მასმედია (137)

მასმედია – ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებები. ამ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, ამასთანავე ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში მომზადებული ტელეგადაცემების, რადიოსიუჟეტებისა და სტატიების თაობაზე.

რა ხდება ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში? როგორია მაისის მიღწევები? იმ ქალების ისტორიები, რომელთა ცხოვრება შეიცვალა?
ამაზე მოგვითხრობს ელექტრონული ბიულეტენი #5, რომელიც მომზადდა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტის მიხედვით, მაისში გაიმართა 87 აქტივობა, რომლებშიც ჩაერთო 998 ადამიანი.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში გენდერული პოლიტიკის შესახებ და მიმოვიხილეთ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა,“ - ამ სიტყვებით დამთავრდა ტელეგადაცემა რუბრიკით „სტუმარი მაცნეში“.

გადაცემის სტუმრებმა - ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს წევრმა რამაზ სურმანიძემ და საბჭოს წევრმა, N2 საშუალო სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ აღნიშნეს, რომ საბჭოს სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს მჭიდრო კავშირი საზოგადოებასთა და გულისხმიერება საჭირბოროტო პრობლემების  მიმართ.
ითქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ბევრი საკითხის გადაწყვეტის საწინდარია. ამას მოწმობს ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული  არაერთი რეკომენდაცია, ასევე  ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსება, რომელიც  ხელს შეუწყობს  არაძალადობრივი ცნობიერების დამკვიდრებას ფორუმ-თეატრის ინოვაციური მეთოდით.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით
სენაკის „ეგრისის“  ეთერში გავიდა ინფორმაცია სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ შეხვედრაზე, რომელიც  ადგილობრივი  გენდერული საჭიროებების კვლევის მოსამზადებელ სამუშაოებს შეეხო. როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ,  ჩატარებულ ვორკშოპზე დაზუსტდა  სამიზნე ჯგუფები, კვლევის მეთოდოლოგია, შემსრულებლები. მათი აზრით, კვლევის მიზანია სოციალურად ორიენტირებული ადგილობრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი რესურსების უფრო სამართლიანი განაწილება, რასაც კვლევის შედეგად მიღებულმა რეკომენდაციებმა უნდა დაუდოს საფუძველი.
 
ტელეკომპანიის  ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი გენდერული საჭიროება მოხვდა. ეს არის ქალთა დაცვა ოჯახში ძალადობისაგან, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ორგანიზებული ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები ემსახურება. რა სერვისები გააჩნია ქალთა მხარდაჭერის ცენტრს და რამდენად კმაყოფილი არიან ბენეფიციარები - ამ საკითხებზე საუბრობენ მიკროფონთან ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი, იურისტი, შეხვედრის მონაწილეები - ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
რას ფიქრობენ ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გენდერული ნიშნით კვოტირების შესახებ, რომელი საკანონმდებლო რეგულაციები მიაჩნიათ სავალდებულოდ ამ საკითხის გადასაწყვეტად. ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული სიუჟეტი ვრცლად ეხება ამ საკითხს და საერთაშორისო გამოცდილებასაც გვიზიარებს.
როგორც ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, ყველაზე ეფექტური - რიტორიკიდან კონკრეტულ საქმეებზე გადასვლა  იქნება. ამ კუთხით კი საქართველოში საინტერესო პრეცედენტი მოხდა - ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო უწყების  - თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ქალი გახდა. ამ საკითხს დადებითად აფასებენ არა მარტო მისი გუნდის წევრები, არამედ ოპოზიციის, პოლიტოლოგების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ნიშანდობლივია, რომ რესპონდენტებად ამ ჯერზე მხოლოდ მამაკაცები მოგვევლინნენ.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა დაიწყო. კოლეჯ „ჰორიზონტში“ ახალგაზრდებთან ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფზე მოგვითხრობს ტელეკომპანია „გურიას“ ეთერში გასული სიუჟეტი.
რა მიზანს ემსახურება კვლევა; რა მოცულობით იგეგმება საქმიანობის ჩატარება;  როგორია კვლევის არეალი და ვადები; რა მეთოდებით ხდება მონაცემთა მოპოვება;  რამდენად ამომწურავ ინფორმაციას ღებულობს საბჭო სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე, რათა მათ საფუძველზე მოხდეს წინადადებებისა და რეკომენდაციების მიწოდება  მომდევნო წლის ბიუჯეტისათვის. ამ კითხვებს საბჭოს წევრები - ფოკუს-ჯგუფის ორგანიზატორები პასუხობენ.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში ხშირად გადის სიუჟეტები სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ, ინფორმაციები იწერება გაზეთ „კოლხეთშიც“.
სენაკელი ჟურნალისტები, მედიასაშუალებების სიმცირის მიუხედავად, აქტიურად აშუქებენ  გენდერულ საკითხებს.
6  მაისს ჩატარდა მორიგი შეხვედრები ჟურნალისტებთან, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას ამ ეტაპზე და ისაუბრეს თავიანთ მისიაზე გენდერული პოლიტიკის გატარების კუთხით.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
გამოვიდა ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის მეოთხე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
შეჯამდა აპრილის განმავლობაში გაწეული მუშაობა.
როგორც ბიულეტენშია აღნიშნული, აპრილში ჩატარდა 87 აქტივობა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო  1081 ადამიანმა.
ბიულეტენი აღწერს ექვსივე ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობას და კონკრეტულ შედეგებს.
 
 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

33-ე ბაგა-ბაღი პირველი ნოვატორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა ქუთაისში, სადაც მასწავლებლისა და მშობლის კუთხესთან ერთად ბაბუების კუთხეც არსებობს.
„ბაბუს კლუბი“ საერთო იდეებით გაერთიანებულმა ბაბუებმა დააფუძნეს. ამჟამად კლუბში 12 წევრია. მისი დაფუძნების ძირითადი მიზანია სასარგებლო საქმეების კეთება, რაც პატარა შვილიშვილების და 33 ბაგა-ბაღის საკეთილდღეოდ აქვთ ჩაფიქრებული.
იდეა ბევრი აქვთ, თუმცა მათი განხორციელებისთვის აქტიურ ბაბუებს ხშირად  არასაკმარისი ფინანასები აბრკოლებთ.
ამას და კიდევ ბევრ საინტერესოს - „რიონის“ საკვირაო გადაცემაში გასული სიუჟეტიდან შეიტყობთ.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია

„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ტელეკომპანია „გურიას“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ინიცირებული ტელეგადაცემაზე ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე ისაუბრეს.
„მოხარული ვართ, რომ ფონდი „სოხუმის“ მიერ ოზურგეთი არჩეული იქნა სამიზნე ქალაქად. ვთვლით, რომ პროექტი შედგა და მისი არსებობა წინგადადგმული ნაბიჯია ოზურგეთის სინამდვილეში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კაბინეტის კარი არ იკეტება და, ფაქტობრივად, შუამავალი რგოლი ვართ მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის“, - ითქვა გადაცემაზე.
აღინიშნა, რომ საბჭოს წარმატებული საქმიანობა დიდწილად იყო დამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლების კეთილ ნებაზე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მის ნებისმიერ ინიციციატივას მხარს უჭერდა. ეს გამოიხატა, პირველ რიგში, მათი მხრიდან მხარდაჭერილ პროექტში, რომელიც ახალგაზრდული საკრებულოსა და ახალგაზრდული გენდერული საბჭოს შექმნით დაგვირგვინდა.
საბჭოს წევრები შეეხნენ იმ ინიციატივებს, რომლებიც 2015 წლის ბიუჯეტში საბჭოს რეკომენდაციით   იქნა გათვალისწინებული. მათ შორის - სოციალური შემწეობის გაზრდა, წარმატებული სტუდენტების და მათი სკოლების წახალისება. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც უფრო აქტიური გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოჯახში ძალადობის პრობლემას, მისი გადაწყვეტისათვის საჭირო ღონისძიებებს ეხება  ტელერადიოკომპანია „აჭარას“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც  უფლებათდამცველების, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების მოსაზრებებს გვიზიარებს.
როგორც სიუჟეტი გვამცნობს, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო საქმიანობის წელიწადნახევარს ითვლის და ამ ხნის მანძილზე ოჯახში ძალადობის პრობლემას საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა.
რამდენად საგანგაშოა სტატისტიკა, როგორ ცდილობს საბჭო სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით პრობლემის აქტუალობის წარმოჩენას, სათანადო რეაგირებას, მსხვერპლის დაცვას - ამ საკითხზე გვესაუბრებიან საბჭოს წევრები, მერიის და საკრებულოს გენდერული მრჩევლები.
 
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები