შეხვედრები (650)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

   
თბილისში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვას მიეძღვნა (ორგანიზატორები: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „ტასო“).
მასში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილმა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭოებმა.
პირველ დღეს მონაწილეებმა თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისთვის აუცილებელ ინსტიტუციურ მექანიზმებზე იმსჯელეს და „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვისთვის ჩატარებული მუშაობის შედეგები შეაჯამეს.
კონფერენციის მეორე დღე გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების განხილვას დაეთმო. ქუთისის, სენაკის, ოზურგეთის და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, რომელიც ეხებოდა გენდერული ბიუჯეტირების პრინციპების დანერგვას, ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმებს.
ითქვა, რომ არსებული გენდერული საბჭოების პრაქტიკა საუკეთესო დასაბუთებაა მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების დროულად მისაღებად.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
 
ქალაქ ქუთაისის მერიის დარბაზში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, შეიკრიბნენ საკრებულოს დეპუტატები, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები, ჟურნალისტები - ადამიანები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ოჯახში ძალადობასთან.
აქტიური დისკუსია გაიმართა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
შეხვედრა მიყავდათ ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლებს. დაფიქსირდა მონაწილეთა გამოცდილება, მათი გულშემატკივრული დამოკიდებულება, კონკრეტული მაგალითები და საერთო აზრი: ადგილობრივი თვითმმართველობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის საქმეში. ეს მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებისათვის.
 
პროექტი ხორციელდება ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მხარდაჭერით 
  
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა მოამზადა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
28 ოქტომბერს ფონდ„სოხუმში“ ჩატარდა სამოქალაქო დებატები, სადაც აქტივისტი ქალბატონები გაეცნენ კანონპროექტებს. მათ აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობა დეტალურად ფლობს ინფორმაციასადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ.
 
პროექტი ხორციელდება ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მხარდაჭერით 
  
ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩატარდა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისის 5 კოლექტიურ ცენტრში 42 ქალბატონის მონაწილეობით (მათი ასაკი  23-დან 65 წლამდე). მათგან 4 პირველად ესწრებოდა მსგავს შეხვედრას. გაიმართა აგრეთვე ინდივიდუალური კონსულტაციები კონფლიქტური სიტუაციების საკითხებზე. შეხვედრების ძირითადი თემა იყო საუბარი ოჯახურ კრიზისებზე და მათი დაძლევის გზებზე.
ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ეს არის გულითადი საუბრების,  ფინჯანი ყავის ერთად დალევის და საჭირბოროტო პრობლემებისგან განტვირთვის შესაძლებლობა. ეს არის იმის შეხსენება, რომ ქალს აქვს უფლება, იფიქროს თავის სულიერ სიმშვიდეზე ოჯახის კეთილდღეობისათვის.
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
BrotfürdieWelt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო შეხვდა მუნიციპალიტეტის დეპუტატებს და იმ სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს, სადაც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული პროექტი „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის“.
პედაგოგებმა პროექტი დადებითად შეაფასეს. საუბარი შეეხო მის მნიშვნელობას. იმას, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, მიიღონ არაფორმალური განათლება გენდერისა და ძალადობის საკითხებში და გააქტიურდნენ.
სკოლების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანიის შესახებ, მათ  კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.
ამავე დღეს გაიმართა შეხვედრა იმ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს 2016 წლის ბიუჯეტში საბჭოს მიერ შემუშავებული გენდერული საკითხების ინტეგრირებაზე. აღინიშნა, რომ წინა წელთან შედარებით ამ კუთხით მეტი მზაობაა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
 
    
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
   
დასრულდა ფონდი „სოხუმის“ პროექტი  ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ (Nesehnuti) მხარდაჭერით.
აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა შემაჯამებელი მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ  ააიპ „ქალაქ ქუთისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ წარმომადგენლები, ბაღების ხელმძღვანელები, აღმზრდელები, საკრებულოს დეპუტატები, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ამომრჩეველ  ქალთა კლუბის წევრები.
შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტით შესრულებული აქტივობების შესახებ: ბაღებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები, შეხვედრები პარლამენტის დეპუტატთან - გუბაზ სანიკიძესთან და ქალაქის მერთან - შოთა მურღულიასთან, რადიო და ტელესიუჟეტები. მათ გაიგეს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  მიერ შემუშავებული გენდერული პოლიტიკის შესახებ. გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები  ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით. 
შეკრებილების თქმით, ყოველი რეკომენდაცია, რომელსაც გაითვალისწინებენ  მომავალი წლის ბიუჯეტში, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 
  
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა  ჩაატარეს 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრებზე განხილული იყო სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პრობლემები.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან - ძირითადად, სოციალურ სამსახურში და ასევე გამგეობასა და მერიაში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდა. გენდერული პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე, ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალური საკითხები -  ამ თემებზე საუბარი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. 
- ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ უკეთესად, ხელი შევუწყოთ ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც იქნება თანასწორობა, არჩევანის უფლება, სადაც არ იქნება ქალზე ძალადობა, - ითქვა შეხვედრაზე.
ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს გენდერული პოლიტიკის დანერგვას ადგილობრივ დონეზე.  მისი თქმით, აუცილებელია ერთობლივი პროექტები, ერთობლივი ღონისძიებები, საგანმანათლებლო მუშაობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია გენდერულ თანასწორობაზე. შეხვედრაზე გამოიკვეთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.  
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 
  
კონკრეტული მაგალითი დაისვა სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე - ახალგაზრდა ქვრივ ქალბატონს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, გაურკვეველი მიზეზებით მოუხსნეს სოციალური  დახმარება...
ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან -სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ირმა მურღულია და უფროსი სპეციალისტი ნონა ჟვანია - ერთად.
კლუბის წევრებს ბევრი რამ აინტერესებდათ და შეხვედრაზე მიიღეს საინტერესო და საჭირო ინფორმაცია.
რაც შეეხება ახალგაზრდა ქალბატონს, მისი საქმე უახლოეს დღეებში გადაიხედება და მოგვარდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
 
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული გენდერული პოლიტიკის გეგმა ქუთაისის მერიას გაეგზავნა განსახილველად. წერილზე მალევე მოხდა რეაგირება. საბჭოს წევრები შეხვდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიას და მის მოადგილეს ფიქრია ხაჭაპურიძეს. შეხვედრაზე თითოეული რეკომენდაცია სათითაოდ იქნა განხილული. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადეს წარმოდგენილ დოკუმენტს. მათი თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა სამსახურთან, რათა მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული კომპონენტები უფრო მეტად იყოს ასახული.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სწორედ ამ შეხვედრის ანალიზით დაიწყო. სხდომას ესწრებოდა ფიქრია ხაჭაპურიძე, რომელიც საბჭოს წევრი გახდა და გენდერული მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად შეითავსებს.
საბჭოს წევრების აზრით, დაწყებული მუშაობა ეფექტურად უნდა გაგრძელდეს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები