­რე­თი­სა და რა­ჭა-­ლე­ჩხუ­მის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ერ­თო ფო­რუ­მი სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მის საგ­ზაო რუ­კის მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით“.

დღის სარეაბილიტაციო ცენტრმა აქტიური მუშაობა განაახლა. მაისის ბოლოს შეიკრიბა ახალი ჯგუფები - ქალთა ერთი ნაწილი შეისწავლის მუშაობას პოლიმერულ თიხაზე, მეორე ნაწილი კი გაივლის საბუღალტრო აღრიცხვის კურსებს.

დღის ცენტრის გამოცდილებამ აჩვენა მისი ეფექტიანობა, შრომითი თერაპიის მნიშვნელობა ძალადობისგან დაზარალებული ქალებისთვის. ეს ზრდის დასაქმების პერსპექტივას. ახალი პროფესიის დაუფლებასთან ერთად ბენეფიციარებს აქვთ ფსიქოლოგისა და იურისტის  კონსულტაციის მიღების და რეაბილიტაციის შესაძლებლობა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები