მასმედია (137)
მასმედია – ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებები. ამ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, ამასთანავე ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში მომზადებული ტელეგადაცემების, რადიოსიუჟეტებისა და სტატიების თაობაზე.
რა ტიპის საფრთხეები არსებობს საზოგადოებაში, რატომ არიან ქალები მაღალი რისკის ქვეშ, რა სახის პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად - ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი სტუმრებმა ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირი ეთერში.
გადაცემას თან ახლდა სიუჟეტი, რესპონდენტები ხაზგასმით საუბრობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგება.
ტელეგადაცემის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება თითოეული ადამიანის თვითშეგნების ამაღლებით უნდა დაიწყოს და მას ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა უნდა ერთვოდეს. შესაბამისი ეფექტი მხოლოდ კოორდინირებული მუშაობით მიიღება.
ქუთაისელი ჟურნალისტები ყოველთვის საქმის კურსში არიან, რა მუშაობას ეწევა ფონდი „სოხუმი“. 23 მარტს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ფონდის სააქტო დარბაზში მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ.
შეხვედრის თემა იყო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წინადადებები ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით.
ჟურნალისტები აქტუალურად მიიჩნევენ ქალთა მიმართ ძალადობის თემას და წლებია, ბევრს მუშაობენ ამ კუთხით. ისინი დაინტერესდნენ კონკრეტული საკითხებით და მიიღეს სათანადო პასუხები, რაც შემდგომში მათ მასალებში აისახება.
21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, სენაკელი ჟურნალისტები გაზეთ „კოლხეთის“ რედაქციაში შეიკრიბნენ. საუბარი შეეხო მედიის აქტიურობას ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ირაკლი კაჭარავა - სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. მან შეკრებილებს უამბო ახალგაზრდებთან გენდერული თანასწორობისა და ძალადობის კუთხით ჩატარებული მუშაობის შესახებ. ამის შესახებ იყო მასალები ადგილობრივ მედიაში. გაჩნდა სურვილი, გაგრძელდეს თანამშრომლობა, გაჩნდეს სპეციალური რუბრიკები და კიდევ უფრო აქტიურად გაშუქდეს გენდერული თემები.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით; საკითხები, რომლებიც საბჭოს ინიცირებით აისახა ადგილობრივ ბიუჯეტში, თვითმმართველობასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები - ამ საკითხებს შეეხო რეგიონალურ მაუწყებელ „ეგრისში“ გასული ტელეგადაცემა.
გადაცემის დასაწყისში გასულმა სიუჟეტმა თვალსაჩინო გახადა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საბჭოს საქმიანობის შეფასება და ის საკითხები, რომელთა გადასაჭრელად საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
როგორც აღინიშნა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივას და ბიუჯეტში ჩაიდო ერთჯერადი დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის.
თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით, მიღწეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მსგავსი საქმიანობა უნდა გაიშალოს სოფლებშიც და ყველა თემში შეიქმნას გენდერული საბჭო, რომელიც იქნება ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის ავანგარდში.
„ეგრისის“ სტუდიაში გამართულ დიალოგში საბჭოს წევრებმა ისაუბრეს თვითმმართველობასთან თანამშრომლობით განხორციელებულ საქმიანობაზე და გამოკვეთეს საკითხები, საითკენაც უახლოეს მომავალში იქნება მიმართული საბჭოს ძალისხმევა.
ქალთა ადამიანური უსაფრთხოების საკითხები - რა საფრთხეები გამოიკვეთა ქალთა სხვადასხვა ასაკობრივი, სოციალური ჯგუფის მიერ დასავლეთ საქართველოში; სად გრძნობენ ქალები თავს შედარებით დაცულად და რომელ სფეროებში მიიჩნევენ საჭიროდ არსებით რეფორმებს; რა რეკომენდაციები დაიდო კვლევის შედეგად და როგორია კვლევის უკუკავშირი - რადიოკომპანია „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე და ქალთა საკითხების ადვოკატირების სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრეს.
გადაცემაში წარმოდგენილ ინტერვიუებში გაჟღერდა ხონში, წყალტუბოში გაკეთებული შეფასებები, კიდევ ერთხელ დასახელდა რეგიონის ქალთა სპეციფიკური პრობლემები. ითქვა, რომ მათი ადვოკატირება ქალთა აქტიურმა ჯგუფებმა უნდა დაიწყონ.
რადიო „ძველი ქალაქის“ პირდაპირი ეთერით გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა. მასში აისახა ბროშურის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციის მასალები. სიუჟეტში გაჟღერდა ინტერვიუები, რას ფიქრობენ და რა ტიპის საფრთხეებს გრძნობენ ქალები ფოთსა და სოფელ ხურჩაში, რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული რისკების შესამცირებლად. გადაცემას ორი სტუმარი ყავდა - ფონდი „სოხუმის“ პროექტის ასისტენტები, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებზე და მიღწეულ შედეგებზე.
ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოცემული პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციას ასახავდა. ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიუჟეტის ძირითადი ღერძი ისეა აგებული, რომ შეკრებილი აუდიტორიის მოსაზრებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციიდან არის ასახული.
ყველა გამომსვლელი აფიქსირებს, რომ კვლევის შედეგები იძლევა საშუალებას, სხვადასხვა სამსახურმა საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს, ყველა მიმართულებით დაიწყოს მუშაობა, რადგან არის საკითხები, რომელთა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტა უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად შეცვლის.
ტელეჟურნალმა „7 დღე“ თავისი ერთ-ერთი ბლოკი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის მეორე შეხვედრას დაუთმო, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ამჯერად ქუთაისში გაიმართა. ქსელი გაფართოებული ფორმატით შეიკრიბა და მას საკრებულოების და მერიების/გამგეობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სიუჟეტში შეხვედრის ორგანიზატორები და მონაწილეები მოგვითხრობენ ქსელური მუშაობის შედეგებზე. ამ ეტაპზე მოხდა რეკომენდაციების შემუშავება ქალთა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სამოქმედო გეგმისთვის, რომელიც ამ მიმართულებით თვითმმართველობის მონაწილეობის სფეროებს განსაზღვრავს და შეიცავს კონკრეტულ საკითხებს, რაც უნდა გაკეთდეს ძალადობის პრევენციის, დაზარალებულთა დახმარების კუთხით.
რესპონდენტების შეფასებით, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და დროული იყო, რაც საკითხის მოგვარებაში თვითმმართველობის მეტ ჩართვას განაპირობებს.
მოუგვარებელი კონფლიქტები და მათი გავლენა ქალებზე, კონკრეტული ისტორიები და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები - ფონდი „სოხუმის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისათვის ოფიციალურ მოლაპარაკებებში ქალთა ჩართვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ფილმის გმირები კონფლიქტის ზონასა და მოსაზღვრე რეგიონში მცხოვრები ქალბატონები არიან, რომლებიც საკუთარ სატკივარს უზიარებენ მაყურებელს. საკითხის სიმწვავის აღიარებას არ გაურბიან სახელმწიფო ჩინოვნიკებიც და საუბრობენ იმ ღონისძიებების აუცილებლობაზე, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს მდგომარეობას. ამ საკითხების მიმართ კი ქალები უფრო მეტ გულისხმიერებას იჩენენ.